სტიაუა - დინამო 1:1 - ჩემპიონთა ლიგა სხვა გზით მოდის [VIDEO]

AutoSharing Option
მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ჩემპიონთა ლიგაზე პერმანენტული ოცნება თბილისურ მატჩშივე მოგვიკვდა.

"დინამოს" ყველაზე თავგადაკლულ ფანებსაც კი, ალბათ, გულის სიღრმეშიც არ სჯეროდათ, რომ ბუქარესტის "ნასიონალზე" საქართველოს ჩემპიონი პატარა სასწაულს მოახდენდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც 30 ივლისს ვნახეთ - "დინამოს", თუნდაც "სტიაუამდე", გრძელი გზა აქვს გასავლელი.

რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ალბათ, ასე აჯობებს მომავლისთვის.

იცოცხლეთ, ჩემპიონთა ლიგა კარგი ხილია, მაგრამ ამას შესაფერისი შემადგენლობა (თავისი გრძელი სკამით) და უამრავი სათამაშო კომპონენტის დახვეწა სჭირდება.

ვერ ვიტყვით,
რომ "დინამოს" მონდომება აკლდა, მაგრამ, როცა ხედავ, რომ მეტოქე ბევრი პარამეტრით წინ არის და თავს ზემოთ ძალას ვერ გრძნობ, რაღაცნაირად ეშვები და ფარ-ხმალს ყრი.

Sportall.Geასეთია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მშენებლობის სტადიაში მყოფი გუნდების ხვედრი, მტკიცე ნებისყოფაც ხომ ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ყველაფერთან ერთად, თორემ კლასში სხვაობა შეიძლება რაღაცნაირად გააბათილო, ამის მაგალითები საფეხბურთო პრაქტიკაში არც ისე ცოტაა...

ყველა ქართული გუნდის (ნაკრები იქნება თუ კლუბი) აქილევსის ქუსლია უბურთოდ თამაში, სწრაფი გადაადგილება, საჭირო პოზიციაზე დროული გასვლა და, ასევე, დროული პასი.

ამის კარგი გაკვეთილი თბილისში ჩაატარა "სტიაუამ", "დინამომ" კი, რომელმაც შედარებით უკეთ ითამაშა (განსაკუთრებით მეორე ტაიმი) საპასუხო შეხვედრაში, ამ კომპონენტში დაბალი დონე აჩვენა...

პასის კულტურა, ბურთის დაჭერა... რამდენი ზუსტი გადაცემა გააკეთეს დინამოელებმა მიჯრით? ან ფლანგების სისუსტე რად ღირს - გინდ დაცვისას, გინდ შეტევისას.

დავამატოთ ამას თამაშის ორგანიზაციული მხარე - გუნდს არ ჰყავს ჩამოყალიბებული "ღერძი" და ამ "ღერძის" ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - ამძრავი ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებს.

მოკლედ, ნაკლი ძალიან ბევრია, დუშან უჰრინს ბევრი სამუშაო აქვს წინ. ისიც საკითხავია, რა გამოვა ამ კონტინგენტისგან. თუ "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაში შესვლა უნდა (და, რა თქმა უნდა, რომ ასეა), კლუბის უფროსობას სწორედაც რომ საგრძნობ გაძლიერებაზე დაფიქრება მართებს.

ეს გუნდი "სტრეიმურს" (ორი გოლი კი გაუტანა "დინამოს") და მსგავს დონეს ჰყოფნის, მაგრამ უფრო მაღლა... უფრო მაღლა ჯერ არ გამოდის...

მოკლედ, ოცნების რეჟიმში ვრჩებით. ახლა ევროპის ლიგის პლეი ოფის წილისყრას დაველოდოთ და ვნახოთ... ეგებ, ორ კვირაში "დინამო" ცოტა უკეთ მოქოქოს უჰრინმა და, იღბალმაც თუ გადმოიხედა, შეიძლება, ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა მაინც არ იყოს უტოპია...

იქნებ, უფრო ადრე სჯობდა...
მატჩზეც ვთქვათ: თბილისური პაექრობისგან განსხვავებით, უჰრინმა ერთი ფეხბურთელი შეცვალა - გლიშიჩის ნაცვლად პაპავა დააყენა.

თამაშის წინ "დინამოს" თავკაცმა ისიც თქვა - შეიძლება, გრიგალაშვილი და ხმალაძე სასტარტოს მოვარიდოო.

ორივე დისკვალიფიკაციის ზღვარზე იყო და მწვრთნელი ამიტომაც ყოყმანობდა. თუმცა ბოლოს მაინც გარისკა. უჰრინის შიში გამართლდა - ხმალაძემ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ევროპალიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამოტოვებს.

ხსენებული ერთი შეცვლის გარდა, "დინამოს" თამაშში სხვა სიახლე არ ჩანდა - იგივე შეცდომები, უამრავი წუნი გადაცემებში, თავისუფალი ზონები, მეტადრე - ფლანგებზე... ამას დაერთო ადრეული გოლიც - ლატოვლევიჩი მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა, იქაც კარგად გაითავისუფლა თავი და ლორიასთან პირისპირ დარჩა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გოლმა "სტიაუა" საბოლოოდ დაამშვიდა. იგრძნობოდა, რომ რუმინეთის ჩემპიონი მაშინ მოუმატებდა, როცა საჭირო იქნებოდა. თუმცა, ცხადია, არც "სტიაუაა" ისეთი, შეცდომებს რომ არ უშვებდეს.

"დინამოსაც" შეექმნა რამდენიმე ხელსაყრელი სიტუაცია, დაწყებული ორი ისეთი საჯარიმო დარტყმით, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა, იყო გრიგალაშვილის შორეული გასროლაც და პირველი ტაიმის მიწურულს შეტევაში ჩართული კვარაცხელიას ეფექტური დარტყმაც, რომელიც მიზანს ასცდა.

დაიწყო მეორე ნახევარი და... ანგარიში მალევე გათანაბრდა - ჩისკოს კუთხურის შემდეგ უსტარიცმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ასეთ დროს "დინამოს" თამაშის უფრო გააქტიურება მართებდა. რაღაც დოზით ასეც მოხდა - დვალის დარტყმული გაჭირვებით მოიგერია ტატარუშანუმ, რამდენჯერმე იყო სწრაფი კონტრშეტევის შანსიც, მაგრამ შეტევას ან სწორი გაგრძელება აკლდა, ან "ნაჩუქარი" თუ მოგებული ბურთი მალევე იკარგებოდა.

ალბათ, უჰრინსაც უფრო ადრე მართებდა ვუოს და გოგას შემოყვანა. და ამ ცვლილებებმაც რომ დააგვიანა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ უჰრინსაც ჩაქნეული ჰქონდა ხელი...

"დინამოს" შედარებითი გააქტიურების მიუხედავად, "სტიაუა" მაინც აკონტროლებდა თამაშს და ის, რომ ლორიას კართან რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა, ბევრს არაფერს ნიშნავს - ბუქარესტულ გრანდს გადავსებული "ნასიონალისთვის" საბოლოო გამარჯვებაში დაეჭვების საბაბი მაინც არ მიუცია.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დუშან უჰრინი: "სტიაუას" კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ არის ქართული ფეხბურთის საშველი, და როდის იქნება კიდევ ღმერთმა იცის
alex
11:21 07-08-2013
0
"ყველა ქართული გუნდის (ნაკრები იქნება თუ კლუბი) აქილევსის ქუსლია უბურთოდ თამაში, სწრაფი გადაადგილება, საჭირო პოზიციაზე დროული გასვლა და, ასევე, დროული პასი" - რა ზუსტად არის ნათქვამი! უბრალოდ, მაინტერესებს, ამ კომპონენტებზე მუშაობა ფეხბურთელის რა ასაკშია შესაძლებელი? ანუ რა ასაკის მერეა გვიან?
Toko
11:54 07-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული