რობერტო დი მატეო: როგორც ყველა დიდ კლუბს, ჩვენც მოგვიწევს წნეხის ქვეშ ყოფნა

AutoSharing Option
20 ნოემბერს ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში დამარცხების (0:3) შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელები სერიოზული პრესინგის ქვეშ აღმოჩნდებიან, - დარწმუნებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო.

ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში "ბებერმა ქალბატონმა" ლონდონელებს შანსი არ დაუტოვა, რასაც "ჩელსის" იტალიელი თავკაცი აშკარად არ ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი შეძლებდა მეტოქესთან გამკლავებას.

"ვფიქრობდი, რომ "იუვენტუსის" დამარცხება შეგვეძლო. პირველი კარგი მომენტი აზარმა შექმნა და მეგონა, კარგად დაიჭერდა ბურთს და მეტოქის კარს საფრთხის ქვეშ ამყოფებდა.

საერთოდ, ტურინელებისთვის უსიამოვნებების შექმნა სხვადასხვა მეთოდით
მინდოდა. მეტოქისთვის თავგზა უნდა აგვებნია და სწორედ ამას აკეთებდა აზარი, რომლის გარშემო "იუვენტუსის" სამი მცველი ტრიალებდა.

როდესაც უარყოფითი შედეგი დგება, ბუნებრივია, მწვრთნელის ყველა ჩანაფიქრის მართებულობა საეჭვო ხდება.

ახლა სასწრაფოდ გონს უნდა მოვეგოთ", - თქვა დი მატეომ.

ახლა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არცთუ სახარბიელო სიტუაციაში არიან - პლეი-ოფში გასასვლელად არამხოლოდ ბოლო ტურში "ნორდსიელანდის" დამარცხება მართებთ, "შახტარის" იმედზეც უნდა იყვნენ, რომელმაც შინ "იუვენტუსს" აუცილებლად უნდა აჯობოს. ამ უკანასკნელთ ხელს ფრეც აძლევთ.

"ჩვენ იმედი არ დაგვიკარგავს, რადგან თეორიულად ჯერ კიდევ შეგვიძლია პლეი-ოფში გასვლა, - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი. - ისეთ დიდ კლუბს, როგორიც "ჩელსია", რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ყველა წნეხის ქვეშ აქცევს. ასე იყო პირველი დღიდან და ახლაც მოგვიწევს წნეხის ქვეშ ყოფნა.

მეტოქეს პირველი გოლის შემთხვევაში გაუმართლა, რადგან რიკოშეტი იყო, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ბევრს ვუშვებთ. იმისთვის, რომ თამაშები მოვიგოთ, დაცვის ხაზის გამაგრება გვმართებს. თუკი ამას არ გავაკეთებთ, სერიოზული სირთულეები გველის.

ფეხბურთელებმა უნდა იპოვონ საკუთარი თამაში. ჩვენ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ და კვლავაც ერთად ვართ", - მოჰყავს დი მატეოს სიტყვები უეფას ოფიციალურ საიტს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული