უეფამ ლუის ადრიანო დასაჯა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ადრიანო საკუთარ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში ვერ დაეხმარება, რადგან უეფამ მისი დასჯა გადაწყვიტა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

დანიურ "ნორდსიელანდთან" გატანილი სკანდალური გოლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოძიება წამოიწყო და 25 წლის ფორვარდი ქცევის ნორმების (უეფას სადისციპლინო კოდექსის მე-5 თავი) დარღვევაში დაადანაშაულა.

ბრაზილიელი ტურინის "იუვენტუსს" ვერ დაუპირისპირდება, თუმცა იმ შეხვედრას მისი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს, რადგან დონეცკელები ჯგუფიდან უკვე გასულები არიან.

შეგახსენებთ, რომ "ნორდსიელანდთან" მატჩის 26-ე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 1:0 იყო
დანიელთა სასარგებლოდ, "ფეირ პლეის" პრინციპების გათვალისწინებით, დონეცკელებმა მასპინძლებს ბურთი დაუბრუნეს, მაგრამ ისე, რომ მას არც ერთი დანიელი არ შეხებია, ბურთი ლუის ადრიანომ ჩაიგდო, გაჩერებულ და გაოცებულ მცველს და მეკარეს ჩაურბინა და ცარიელ კარში გოლი გაიტანა.

ამ ფაქტზე არანაკლებ სასირცხვილო იყო ის, რომ დონეცკელებმა თამაშის განახლების შემდეგ დანიელებს გოლი არ გაატანინეს. არადა, ჩანდა, რომ გუნდებმა ამაზე მოილაპარაკეს.

თამაშის დასრულებისთანავე "შახტარის" პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა ადრიანოს საქციელს მიუღებელი უწოდა და პირობა დადო, რომ უეფას ყველანაირ სანქციას პროტესტის გარეშე მიიღებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული