თბილისი 2015-ის საგზურისთვის ბერლინსა და ვარშავაში იბრძოლებენ

AutoSharing Option
უეფამ დაასახელა 2014/15 წლების სეზონის ევროთასების ფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები.

2015 წლის მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონი" უმასპინძლებს, 2015 წლის ევროპალიგის ფინალი კი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილებები უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ლონდონის შეკრებაზე მიიღეს.

ბერლინის სტადიონი 1936 წელს გაიხსნა ოლიმპიური თამაშებისთვის. 1963 წლიდან ამ სტადიონზე "ჰერტა" თამაშობს, რომლის ღირსებასაც ლევან კობიაშვილი იცავს. 1974 წლის მუნდიალზე ამ სტადიონმა სამ მატჩს უმასპინძლა. 2006 წელს კიდევ ერთი მუნდიალი ჩატარდა გერმანიაში. "ოლიმპიურმა" სტადიონმა ამჯერად 6 მატჩს უმასპინძლა, მათ შორის, ფინალს იტალიასა და
საფრანგეთს შორის (გავიხსენოთ ცნობილი ინციდენტი ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის). ამ სტადიონზე 1985 წლიდან იმართება გერმანიის თასის ფინალები.

სტადიონს რეკონსტრუქცია 2006 წლის მუნდიალის წინ ჩაუტარეს. სტადიონზე 74 ათასი გულშემატკივარი ეტევა. "ოლიმპიაშტადიონი" დიდი მუსიკალური კონცერტების მასპინძელიცაა.

ვარშავის სტადიონმა უმასპინძლა ევრო 2012-ის გახსნის მატჩს. სტადიონი მდინარე ვისტულას აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. 1983 წელს პაპმა იოანე პავლე II-ემ ამ სტადიონზე მესა ჩაატარა, რომელსაც 100 ათასი ადამიანი დაესწრო. სტადიონი ხელახლა 2012 წლის იანვარში გაიხსნა. მას გასაშლელი სახურავი აქვს. "ეროვნულზე" 57 ათასი ადამიანი ეტევა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ამ ორ სტადიონზე გამარჯვებული გუნდები ევროპის სუპერთასისთვის თბილისში ჩამოვლენ აგვისტოში სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევროპალიგის ფინალს 15 მაისს "ამსტერდამ არენამ" უმასპინძლა, ხოლო 25 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონურ "უემბლიზე" გაიმართება. 2014 წლის ფინალისტი სტადიონები შარშან გაირკვა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში, "ესტადიუ დუ სპორტზე" გაიმართება. ევროპალიგის ფინალს კი ტურინში, "იუვენტუსის" ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

კონგრესი
24 მაისს ლონდონში უეფას XXXVII კონგრესი გაიმართება, რომელზეც ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. გაიმართება აღმასკომის არჩევნები, მიიღებენ რასიზმთან მებრძოლ რეზოლუციას, იმსჯელებენ გიბრალტარის უეფას წევრად მიღებაზე და განიხილავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბერლინი უმასპინძლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული