წარმოგიდგენთ ტაქტიკისა და კადრების ანალიზს.
ლუის გუსტავო, დავიდ ალაბა, ჰოლგერ ბადშტუბერი - "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ფინალში სწორედ ამ ფეხბურთელებს მოისაკლისებს (სამივე დისკვალიფიცირებულია).
ბავარიული გრანდისთვის ცუდი ის არის, რომ სამივე მათგანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.
რეკორდმაისტერის ბოლოდროინდელი ვარჯიშებით და ტესტებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჰაინკესი დაცვის ცენტრში, ჟერომ ბოატენგის გვერდით, ბადშტუბერის ნაცვლად უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს ათამაშებს, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე,
ეს იმას ნიშნავს, რომ ფილიპ ლამი მარჯვნივ დარჩება, რაფინია კი - სკამზე.
ბაიერნი შეტევაზე ორიენტირებული ნახევარდაცვით
ბადშტუბერის არყოფნა ბავარიელთა დაცვის ბურჯ ჟერომ ბოატენგს დღევანდელ მატჩში განსაკუთრებულ მისიას აკისრებს: ჟერომი სიმაღლეში 1.92 მეტრია და სტანდარტული მდგომარეობების, თუ უბრალო ჩაწოდებების დროს "ჩელსის" ცენტრფორვარდ დიდიე დროგბას (1.89 მეტრი) სწორედ მან უნდა მიხედოს.
რაკი ტიმოშჩუკი არ არის ნომინალური ცენტრალური მცველი, ბოატენგს ფაქტობრივად ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება.
თუმცა, სხვათა შორის, 1.81 მეტრი სიმაღლის მქონე უკრაინელს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ დაცვის ცენტრშიც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში - 2011 წლის ფინალში, ტიმოშჩუკმა "ინტერთან" სწორედ ამ პოზიციაზე იასპარეზა და მიუხედავად მარცხისა (0:2), "კიკერისგან" საკმაოდ კარგი შეფასება, 2.5 ბალი დაიმსახურა.
კონტენტო ალაბაზე გაცილებით უარესი ფეხბურთელია, თუმცა მასაც დამტკიცებული აქვს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია - მაგალითად, 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლიონთან" (3:0, 1:0).
ლუის გუსტავოს დისკვალიფიკაცია და ტიმოშჩუკის დაცვის ცენტრში გადასროლა "ბაიერნისთვის" იმას ნიშნავს, რომ ჰაინკესმა თავის საყვარელ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ბასტიან შვაინშტაიგერის გვერდით, მეორე საყრდენად ტონი კროოსი უნდა ათამაშოს.
ეს თავის მხრივ იმას გამოიწვევს, რომ შემტევი სამეულის ცენტრში, ყველა ლოგიკის მიხედვით თომას მიულერი უნდა ვიხილოთ (ფლანგებზე, რა თქმა უნდა, რობენი და რიბერი გამწესდებიან). შედეგად, "ბაიერნს" ძალიან შემტევი ნახევარდაცვა გამოუვა, რადგან შვაინშტაიგერი და კროოსი უფრო შეტევებზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლაზე.
თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ვარჯიშზე ჰაინკესმა ძალიან დატვირთა დანიელ პრანიჩი, რის გამოც ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ დიდი შანსია, "დონ იუპმა" შემტევ ნახევარდაცვაზე უარი თქვას და შვაინშტაიგერის გვერდით კროოსი ათამაშოს, რაც მიულერის სკამზე გადასმას და კროოსის გამთამაშებლად გამწესებას გამოიწვევს.
ივანოვიჩის ნაცვლად ბოსინგვა
"ჩელსის" თავკაც რობერტო დი მატეოს უფრო მეტი და სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და დაცვასა და ნახევარდაცვაში ფაქტობრივად ერთნაირად უჭირს.
ლონდონური კლუბის დაცვის მარცხენა ფრთაზე ეშლი კოულის თამაშს წყალი არ გაუვა, აი, მარჯვნივ კი, სადაც ბრანისლავ ივანოვიჩი თამაშობს ხოლმე, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია, ალბათ ჟოზე ბოსინგვას ვიხილავთ. ეს უკანასკნელი ორთაბრძოლებს ვერ იგებს ისე კარგად, როგორც დისკვალიფიცირებული სერბი. ბოსინგვას რიბერისთან უმძიმესი ბრძოლა ელის.
ტერი დისკვალიფიცირებულია, რა შეუძლია დავიდ ლუისს?
"ჩელსის" დაცვის ცენტრში კაპიტანი ჯონ ტერი ჰყავს დისკვალიფიცირებული ("ბარსელონასთან" გააგდეს) და ეს დი მატეოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არა იმიტომ, რომ 31 წლის ტერი ბრწყინვალე ფორმაშია, არამედ უფრო იმის გამო, რომ ჯონს უდიდესი გამოცდილება აქვს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასეთი დონისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, თანაც კაპიტანი, უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნებოდა.
უდიდესი ალბათობით, დი მატეო ტერის ნაცვლად დავიდ ლუისს ათამაშებს, რომელიც ბოლო დროს ტრავმირებული იყო და სათამაშო პრაქტიკა აკლდა.
თანაც, დავიდ ლუისის თამაშის სტილი ტერის სტილისგან მკვეთრად განსხვავდება - ლუისი შეტევების წამოწყებაში კაპიტანს სჯობია კიდეც, მაგრამ დაცვით ფუნქციებს, რაც ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ტერიზე გაცილებით უარესად ასრულებს.
მასსა და ტერის შორის მთავარი მსგავსება კი ის არის, რომ ისევე, როგორც ჯონი, დავიდიც ძალიან კარგად თამაშობს თავით და განსაკუთრებით "ჩელსის" კუთხურების დროსაა სახიფათო: ბრაზილიელი კუთხურის დროს უმეტესად ახლო ძელისკენ შერბის ხოლმე ასე არაერთი გოლი აქვს გატანილი.
ნახევარდაცვის ცენტრში დი მატეოს რაულ მეირელეში ჰყავს დისკვალიფიცირებული, რომელსაც ალბათ მიკაელ ესიენი შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ განელს ტრავმებმა დინამიკა დააკარგვინა, დი მატეო ესიენს გვერდს ალბათ ვერ აუვლის.
ვინ შეცვლის რამირესს? საკითხავი, აი, ეს არის!
სპორტული თვალსაზრისით დი მატეოს უმთავრესი პრობლემა რამირესის დისკვალიფიკაციაა, რადგან ლონდონელები უმეტესად კონტრშეტევებით ცდილობენ ხოლმე ფონს გასვლას და ასეთ სტრატეგიაში უაღრესად მებრძოლი, ტექნიკური და სწრაფი რამირესი უძვირფასესი ფიგურაა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რამირესი "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელია ამ სეზონში.
მის არყოფნაში დი მატეოს ორი ვარიანტი აქვს: 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ხუან მატასთან ერთად, მეორე გარემარბად ან სალომონ კალუ უნდა გაამწესოს, ანაც დანიელ სტარიჯი. ალტერნატივა იქნებოდა ფლორენ მალუდაც, მაგრამ მას ტრავმა აწუხებს.
დასკვნა
ზოგადად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ჩელსი" ისევ დაცვიდან ითამაშებს, ოღონდ არა ისეთი ყრუ დაცვით, როგორც ეს ლონდონელებმა "ბარსელონასთან" გააკეთეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ "ჩელსის" შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს და მეორეც: დი მატეომ იცის, რომ "ბაიერნს" დაცვაში პრობლემები აქვს.
რეკორდმაისტერის უკანა ხაზი ისედაც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ახლა კი ბადშტუბერიც აკლიათ.
ზოგადად "ჩელსი" აქცენტს ფიზიკურ სიძლიერეზე, ზომიერად აგრესიულ ორთაბრძოლებზე და დროგბასკენ გრძელ და მაღალ პასებზე გააკეთებს.
ბაიერნი-ჩელსი 22:45
დისკვალიფიკაცია: ბადშტუბერი, ალაბა, ლუის გუსტავო - ივანოვიჩი, ტერი, რამირესი, რაულ მეირელეში
ტრავმა: ბრენო, ვან ბუიტენი (ორივე ბაიერნი)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბოატენგი, კონტენტო - შვაინშტაიგერი, კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბოსინგვა, კეჰილი, დავიდ ლუისი, ე. კოული - მიკელი, ესიენი - კალუ, ლემპარდი, მატა - დროგბა.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)
ფორმა (ბოლო ხუთი თამაში)
ბაიერნი (წ-მ-მ-წ-მ)
გერმანიის თასი: ბორუსია (დ)-ბაიერნი 5:2
ბუნდესლიგა: კიოლნი-ბაიერნი 1:4
ბუნდესლიგა: ბაიერნი-შტუტგარტი 2:0
ჩემპიონთა ლიგა: რეალი-ბაიერნი 2:1
ბუნდესლიგა: ვერდერი-ბაიერნი 1:2
ჩელსი (მ-წ-მ-მ-ფ)
პრემიერლიგა: ჩელსი-ბლექბერნი 2:1
პრემიერლიგა: ლივერპული-ჩელსი 4:1
ასოციაციის თასი: ჩელსი-ლივერპული 2:1
პრემიერლიგა: ჩელსი-ქუინზ პარკი 6:1
ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონა-ჩელსი 2:2
ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგა 2004/2005, მეოთხედფინალი
ბაიერნი-ჩელსი 3:2
გოლები: 0:1 ლემპარდი (30), 1:1 პისარო (65), 1:2 დროგბა (80), 2:2 გერერო (90), 3:2 შოლი (95)
ჩემპიონთა ლიგა 2004/2005, მეოთხედფინალი
ჩელსი-ბაიერნი 4:2
გოლები: 1:0 ჯო კოული (4), 1:1 შვაინშტაიგერი (52), 2:1 ლემპარდი (60), 3:1 ლემპარდი (70), 4:1 დროგბა (80), 4:2 ბალაკი (90-პენ)
ფაქტები
- "ბაიერნმა" ფინალამდე ზედიზედ შვიდი საშინაო მატჩი მოიგო, მათ შორის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალთან". თავდაჯერების მხრივ პრობლემები არც ლონდონელებს აქვთ, რადგან ნახევარფინალიდან თვით "ბარსელონა" დაიფრინეს.
- "ბაიერნი" ჯგუფში "მანჩესტერ სიტისთან" ერთად იყო, რომელიც საკუთარ მოედანზე დაამარცხა. ამ შეხვედრის ჩათვლით, რეკორდმაისტერს ინგლისურ კლუბებთან საკუთარ მოედანზე გამართულ მატჩებში ასეთი ბალანსი აქვს: 10 მოგება, 5 ფრე, 1 მარცხი. ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელმაც მიუნხენში მოგება შეძლო, "ნორვიჩ სიტია", რომელმაც 1993 წელს, უეფას თასის მეორე ეტაპზე "ბაიერნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა.
- "ბაიერნი" და "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. 2004/2005 წლების სეზონში, ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ. ორი მატჩის ჯამში "ჩელსიმ" 6:5 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მაშინ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახლდათ.
- "ბაიერნის" თავდამსხმელ მარიო გომესს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის ბომბარდირთა რეიტინგში მეორე ადგილზე - გომესი ლიონელ მესის ორი გოლით ჩამორჩება.
იხილეთ თემასთან დაკავშირებით:
ქართველი სპეციალისტების პროგნოზები ჩემპიონთა ლიგის ფინალზე
ფრენკ ლემპარდი დიდი გამარჯვების მოლოდინში
არიენ რობენი: მხოლოდ 41 გრადუსი სიცხე შემაჩერებს!
მიხაელ ბალაკი: "ალიანს არენის" გამო მიუნხენის "ბაიერნი" მატჩის ფავორიტია
მარკო მარინი: ლონდონის "ჩელსი" გაიმარჯვებს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"