წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!

AutoSharing Option
დინამო-რუნავიკი (ფარერები). დინამოელებმა კუნძულელები გზიდან იოლად ჩამოიშორეს

შარშან, 24 ივნისს თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დუშან უჰრინი (უმცროსი) დაინიშნა და ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა შიდა ასპარეზზე ყველაფერი მოიგო!

ხუთწლიანი პაუზის მერე მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობაც კარგია და თასის აღებაც, მაგრამ "დინამოს" და, საერთოდ, ქართველი გულშემატკივარი "ოდნავ მეტს" ითხოვს; ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობას ვგულისხმობთ და ისე, როგორც ადრე, წლევანდელ ზაფხულსაც იმედით ველოდით: ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა დადგეს ის დრო, ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე რომ იასპარეზებს?

ჩვენნაირი ქვეყნებისათვის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა უდიდესი მიღწევა იქნებოდა და "შესაბამისი" შემადგენლობის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წილისყრასაც.

სხვათა შორის, ამ ორიოდე კვირის წინ, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "ლელოს" რომ სტუმრობდა, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე როდის მოვხვდებით, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჩვენი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს წილისყრის შედეგებსაც და, რა თქმა უნდა, ტრანსფერებსაც. თუმცა ბრძოლა ყველასთან შეიძლება",
- აი, ამონარიდი იმ ვრცელი ინტერვიუდან (იხილეთ სრულად).

და აი, თბილისის "დინამოსთან" ურთიერთობის ზუსტად ერთი წლის თავზე, წესითა და რიგით, დუშან უჰრინს უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდეს: 24 ივნისის წილისყრამ ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს სასურველზე სასურველი მეტოქე არგუნა და, ალბათ, სასწაული უნდა მოხდეს, "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გააღწიოს.

ჰო, რა მნიშვნელობა აქვს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ვინ გვეყოლება: ფარერების "სტრეიმური" თუ ანდორას "ლუზიტანსი"?!

ფაქტია, რომ ამ წყვილში გამარჯვებულთან "დინამოს" უპირობო ფავორიტის სტატუსი ექნებოდა და უნგრეთის, ბულგარეთისა თუ ყაზახეთის ჩემპიონებთან დაპირისპირებას, რაღა თქმა უნდა, ფარერებისა თუ ანდორის ჩემპიონებთან "გასეირნება" აჯობებს.

ასეა: ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს წილისყრისას და თუ ერთი-ორი ხმაურიანი ტრანსფერიც იქნება, მერე ვინ იცის...

ავირჩიოთ: სტრეიმური თუ ლუზიტანსი...
"სტრეიმური"-"ლუზიტანსის" წყვილში ფავორიტად, რა თქმა უნდა, ფარერების ჩემპიონი უნდა მივიჩნიოთ.

"სტრეიმური" შარშან მეორედ გახდა ფარერების ჩემპიონი (პირველად - 2008 წელს), ოთხჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა (2007, 2008 , 2017 2011).

ფარერების ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით ტარდება და "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ამჟამად III ადგილზეა (ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს "ტორსჰავნს" 9 ქულით ჩამორჩება) და ჩემპიონობის შენარჩუნება, ალბათ, გაუჭირდება.

"სტრეიმურის" შემადგენლობაში "ცნობად სახეს" ვერ აღმოაჩენთ, თუმცა ეს გუნდი 2007 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად მონაწილეობს ევროტურნირებზე.

სხვათა შორის, 2008 წელს "სტრეიმური" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და ორჯერვე მართლაც "საპატიო" ანგარიშით (0:2) დამარცხდა.

ფარერების ჩემპიონს ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშით (0:3) ორჯერ წაუგია - კვიპროსულ "აპოელთან" და შვედურ "კალმართან".

სხვათა შორის, ზედიზედ მესამე წელიწადია, "სტრეიმური" კავკასიის გუნდებს ეთამაშება: 2011 წელს აზერბაიჯანული "ყარაბაღის" ბარიერი ვერ დაძლია (1:1 - შინ, 0:0 - სტუმრად), შარშან კი ცოტა დააკლდა ისტორიულ წარმატებასთან!

თავად განსაჯეთ: ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო შეხვედრაში სომხური "განძასაარი" დაჯაბნეს (3:1), თუმცა სტუმრად 0:2 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

"სტრეიმურს" ეს მაინც აქვს სამააყო, რომ ევროტურნირებზე ერთი მატჩი მაინც მოიგო.

აი, ანდორას "ლუზისტანსს" კი ალბათ, ლოდინი მოუწევს და არც ეს ამბავი უნდა იყოს გასაკვირი.

"ლუზიტანსს" აქამდე სამჯერ უთამაშია ევროტურნირებზე და ექვსივე მატჩი წაგებული აქვს: მაკედონიის "რაბოტნიჩკისთან" (0:6, 0:5), ხორვატულ "ვარტექსთან" (0:1, 1:5) და მალტის "ლა ვალეტასთან" (0:1, 0:8).

"ლუზიტანსი" შარშან ზედიზედ მეორედ გახდა ანდორას ჩემპიონი და ამით იქაური "გრანდის", "სანტა კოლომას" მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო.

ისე, ადვილი წარმოსადგენია, "ლუზიტანსისა" თუ "სტრეიმურის" ფეხბურთელებს რა განცდა ექნებათ, თბილისში სტუმრობისას "დინამო-არენაზე" პირველ ვარჯიშს რომ ჩაატარებენ - ანდორას ჩემპიონი საშინაო მატჩებს 900-კაციან სტადიონზე ატარებს, "სტრეიმური" - ათასიანზე...

სასიამოვნო სტატისტიკა
ევროტურნირების ისტორიაში თბილისის "დინამო" კი არა, საერთოდ, ქართული გუნდები არასდროს შეხვედრიან ანდორას წარმომადგენლებს, თორემ სარეკორდი მოგებები ნაღდად გარანტირებული გვექნებოდა.

აი, ფარერელებთან კი "დინამოს" ერთხელ უკვე მოუწია დაპირისპირება: 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაინერ ცობელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" შინ 3:0 (გოლები: გურამ კაშია, ოლეგ გველესიანი, დავით ოდიკაძე) მოუგო "რუნავიკს".

აი, სტუმრად კი, ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო ანგარიში დაფიქსირდა: ფარერების ჩემპიონმა 1:0 მოუგო "დინამოს"...

... ფარერების ნაკრებისა თუ ამ ქვეყნის გუნდების ჩამოსვლა საქართველოში აღარავის უკვირს; ისე, როგორც ის ფაქტი, რომ ფარერელთა რიგებში მეთევზეებმა, პარიკმახერებმა თუ ბანკის სექტორში მომუშავეებმა უნდა ითამაშონ.

მოკლედ, მართლაც საამაყოდ გვაქვს საქმე, რამეთუ ევროტურნირების ისტორიაში ქართულ-ფარერული კლუბების ყველა დაპირისპირება ჩვენების საბოლოო წარმატებით დამთავრებულა!

პირველი ასეთი "პაექრობა" 1996 წელს მოხდა, როცა თასების თასის წინასწარ წრეში ბათუმის "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "ჰაფნარს" (6:0, 3:0); მერე იყო 2002 წელი, როცა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედომ" ასევე ორივე შეხვედრაში აჯობა "ტორსჰავნს" (5:2, 1:0); აი, 2004 წელს კი საქართველოს ჩემპიონმა "ვიტ ჯორჯიამ" პირველ მატჩში უშანსოდ დატოვა "ტორსჰავნი" (5:0), მაგრამ საპასუხოში 0:3 დამარცხდა!..

დაბოლოს, 2009 წელს, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "ოლიმპმა" ჯერ შინ დაამარცხა "ბ-36" (2:0), მერე კი ანალოგიური ანგარიშით სტუმრადაც იმარჯვა.

მშვენიერი განწყობა
ნიონში ჩატარებული წილისყრის შემდეგ თბილისის "დინამოს" ვებგვერდზე გუნდის მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების კომენტარები გამოქვეყნდა.

დუშან უჰრინი: "სავარაუდო მეტოქეებს შორის უფრო ძლიერი გუნდებიც იყვნენ. კარგია, რომ შედარებით უფრო სუსტს შევხვდით. თუმცა მეტოქეებზე ჯერ არაფერი ვიცით და ამიტომაც ასი პროცენტით მობილიზაცია გვმართებს".

ლევან ხმალაძე: "სავარაუდო მეტოქეები ისე განაწილდნენ, რომ 3 ძლიერი და 3 სუსტი გუნდი იყო. გაგვიმართლა, შედარებით სუსტი გუნდი რომ შეგვხვდა. ვალდებულნი ვართ, ეს ეტაპი რომ გადავლახოთ. იმის მიუხედავად, რომ შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, ოფიციალურ შეხვედრებს სულ სხვა ხიბლი აქვს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ფორმაში შესასვლელად გამოგვადგება. ვისურვებდი ანდორას გუნდთან თამაშს, ფარერის კუნძულებზე მგზავრობა ძალიან მომქანცველია".

გივი კვარაცხელია: "მობილიზება გვმართებს და ამ ეტაპს აუცილებლად დავძლევთ. სეზონისათვის იდეალურ პირობებში ვემზადებით".

გიორგი მერებაშვილი: "ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს: ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არც ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მეტოქეს. თუმცა, ცხადია, რომ სუსტი გუნდი სჯობდა, ეს შეხვედრები სასურველი კონდიციების მიღწევაში დაგვეხმარება. შეკრებაზე კარგი მეტოქეები გვყავს, გუნდშიც მშვენიერი განწყობაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროსეზონი გაიხსნა - იღბლიანი თბილისის "დინამო", დანარჩენები?
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძმურად ვინმემ თუ იცით რა ხდება ამიხსენით, ეხლა ამათ ხომ გავცდებით და მერე უკვე მესამე საკვალიფიკაციოა, და იმ მესამე ეტაპზე რომ გამოვვარდეთ უეფას ჯგუფში გადავდივართ?თუ მეოთხე საკვაფიფიკაციოცაა?
ბიჭებო ბიჭებო ბიჭებოოო,გამარჯვება ბიჭებოოოოოო
11:22 25-06-2013
0
ასცფფ
ჯი
11:23 25-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული