ჩემპიონთა ლიგა ციფრებში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უეფას ოფიციალურმა საიტმა განვლილი 96 თამაში შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნა.

1 - ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის პირველი გამარჯვებულია, რომელიც მომდევნო წელს ჯგუფში ჩარჩა. აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაში მეთერთმეტედ თამაშობდა და ჯგუფური ეტაპი პირველად ვერ დაძლია. მიუხედავად ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილისა, "ჩელსი" 16 გოლით ჯგუფური ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა.

10 - "ჩელსიმ" და "კლუჟმა" 10-10 ქულა დააგროვეს, მაგრამ 1/8-ფინალში მაინც ვერ გავიდნენ. წლევანდელ სეზონამდე ასეთი გუნდი სულ რამდენიმე იყო: კიევის
"დინამო" (1999/2000 სეზონის მეორე ჯგუფური ეტაპი და 2004/05), დორტმუნდის "ბორუსია" (2002/03), "პსვ ეინდჰოვენი" (2003/04), "ოლიმპიაკოსი" (2004/05), "ვერდერი" (2006/07), "მანჩესტერ სიტი" (2011/12) - ყველა ამ გუნდმა ჯგუფში ასპარეზობა 10 ქულით დაასრულა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

1 - "მანჩესტერ სიტი" გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ჯგუფში ერთი მატჩიც ვერ მოიგო. "ქალაქელები" საბოლოოდ ბოლო ადგილზე გავიდნენ და გახდნენ მესამე პრემიერლიგური გუნდი "ბლექბერნის" (1995/96) და "მანჩესტერ იუნაიტედის" (2005/06) შემდეგ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ბოლო პოზიციაზე დაასრულა.

100 და 150 - მეხუთე ტურში, ჟოზე მოურინიო გახდა მხოლოდ მეოთხე მწვრთნელი, რომელმაც საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მეასედ უხელმძღვანელა. ორი კვირის შემდეგ, სხვა სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთმა, არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგაში 150-ე მატჩი "ჩაატარა". ასეულის წევრი ორი სხვა მწვრთნელი კარლო ანჩელოტი (113 თამაში) და, რა თქმა უნდა, სერ ალექს ფერგიუსონი (188 თამაში) არიან.

6 - ბურაკ ილმაზმა ჯგუფურ ეტაპზე 6 გოლი გაიტანა და ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი თურქი ფეხბურთელი გახდა. საინტერესოა, რომ ამ სეზონამდე ბურაკს ლიგაში 16 მატჩი ჰქონდა ჩატარებული (საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით), მაგრამ თავისი პირველი გოლი მხოლოდ წლევანდელ გათამაშებაში გაიტანა.

17 - მადრიდის "რეალმა" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის ეტაპზე სულ მეჩვიდმეტედ, ზედიზედ კი მეთექვსმეტედ გავიდა.

14 - "ბარსელონამ" ჯგუფში პირველი ადგილი მეთოთხმეტედ დაიკავა. ამ მხრივ, მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც კატალონიურ კლუბს ერთით ჩამორჩება. "ბარსამ" ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ზედიზედ მეექვსე სეზონში შეძლო.

9 - პირველ სამ ტურში ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ ტურინის "იუვენტუსს" ევროთასებზე ზედიზედ 9 ფრე დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი აღმოჩნდა. ტურინელებმა მოუგებელი სერია "ნორდსიელანდთან" შეწყვიტეს, რასაც "ჩელსის" და "შახტარის" დამარცხება მოაყოლეს. დონეცკში მოპოვებული გამარჯვებით, "ბებერმა ქალბატონმა" სტუმრად 5-მატჩიანი მშვიდობიანი სერია შეწყვიტა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა.

567 - 2011/12 წლების სეზონში ექვსივე თამაშის წაგების შემდეგ ზაგრების "დინამომ" წლევანდელ გათამაშებაში პირველი ხუთი შეხვედრაც დათმო და ბოლო ტურში კიევის "დინამოელი" ანდრეი იარმოლენკოს გოლის შემდეგ, ზედიზედ მეთორმეტე მარცხის საშიშროების წინაშე დადგა, რითაც "ანდერლეხტის" ყველა დროის ანტირეკორდს გაიმეორებდა. გარდა ამისა, ხორვატებს მიმდინარე გათამაშებაში გოლი არ ჰქონდათ გატანილი და "დეპორტივოს" (2004/05) და ჰაიფას "მაქაბის" (2009/10) "მიღწევის" გამეორების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე, ცვლილებაზე გამოსულმა ივან კრსტანოვიჩმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად თვითონვე აქცია და ზაგრებელთა 567-წუთიანი (დამატებული დროის ჩათვლით) უგოლო სერია დაასრულა.

560 - "მალაგამ" საბოლოოდ ხუთი გოლი კი გაუშვა, მაგრამ ანდალუსიელებმა საკუთარ კარში პირველი ბურთი მეოთხე ტურის შეხვედრაში მიიღეს - ალეშანდრე პატომ ესპანელთა 560-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა. "სან სიროზე" გამართულ მატჩამდე (1:1), "მალაგას" წინა ცხრა საევროთასო მატჩიდან, რვაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

7 - H ჯგუფის 12 შეხვედრაში 7-ჯერ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, ხოლო მასპინძლებმა მხოლოდ 4 მატჩი მოიგეს.

126 - მეოთხე ტურის შეხვედრა იკერ კასილიასისთვის 126-ე იყო ჩემპიონთა ლიგაში და ამ მაჩვენებლით ის რაულის (142 თამაში) და რაიან გიგზის (132 თამაში) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ახლა ესპანელი გოლკიპერის ანგარიშზე 127 მატჩია.

56 - მესის ჩემპიონთა ლიგაში 56 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის სიაში, რუუდ ვან ნისტელროისთან ერთად, მეორე ადგილს იყოფს. პირველზე კი 71 გოლით რაულია.

4 - ზაგრების "დინამოსთან" (4:0) მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4 საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2010/11 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც კარლუშ მარტინშმა "ბენფიკას" "ლიონთან" მოაგებინა (4:3). იბრაჰიმოვიჩს სულ 5 საგოლე პასი აქვს და ამ კატეგორიის ლიდერია.

6 - კიევის "დინამოსთან" პირველი ტურის შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ ზლატანი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი 6 კლუბის მაისურით გაიტანა ("აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ბარსელონა" და პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული