დინამო VS სტიაუა - გვინდა ლიგა? გადავახტეთ "სტიაუას"

AutoSharing Option
30 ივლისს თბილისის "დინამოს" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი რუმინულ "სტიაუას" უმასპინძლებს.

"დინამო არენაზე" თამაშის წინა დღეს ორივე გუნდმა ივარჯიშა და მწვრთნელთა წინასამატჩო პრესკონფერენციაც გაიმართა. ორივე გუნდის ვარჯიში მხოლოდ საწყისი 15 წუთის განმავლობაში იყო ღია.

პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარ მწვრთნელ დუშან უჰრინთან ერთად, მედიის წინაშე გუნდის ცენტრალური მცველი გივი კვარაცხელია წარსდგა. ორივე მათგანი ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

Sportall.Ge

დუშან უჰრინი:
- ძალიან კარგ თამაშს ველით. იმის მიუხედავად, რომ რთული მეტოქე გვყავს, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. სამი წელი
რუმინეთში ვმუშაობდი და ჩემს ხელწერას იქ კარგად იცნობენ. "სტიაუა" მეც მყავს შესწავლილი. მეტოქე, ჩვენს მსგავსად, შემტევუ გუნდია, თუმცა შინ ვთამაშობთ და გამარჯვებას უნდა ვეცადოთ.

- რას მიიჩნევთ "სტიაუას" ძლიერ მხარედ?
- პირველ რიგში შემტევ პოტენციალს.

- ფარერულ "სტრეიმურთან" მატჩებში "დინამომ" ორი გოლი დაცვის უხეში შეცდომით გაუშვა. რას იტყვით თქვენი გუნდის უკანა ხაზზე?
- "დინამოს" ცუდი დაცვა რომ ჰყავდეს, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. თუ "სტიაუა" ერთ გოლს გაგვიტანს, ჩვენ ორს გავუტანთ.

- "სტიაუაში" სამი ის ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც თქვენი ხელმძღვანელობით "ტიმიშოარაში" ასპარეზობდა.
- ბოლო წლების განმავლობაში "სტიაუაში" ბევრი რამ შეიცვალა. გუნდს, ისევე როგორც თქვენს მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს, დიდი პროგრესი აქვს. რუმინეთის ნაკრებში "სტიაუას" არაერთი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ "სტიაუასა" და რუმინეთის ნაკრების სათამაშო სტილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

- რა ფაქტორები იქნება გადამწყვეტი ამ მატჩში?
- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი რომ მქონდეს, აუცილებლად გავიმარჯვებდით. დაზუსტებით ის შემიძლია გითხრათ, რომ "დინამო" თავის ფეხბურთს ითამაშებს. შევეცდებით, ჩვენი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ და საგოლე შანსები გამოვიყენოთ.

- რუმინეთში მუშაობისას "სტიაუასთან" არასდროს წაგიგიათ.
- ეს უკვე ისტორიაა, თუმცა შევედები, ეს სერია კვლავ გავაგრძელო.

- პირველ შეხვედრაში 0:0 თუ დაგაკმაყოფილებთ?
- ეს თამაშის შემდეგ მკითხეთ.

- გულშემატკივრის ფაქტორს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ქომაგთა როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება და "დინამოს" გულშემატკივრის სახით ნამდვილი მეთორმეტე მოთამაშე ეყოლება.

- "დინამოს" ახალწვეული, დორინ გოგა, "სტიაუას" წინააღმდეგ ითამაშებს?
- შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. საღამოს გადავწყვეტ, მოხვდება თუ არა გოგა სასტარტო თერთმეტეულში.

გივი კვარაცხელია:
- ყველამ კარგად ვიცით, რა დონის მეტოქესთან გვაქვს საქმე. თუმცა "სტიაუასთან" ბრძოლისთვის მზად ვართ და მოედანზე მოსაგებად გავალთ.

* * *
"დინამო არენაზე" თამაში 20 საათზე დაიწყება და მას ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

შეხვედრის არბიტრი რობერტ შიორგენჰოფერი იქნება, რომელსაც როლანდ ბრანდნერი და მათიას ვინზაუერი დაეხმარებიან. .

სანამ "სტიაუას" ვარჯიში ღია იყო, თვალი მხოლოდ სტუმართა ფიზმომზადების მწვრთნელის მიერ წარმართულ წვრთნას შევავლეთ.

პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, ის არის, რომ ბუქარესტელებს ათლეტური და ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ.

ვარჯიშს წინ "სტიაუას" მთავარი მწვრთნელის, ლაურენციო რეგეკამპფის პრესკონფერენცია უძღოდა.

დინამოელი კოლეგისგან განსხვავებით, მასთან ერთად დარბაზში ფეხბურთელი არ შემოსულა.

ლაურენციო რეგეკამპფი:

- "დინამოსთან" სათამაშოდ ყოველმხრივ მზად ვართ. ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახლა გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, ვიდრე წინა რაუნდში.

"დინამო" ძლიერი გუნდია, რომელსაც კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს. თბილისელებს კარგად ეხერხებათ როგორც შეტევაში, ასევე კონტრშეტევებზე თამაში.

- თბილისში ნულოვანი ფრე დაგაკმაყოფილებთ?
- სტუმრად ფრე ცუდი შედეგი არ იქნება, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ "სტიაუა" ევროთასებზე შინაც და გარეთაც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის.

- "დინამო არენაზე", ბუქარესტის "ნაციონალ არენასგან" განსხვავებით, მოედნის იდეალური საფარია. ეს ფაქტორი ხელს ხომ არ შეგიშლით?
- კარგმა გუნდმა თავისი შესაძლებლობები ნებისმიერ მოედანზე უნდა წარმოაჩინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
willhillის აზრით მაგ თამაშზე დინამოს კოეფიციენტია 3.1 და სტიაუასი 2.4 ანუ თბილისშიც კი ფავორიტად სტიაუას თვლიან.
bondo
12:36 30-07-2013
0
bondo , არაა ეს გასაკვირი , ბოლოს როდის გამოვჩნდით ევროპაში? სტიაუა კი ყოველწლიურად გარკვეულ "წარმატებებს" აღწევს :))
Dinamo Fan
12:44 30-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული