"ბაიერნი" ჰეთ თრიქისთვის ბრძოლას აგრძელებს - იუვენტუსი-ბაიერნის მატჩის მიმოხილვა

AutoSharing Option
რეაქციები
ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "წაგება არავის უყვარს, მაგრამ ის ღირსეულად უნდა მიიღო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აშკარად შენზე ძლიერ გუნდს ხვდები. მათ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ფინალში ორჯერ ითამაშეს. ამიტომ წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენს შორის დიდი სხვაობა იქნებოდა".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "პირველი 20 წუთის განმავლობაში ბურთს ხშირად ვკარგავდით და შეტევაშიც ნორმალურად არაფერი გამოგვდიოდა. ნელ-ნელა უპირატესობას დავეუფლეთ და მეორე ტაიმში შეხვედრას უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ".

თომას მიულერი (ბაიერნი): "შესაძლოა, დღეს ისე კარგად
ვერ ვითამაშეთ, როგორც ერთი კვირის წინ, მაგრამ როდესაც ტურინში 2:0-ს იგებ, ეს ნიშნავს, რომ არც ისე ცუდად იასპარეზე. ჩვენ საკმაოდ კარგად ვთამაშობთ და კარგი შედეგებიც გვაქვს. ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად არის".

მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი): "ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ამიტომ კონცენტრაციის პრობლემა არ გვქონია. მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვსურდა და ეს მოვახერხეთ, რის შემდეგაც უფრო თავისუფლად ავთამაშდით. ყველაფერს მოვიგებთ თუ არა? რატომაც არა. ვფიქრობ, საკმარისად ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ყველა ტურნირზე ვიმარჯვოთ".

გმირი
მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი)
კარგი მატჩი ჩაატარა ბასტიან შვაინშტაიგერმა, ვინც პრაქტიკულად, ორი საგოლე პასი მიითვალა - პისაროს მან გაატანინა და პირველი გოლის დროსაც საჯარიმოში სწორედ "შვაინიმ" ჩააწოდა.

აქტიური იყო არიენ რობენიც, რომელიც საკუთარ ფლანგზე ბევრს მოძრაობდა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც მარიო მანჯუკიჩი უნდა დავასახელოთ - ხორვატმა 64-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელმაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა, რადგან გასაგები გახდა, რომ დარჩენილ 25 წუთში "იუვე" 4 გოლის გამტანი არ იყო.

ანტიგმირი
მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი)
კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის უარყოფითად გამორჩევა რთულია, რადგან "იუვენტუსიდან" ბევრმა ვერ ითამაშა ჩვეულ დონეზე. მათ შორის იყო მირკო ვუჩინიჩიც - ჩერნოგორიელი ხშირად ცდებოდა, ერთ ეპიზოდში კი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, საჯარიმოში ბურთის უკეთესად გაჩერება მართებდა და მერე ვინ იცის, იქნებ "იუვეს" "ქამბექიც" დაწყებულიყო...

დასკვნა
ანტონიო კონტეს დავესესხებით და ორი მატჩის ჯამში გამოჩნდა, რომ გუნდებს შორის სხვაობა აშკარად არის. "იუვე" ბოლო წლებში მოძლიერდა და ალბათ, კიდევ მოუმატებს, მაგრამ ამ ეტაპზე "ბაიერნი" მასზე ძლიერი გუნდია.

საბოლოო შედეგი, შესაძლოა, ძალთა რეალურ თანაფარდობას არ ასახავს, მაგრამ გერმანული კლუბი რომ უფრო ძლიერია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, ანდრეა პირლოს 21-ე წუთზე დანიშნული სახიფათო ჯარიმა უკეთ რომ შეესრულებინა, არავინ იცის, რა მოხდებოდა.

პირველი ტაიმის 20-25 წუთი ტურინელები მეტოქეს სჯობდნენ, მაგრამ 180-წუთიან დაპირისპირებაში 25, თუნდაც 40 წუთის უკეთ ჩატარება საკმარისი რომ არ არის, ამ მატჩშიც დამტკიცდა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (64), 0:2 პისარო (90).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი (69. ისლა), პოგბა, პირლო, მარკიზიო (79. ჯაკერინი), ასამოა - კვალიარელა (66. მატრი), ვუჩინიჩი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი (35. ჟ. ბოატენგი), დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, რიბერი (80. ლუის გუსტავო) - მანჯუკიჩი (83. პისარო).
გაფრთხილება: ბონუჩი - მანჯუკიჩი.
მაყურებელი: 40 823

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული