"რეალი" დე ხეას შეასკდა! [VIDEO]

AutoSharing Option
თამაშმა, რომელსაც, ჟოზე მოურინიოს თქმისა არ იყოს, მართლაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა, იმედები ასი პროცენტით გაამართლა.

"რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინტენსიური გადარბენა გააჩაღეს, რომელშიც მადრიდული გრანდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა (28 დარტყმა კარის მიმართულებით), მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1-ს დასჯერდა, რაც მანკუნიანელთა კიპერ დავიდ დე ხეას დამსახურებაა და "იუნაიტედისთვის" მისაღებზე უკეთესი შედეგია. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჟოზე მოურინიოს პლეი ოფებში პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება უყვარს და არაერთხელ უთქვამს, რომ საშინაო რაუნდში ფრე კარგ შედეგად მიაჩნია, არც "რეალია" ცუდ მდგომარეობაში.

რეაქციები
ჟოზე მოურინიო
("რეალის" მთავარი მწვრთნელი): "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშების არაერთი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და გავაანალიზეთ. ვფიქრობ, რომ მეტოქის ამაზე უფრო დეტალურად შესწავლა შეუძლებელია და ისიც ვიცოდით, რომ ფერგიუსონის გუნდი სტანდარტულებს ძალიან კარგად იყენებს, მაგრამ როცა მცველი კუთხურის საჰაერო ორთაბრძოლას აგებს, ამას ვერანაირი ანალიზით ან რჩევა-დარიგებით ვერ უშველი. ჩვენ კი დასანანი გოლი სწორედ ასე მივიღეთ. საერთო ჯამში, ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ბევრი და კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მთავარი შედეგია, ჩვენ კი თამაში ვერ მოვიგეთ. მიუხედავად ამისა, ამ წყვილში შანსებს მაინც 50/50-ზე ვაფასებ."

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ. თუმცა ამის გამოსწორება "ოლდ ტრაფორდზე" შეიძლება. "რეალს", რა თქმა უნდა, შეუძლია მანჩესტერში მოგება."

სერ ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი): "შანსები ორივე გუნდს ჰქონდა და მოგებაც ორივეს შეეძლო, მაგრამ ორივე მეკარე კარგად თამაშობდა. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში "რეალს" ბევრის უფლება მივეცით, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვსწორდით. ეს, პირველ რიგში, უელბეკის დამსახურებაა, რომელმაც ბევრი იშრომა. მადრიდში ფრე კარგი შედეგია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება."

შემადგენლობები
ჩაბი ალონსომ გამოჯანმრთელება მოასწრო და ნახევარდაცვის ცენტრში სამი ხედირას შეუწყვილდა. ბევრისთვის მოულოდნელად, ჟოზე მოურინიომ ძირითადში არა პეპე, არამედ ვარანი გაამწესა, თუმცა თავისი საყვარელი მცველი მეორე ტაიმში მოედანზე მაინც გამოიყვანა. მადრიდელთა კარს კი ლოპესი იცავდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მესამე მატჩი ჩაატარა.

ფერგიუსონმა აქცენტი შემტევ ფეხბურთზე გააკეთა და ძირითად შემადგენლობაში კაგავას, უელბეკის, რუნისა და ვან პერსის სახით ოთხი მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი გაამწესა. ფერგის ტრავმების გამო იანგი და სქოულზი დააკლდნენ. სამაგიეროდ, სასტარტოში ვიხილეთ ევანსი და ჯონსი.

გოლები
0:1 უელბეკი (20): რუნიმ კუთხური ჩააწოდა, ლოპესმა კარი უაზროდ დატოვა, რამოსმა უელბეკს ხელი ვერ შეუშალა და ამ უკანასკნელმა მადრიდელთა კარში ბურთი თავით გადაგზავნა.

1:1 რონალდო (30): მარცხენა ფრთიდან დი მარიას მოხდენილ ჩაწოდებას კრიშტიანო რონალდო გამოეხმაურა: პორტუგალიელი მოხდენილად ახტა და ბურთი დე ხეას კარის მარჯვენა კუთხეში დაახლოებით რვა მეტრიდან, თავური დარტყმით გადაგზავნა. ევრა არც ამხტარა, პორტუგალიელს კი მშვენიერი გოლი (რიგით მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში) გამოუვიდა.

გმირი
დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)

მანკუნიანელთა ესპანელი მეკარე პირველ ტაიმში, ჩაწოდებების დროს კარიდან გამოსვლისას ორჯერ შეცდა და თითქოს თავდაჯერება აკლდა, მაგრამ ხაზზე შესანიშნავად თამაშობდა. დე ხეამ, უმეტესად, ბრწყინვალე რეფლექსებით ათი დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით ეფექტური კი ის სეივი გამოუვიდა, რომლითაც კოენტრაოს არ გაატანინა.

მატჩის წინ ვწერდით, რომ ესპანელს ფერგიუსონისთვის თავისი შესაძლებლობები ბოლომდე არ ჰქონდა დამტკიცებული და წესით, სერ ალექსი ამ მატჩის მერე მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ მისი სახით ბრწყინვალე მეკარე ჰყავს.

ანტიგმირი
რაფაელ და სილვა (მანჩესტერ იუნაიტედი)

"იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა კარიერის ერთ-ერთი უსუსტესი თამაში ჩაატარა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მოუწევდა ორთაბრძოლა, რაფაელი თითქმის ყოველთვის წაგებული რჩებოდა. ამასთან, არაერთი არაზუსტი პასი გააკეთა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

მსაჯი
გერმანელმა ფელიქს ბრიხმა ვან პერსის გაფრთხილებისას ოდნავ გადაამეტა. სამაგიეროდ, სწორი იყო მისი გადაწყვეტილება მანჩესტერელთა კარში პენალტის არდანიშვნაზე ჯონსისა და დი მარიას ორთაბრძოლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კუთხური, რომელსაც "რეალის" კარში გოლი მოჰყვა, არ უნდა დანიშნულიყო, რადგან ბურთს უკანასკნელად არა რამოსი, არამედ კაგავა შეეხო.

მწვრთნელები
ბოლო დროს მოურინიო დი მარიას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ "მანჩესტერთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში მაინც ენდო და დი მარიამ ძალიან კარგად ითამაშა. სამაგიეროდ, არ ჩანდა ქარიმ ბენზემა, რომელიც ჟოზემ მე-60 წუთზე შეცვალა, მაგრამ გონსალო იგუაინმაც ვერაფერი გააწყო.

ფერგიუსონმა სასტარტოში ოთხი შემტევის დაყენება გარისკა. მათ შორის იყო შინჯი კაგავაც, მაგრამ იაპონელს ეტყობოდა, რომ იძულებითი პაუზის შემდეგ საუკეთესო სპორტულ ფორმაში არაა. შესაბამისი იყო ფერგის რეაქციაც, რომელმაც ერთი საათის შემდეგ კაგავას ნაცვლად მოედანზე უბერებელი გიგზი გამოიყვანა.

რაც თვალში მოგვხვდა
- მადრიდელებმა თავიდანვე მედგრად შეუტიეს, მოედნის ცენტრს მოკლე პასებით სწრაფად კვეთდნენ და პირველ შვიდ წუთში დე ხეას კარისკენ ხუთჯერ დაარტყეს.

- "იუნაიტედის" რგოლებს შორის თავიდან დიდი სივრცეები იყო, რაფაელს კი თავდაჯერება აკლდა.

- მადრიდელები პრესინგს მიმართავდნენ და მანჩესტერელებს ვან პერსისკენ მაღალი ბურთების გადაგზავნას აიძულებდნენ, თუმცა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ვარანსა და სერხიო რამოსს რამდენიმე ორთაბრძოლა მოუგო.

- "რეალმა" პირველ ტაიმში თამაში მაღალ ტემპში წარმართა და მიზანმიმართულად უტევდა, მანჩესტერელები კი შეტევიდან დაცვაზე გადართვას აგვიანებდნენ და მადრიდელებმა დე ხეას კარისკენ პირველ ტაიმში 16-ჯერ ამიტომაც დაარტყეს.

- რაკი მანჩესტერელთა შემტევი კვარტეტიდან უკანახაზელებს მხოლოდ რუნი ეხმარებოდა, საყრდენები, ჯონსი და კერიკი მოედნის ცენტრში უმეტესად რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ და "რეალის" სწრაფ იერიშებთან გამკლავება უჭირდათ.

- რონალდომ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა. ვერ ვიტყვით, რომ პორტუგალიელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ საერთო ჯამში, დე ხეას კარისკენ 11-ჯერ დაარტყა, გოლიც მან გაიტანა და შესაბამისად, მადრიდელთაგან ყველაზე სახიფათო იყო.

- "რეალი" ბოლოს აშკარად დაიღალა. ყოველ შემთხვევაში, მოურინიოს გუნდი ისე ეფექტურად ვეღარ უტევდა. თუმცა "სამეფო გუნდი" მეორე გოლის გატანას ბოლო წუთამდე ცდილობდა. საერთო ჯამში, "რეალმა" მართლა კარგად ითამაშა, მაგრამ მოურინიოს ბიჭებმა მომენტები ვერ გამოიყენეს და ამიტომაც დასჯერდნენ ფრეს.

დასკვნა
"რეალი", ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და საპასუხო მატჩისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის შექმნა შეეძლო. მანჩესტერელები კი, პირველ რიგში, დე ხეას უნდა უმადლოდენ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" რომ არ წააგეს. ფაქტია, რომ საპასუხო შეხვედრა გაცილებით საინტერესო იქნება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი.

რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
გოლები: 0:1 უელბეკი (20), 1:1 კ. რონალდო (30)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო (84. პეპე) - დი მარია (75. მოდრიჩი), იოზილი, კ. რონალდო - ბენზემა (60. იგუაინი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - რ. და სილვა, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - უელბეკი (73. ვალენსია), კერიკი, ფ. ჯონსი, კაგავა (64. გიგზი) - რუნი (84. ანდერსონი) - ვან პერსი.
გაფრთხილება: ვან პერსი, რ. და სილვა, ვალენსია
მაყურებელი: 79 429

VideoSportall.Ge
რეალი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამან ბარსა ხეტაფეს თამაში აღწერა!მარტო რეალს უთამაშია...
irakli
20:07 15-02-2013
0
ავტორ,ძალიან ვრლელი სტატია არის და საინტერესო,თუმცა გამაღიზიანებლად ცალმხრივი.არ არაფერი წერია ველბეკის მომენტზე რომელილ მეკარეს ზურგზე მოხვდა და ამიტომ აცდა კარს,არაფერი წერია ვამ პერსის შტანგაზე,არც იმაზე ალონსომ რო კარის ხაზიდან გამოიტანა,არც იმაზე ბოლო წუთზე ვამ პერსის მკვდარი ბურთი რო აუღო ლოპესმა.გიგზის მომენტზე არაფერს ვამბობ.
დაჩი
17:38 15-02-2013
0

სიახლეები პოპულარული