ბაიერნი VS ბარსელონა: 2013 წლის ჩემპიონების დუელი

AutoSharing Option
"ალიანს არენაზე" საოცარი სანახაობა გველის. ბევრის აზრით, მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდი, რომელიც რეკორდს რეკორდზე ამყარებს და საკუთარ მეტსახელს ამართლებს, ევროპული ფეხბურთის ბოლო წლების დომინანტს მასპინძლობს.

მოხდება ძალაუფლების ხელიდან ხელში გადაცემა? ამას, ალბათ, ახლა ვერ, მაგრამ პირველ მაისს კი გავიგებთ.

23 აპრილს კი პირველი სერიაა - პირველი სერია იმ ფილმის, რომელიც "ბლოკბასტერად" უნდა იქცეს. 23 აპრილს "ბაიერნი" "ბარსელონას" უმასპინძლებს...

წარსული
ხოსეპ გვარდიოლას ყოფილი და მომავალი კლუბები ჩემპიონთა თასის მეხუთედ მოსაგებად იბრძვიან. "ბაიერნი" ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში, "ბარსელონა" კი ამ ეტაპზე უკვე
ზედიზედ მეექვსედ არის. ორივე გუნდს მეტოქე კლუბის ქვეყნის წარმომადგენლებთან დადებითი ბალანსი აქვს.

"ბაიერნმა" ესპანურ გუნდებთან 43 შეხვედრა გამართა - 20 მოიგო, 12 ფრედ ითამაშა და 11 წააგო. განსაკუთრებით კარგად მიუნხენელები პირინეელებთან შინ თამაშობენ: 14 მოგება, 5 ფრე და 1 წაგება! ეს ერთადერთი მატჩი "რეკორდმაისტერმა" 2002 წელს, "დეპორტივოსთან" (2:3) წააგო.

"ბარსელონას" გერმანულ კლუბებთან 51 შეხვედრა აქვს გამართული. კატალონიელებმა 29 მოიგეს, 11 ფრედ ითამაშეს და 11 წააგეს. "ბარსას" დადებითი ბალანსი აქვს გერმანიაში ჩატარებული მატჩების მხრივაც - 9 მოგება, 8 ფრე და 5 მარცხი. აქვე, აუცილებლად უნდა დავამატოთ ისიც, რომ "ბლაუგრანას" გერმანულ გუნდებთან უკვე 17 თამაშია, არ წაუგია (14 მოგება და 3 ფრე).

ბოლო ბუნდესლიგელი, ვინც კატალონიელებს მოუგო, ლევერკუზენის "ბაიერი" გახლავთ, რომელმაც 2001 წელს შინ 2:1 იმარჯვა. "ბაიერი" იყო ბოლო გერმანული გუნდი, რომელსაც "ბარსელონა" შეხვდა - შარშანდელი სეზონის 1/8-ფინალში კატალონიურმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 10:2 მოიგო.

აი, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში კი აშკარა უპირატესობას მიუნხენელები ფლობენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ორი გრანდი ერთმანეთს პირველად 1996 წელს შეხვდა და მაშინ უეფას თასის 1/2-ფინალში გამარჯვებული "ბაიერნი" გამოვიდა.

ორი წლის შემდეგ გერმანელებმა "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორივე თამაში მოუგეს და მხოლოდ 2009 წელს შეძლო კატალონიურმა გრანდმა "ბაიერნის" პირველად დამარცხება, თუმცა ეს მარცხი მიუნხენში დღემდე მწარედ ახსოვთ - სამუელ ეტოოს და ტიერი ანრის თითო გოლის და ლეო მესის დუბლის წყალობით, "ბარსამ" 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა 4:0 მოიგო.

როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო კონტურები იკვეთება. "ბაიერნი" ისტორიულად კარგად თამაშობს ესპანელებთან, "ბარსელონა" კი წარმატებით გამოდის გერმანელებთან, თუმცა კონკრეტულად "ბაიერნთან" უჭირს, მაგრამ ამავე დროს, ბოლოს მიუნხენურ გრანდს ორი მატჩის ჯამში 5:1 მოუგო...

დანაკლისები
დანაკლისი, რა თქმა უნდა, ორივე გუნდს აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთს ეს არ უნდა დაეტყოს, მეორეს კი პირიქით, სერიოზული პრობლემები უნდა შეექმნას.

"ბაიერნს" დისკვალიფიკაციის გამო მარიო მანჯუკიჩი ვერ დაეხმარება, თუმცა მას მარიო გომესი შეცვლის, ვინც შაბათს "ჰანოვერს" ორი გოლი გაუტანა, რამდენიმე დღით ადრე კი ("ვოლფსბურგთან") ჰეთ თრიქი შეასრულა. სათადარიგოთა სკამზე იქნება კლაუდიო პისარო - პერუელმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში (რომელშიც ითამაშა) 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ტრავმების გამო "ბაიერნს" ტონი კროოსი და ჰოლგერ ბადშტუბერი ვერ დაეხმარებიან.

"ბარსელონას" პრობლემები ერთ კონკრეტულ პოზიციაზე აქვს - დაცვის ცენტრში. კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო ტრავმირებულნი არიან, ადრიანო (რომელიც ამ პოზიციაზე თამაშს დაეჩვია) კი დისკვალიფიცირებული.

გამოჯანმრთელებულმა ერიკ აბიდალმა "ლევანტესთან" საკმაოდ კარგად კი ითამაშა, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ტიტო ვილანოვა ძირითად შემადგენლობაში მის დაყენებას ვერ გარისკავს და დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკეს ახალგაზრდა მარკ ბარტრა შეუწყვილდება.

აწმყო
"ბაიერნი" საოცარ ფორმაშია. "რეკორდმაისტერმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 20 მატჩიდან 19 მოიგო და მხოლოდ ერთხელ წააგო ("არსენალთან", 0:2). გარდა ამისა, იუპ ჰაინკესის გუნდმა 2013 წელს ბუნდესლიგაში 13 მატჩი გამართა და ყველაში იმარჯვა (ბუნდესლიგის რეკორდი). უკანასკნელ ორ მატჩში ("ვოლფსბურგთან" და "ჰანოვერთან") მიუნხენელებმა 12 გოლი გაიტანეს.

"ვოლფსბურგთან" მოგების წყალობით, "ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში გავიდა და ისტორიაში პირველი ჰეთ თრიქის შანსს ინარჩუნებს, "ჰანოვერის" განადგურებით კი გუნდმა ჩემპიონატში 81 ქულა დააგროვა და დორტმუნდის "ბორუსიას" მიერ შარშან დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

"ბარსელონამ" ბოლო ტურში "ლევანტეს" მინიმალური ანგარიშით მოუგო, თანაც, გამარჯვების მომტანი გოლი სესკ ფაბრეგასმა 84-ე წუთზე გაიტანა. ამ შეხვედრაში ტიტო ვილანოვას გუნდს ბურთის ფლობის საოცარი მაჩვენებელი ჰქონდა - 80%.

"ლევანტესთან" არ უთამაშიათ ალბას, ბუსკეტსს, პიკეს და მესის; ჩავი, პედრო და ალექსის სანჩესი კი მხოლოდ ცვლილებაზე გამოვიდნენ. შაბათს კატალონიური გუნდი ბილბაოში, "ატლეტიკთან" თამაშობს და თუ ის მატჩი მოიგო, ხოლო "რეალმა" მადრიდული დერბი ("ატლეტიკოსთან") წააგო, "ბაიერნთან" საპასუხო შეხვედრას "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონის რანგში შეხვდება.

სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა 2012/13

ბაიერნი ბარსელონა
10 თამაში 10
7 მოგება 5
1 ფრე 3
2 წაგება 2
22 გატანილი 18
9 გაშვებული 10
მიულერი - 5 ბომბარდირი მესი - 8
90 კარში დარტყმა 91
77 კარისკენ დარტყმა 66
89 კუთხური 66
20 თამაშგარე 25
137 ჯარიმა 87
24 ყვითელი ბარათი 19
1 წითელი ბარათი 1

მომავალი
სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ზოგიერთს წყვილის ფავორიტად "ბაიერნი" მიაჩნია, ზოგს კი "ბარსელონა". მკითხაობას და წინასწარ ვარაუდის გამოთქმას აზრი არ აქვს, რადგან ერთმანეთს ორი თანაბარი, უმაღლესი კლასის გუნდი დაუპირისპირდება.

თუ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს გერმანიის და ესპანეთის 2012 წლის ჩემპიონები ხვდებიან, ამ წყვილში 2013 წლის ჩემპიონთა დაპირისპირება უნდა ვნახოთ.

"ბაიერნი" წელს მართლაც "რეკორდმაისტერია" - მიუნხენელებმა ბუნდესლიგის რეკორდების წიგნი, პრაქტიკულად, თავიდან გადაწერეს, "ბარსელონა" კი "ბარსელონაა". როგორ არადამაჯერებლადაც უნდა გამოიყურებოდეს, ეს არის გუნდი, რომელმაც ზედიზედ მეექვსედ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ეს არის გუნდი, რომელმაც ბოლო 7 წელიწადში ეს ტურნირი სამჯერ მოიგო.

ჰაინკესი: გვარდიოლას რჩევები არ მჭირდება
კენჭისყრის შემდეგ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ "ბარსელონას" ყოფილი და "ბაიერნის" მომავალი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა იუპ ჰაინკესს რჩევებს მისცემდა.

ვინც ასე ფიქრობს, ის ადამიანის ფსიქოლოგიაში ძალიან ცუდად ერკვევა, რადგან:

1. პეპ გვარდიოლა სულით ხორცამდე კატალონიელია, მას "ბარსელონა" უყვარს და თავისი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამს. გვარდიოლა არ არის ჟოზე მოურინიო, რომელიც "ბარსელონას" მეტოქეების მწვრთნელებს ჩანაწერებს და რჩევებს უგზავნის...

2. იუპ ჰაინკესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. ამ ადამიანს თავმოყვარეობა ისედაც შეელახა მაშინ, როდესაც გაცხადდა, რომ მომავალ სეზონში მის შექმნილ და ჩამოყალიბებულ გუნდს გვარდიოლა გაწვრთნიდა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მეტიც, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ჰაინკესი გვარდიოლას რჩევისთვის დაურეკავდა.

ეს ყველაფერი 67 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზეც დაადასტურა:

"მე გვარდიოლას უდიდეს პატივს ვცემ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მე მისი რჩევა არ მჭირდება, რადგან ესპანურ ფეხბურთს და "ბარსელონას" ძალიან კარგად ვიცნობ. კატალონიელები ბოლო წლებში დომინირებდნენ და მათ აქვთ სათამაშო სტილი, რომელიც უნიკალური და ძალიან სანახაობრივია. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" საოცრად ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, ამ კლუბის მთავარი სიძლიერე სწორედ კოლექტივიზმსა და გუნდურობაშია",
- განაცხადა ჰაინკესმა.

დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა, ვინც თქვა, რომ "ბარსელონა" გვარდიოლას ცხოვრების ნაწილია და მას არ აქვს სურვილი, პეპი მძიმე მორალური დილემის წინაშე დააყენოს და რჩევები სთხოვოს.

მესი ბრუნდება
ალბათ, ამით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ბოლოსთვის მოვიტოვეთ. "ბარსელონას" ლიონელ მესი უბრუნდება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მოხვდება თუ მატჩს სათადარიგო სკამზე დაიწყებს, ჯერ ცნობილი არ არის.

"ლა პულგა" მოედანზე 10 აპრილის შემდეგ არ გასულა. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს "ბარსა" "პარი სენ ჟერმენთან" 0:1-ს აგებდა, როდესაც სანახევროდ გამოჯანმრთელებულმა მესიმ, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, "ბარსელონას" საგოლე შეტევა წამოიწყო და საკუთარი გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

"მესი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ეს ყველამ იცის. ძალიან ცუდი იქნება, თუ ის თამაშს ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანი მატჩები მის გარეშეც მოგვიგია.

დანამდვილებით ვერ ვიტყვით, შეძლებს თუ არა თამაშს - ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს თავს მატჩისწინა ვარჯიშზე და რას გვეტყვიან ექიმები",
- განაცხადა ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ.

მატჩის წინ არგენტინელზე აღმატებულ ხარისხში ისაუბრა ყველამ, ვისაც არ დაეზარა. დანიელ ალვეშით დაწყებული და ფრანკ რიბერით დამთავრებული, 25 წლის არგენტინელი ყველამ აქო და ადიდა.

მატჩზე თავისი მოსაზრება გამოთქვა მარკ ვან ბომელმაც, რომელსაც, მოგეხსენებათ, ორივე კლუბში აქვს ნათამაშები. ჰოლანდიელმა არგენტინელის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ ამ დუელში, ორი ასეთი თანაბარი გუნდის დაპირისპირებაში, გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა მოედნის უპირატესობა იყოს და რადგან საპასუხო მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართება, 35 წლის ნახევარმცველის აზრით, მცირე უპირატესობა "ბარსელონას" აქვს.

ისევ სტატისტიკა
"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალში მეთხუთმეტედ გავიდა. წინა 14 დუელიდან მიუნხენელებმა 9 მოიგეს, 5-ჯერ კი დამარცხდნენ.

"ბარსელონა" ამ ეტაპზე მეთოთხმეტედ არის. კატალონიელები ფინალში 6-ჯერ გავიდნენ, 7-ჯერ კი ტურნირს გამოეთიშნენ. აქვე დავამატოთ, რომ 1992 წელს (როცა "ბარსამ" თასი პირველად მოიგო) 1/2-ფინალი არ ყოფილა, რადგან ფინალში პირდაპირ ჯგუფების გამარჯვებულები გავიდნენ.

ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-ბარსელონა 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, რიბერი - გომესი
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, ვილია, მესი.
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
დისკვალიფიკაცია: მანჯუკიჩი - ადრიანო.
ტრავმა: კროოსი - პუიოლი, მასკერანო.

ურთიერთშეხვედრები:
უეფას თასის 1/2-ფინალი
02/04/1996
ბაიერნი-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 ოსკარ გარსია (15), 1:1 ვიტეჩეკი (52), 2:1 შოლი (57), 2:2 ჰაჯი (77).

16/04/1996
ბარსელონა-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ბაბელი (39), 0:2 ვიტეჩეკი (83), 1:2 დე ლა პენია (88).

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
21/10/1998
ბაიერნი-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 ეფენბერგი (45).

04/11/1998
ბარსელონა-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ჯოვანი (29-პენ), 1:1 ციკლერი (48), 1:2 სალიჰამიჯიჩი (87).

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალი
08/04/2009
ბარსელონა-ბაიერნი 4:0
გოლები: 1:0 მესი (9), 2:0 ეტოო (12), 3:0 მესი (38), 4:0 ანრი (43).

14/04/2009
ბაიერნი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 რიბერი (47), 1:1 ს. კეიტა (73).

სულ 6 თამაში: +3 =2 -1 (8-9)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფილიპ ლამი: იმედია, ლიონელ მესი ვერც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს
ლიონელ მესი "ბარსელონას" ექიმებისგან თამაშის ნებართვას ელის
მკითხველის კომენტარები / 6 /
თამაში რომ მორჩა, ეკრანზე დაიწერა ბაიერნი-ბარსელონა 4-0, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?
neta
00:50 24-04-2013
0
ბაიერნი 1- 2ბარსელონა.
mamulo
17:07 23-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული