ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტურის წინ: "რეალის" უძვირფასესი ფრთები და "ბაიერნის" მისია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის გერმანული ფინალიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიას" და მიუნხენის "ბაიერნის" სუპერჯახის პერიპეტიები ალბათ ყველას ზეპირად გვახსოვს.

თუმცა დღეიდან ის ფინალი და "ბაიერნის" ტრიუმფი უკვე საბოლოოდ ისტორიას ჩაბარდება, რადგან 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება იწყება.

"ბაიერნი" ტიტულის შენარჩუნების მისიას ახალი მწვრთნელითა და კიდევ უფრო გაძლიერებული შემადგენლობით იწყებს და რეკორდმაისტერის მთავარი კონკურენტები ამ სეზონშიც ტრადიციული სუპერგრანდები იქნებიან - "ბარსა", "რეალი", "იუვენტუსი", პსჟ, მანჩესტერული გრანდები.

იქნებ "ჩელსი", იქნებ "მილანიც" და, რა თქმა უნდა, არც "დორტმუნდი" უნდა დაგვავიწყდეს.

გერმანული
ფინალის შემდეგ დაწყებული საუბრები იმის შესახებ, რომ ბუნდესლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა ან, მინიმუმ, ამ გზაზე დგას, ლეგიტიმურია, რადგან 2001/02 წლების სეზონის შემდეგ პირველად ხდება ისე, რომ გერმანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხი კლუბითაა წარმოდგენილი.

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ზუსტად ის ოთხი გუნდია, რომლებიც მაშინაც ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ: "ბაიერნი", "დორტმუნდი", "შალკე" და...

A ჯგუფი: აქეთ ვან პერსი, იქთ კისლინგი
იუნაიტედი-ლევერკუზენი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ფ. და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, კერიკი, გიგზი, იანგი - ვან პერსი, რუნი.
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში - ჩანი, რაინარტცი, როლფესი - სემი, სონი - კისლინგი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

...ლევერკუზენის "ბაიერი". "ფარმაცევტებს" პირველივე ტურში ურთულესი მატჩი ელით: სამი ჰიიპიას გუნდი ინგლისის მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ იუნაიტედს" სტუმრობს. და თითქოს ეს საკმარისად რთული ამოცანა არ იყო. ლევერკუზენელთა მდგომარეობას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ გონსალო კასტრო და ლარს ბენდერი ვერ ითამაშებენ (ორივე ტრავმირებულია).

"ბაიერის" ფინელი დამრიგებელი ამ დანაკლისს კატასტროფად არ მიიჩნევს - შესაძლოა იმიტომაც, რომ "ვოლფსბურგთან" (3:1) სიმონ როლფესმა შესანიშნავად ითამაშა. ეს უკანასკნელი ამბობს, "იუნაიტედისგან" საჩუქრებს არ უნდა ველოდოთ, ეს გუნდი ზედმეტად გამოცდილია იმისათვის, რომ რამე გვაჩუქოსო. "იუნაიტედის" გამოცდილებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს - სამაგიეროდ, ევროსარბიელზე გამოუცდელია მანკუნიანელთა ახალი თავკაცი დევიდ მოიესი...

თუკი ლევერკუზენელებს "ოლდ ტრეფორდზე" ვინმეს იმედი უნდა ჰქონდეთ, ეს, პირველ რიგში, გოლეადორ შტეფან კისლინგზე ითქმის. გერმანულ კლუბს, შესაძლოა, მწვრთნელ ჰიიპიას გამოცდილებაც გამოადგეს - ეს უკანასკნელი ხომ ლივერპულში ასპარეზობდა და "იუნაიტედის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია.

მანჩესტერელთაგან ყველაზე სახიფათო ამ ეტაპზე რობინ ვან პერსია, რომელსაც პრემიერლიგაში სამი გოლი აქვს გატანილი.

სოსიედადი-შახტარი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კარლოს მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - გრანერო, ბერგარა - კარლოს ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - სეფეროვიჩი.
შახტარი (4-2-3-1): კანიბოლოცკი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, გრეჩიშკინი - დუგლას კოშტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

ჯგუფის მეორე დუელი კი სან სებასტიანში, "რეალ სოსიედადსა" და იმ დონეცკის "შახტარს" შორის შედგება, რომელმაც ზაფხულში ჰენრიხ მხითარიანისა (დორტმუნდშია) და ფერნანდინიოს (სიტი) სახით ორი ლიდერი დაკარგა.

უკრაინულმა გრანდმა მათ სანაცვლოდ ჯამში 62.5 მილიონი ევრო მიიღო და ამ თანხის დიდი ნაწილი ბრაზილიელებში, ბერნარდსა და ფრედში დააბანდა.

ესპანური კლუბი კი ჩემპიონთა ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ათი წლის წინათ "სოსიედადმა" მერვედფინალამდე გააღწია, სადაც "ლიონთან" დამარცხდა. გაგახსენებთ, რომ ახლა ბასკებმა პლეი ოფში სწორედ "ლიონი" დაჯაბნეს.

B ჯგუფი: მსოფლიოში უძვირფასესი "ფრთები"
გალათასარაი-რეალი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-2-2-2): მუსლერა - ებუე, შედიუ, კაია, ბალთა - ფელიპე მელო, ინანი - ამრაბატი, სნეიდერი - ბ. ილმაზი, დროგბა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, არბელოა - ხედირა, მოდრიჩი - კ. რონალდო, ისკო, ბეილი - ბენზემა.
არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგების მისიას ამჯერად კარლო ანჩელოტის თაოსნობით შეეჭიდება და "სამეფო გუნდის" პირველი მეტოქე თურქული გრანდი "გალათასარაია".

შეგახსენებთ, რომ "რეალი" და "გალა" ერთმანეთს წინა სეზონის მეოთხედფინალში გადაეყარნენ და ის ორმატჩიანი დუელი ესპანურმა გრანდმა მოიგო (3:0, 2:3).

სტამბულში დღეს მსოფლიოში უძვირფასესი "ფრთების" საჩემპიონთალიგო დებიუტი შედგება: "რეალს" კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის სახით ხომ საუკეთესო გარემარბები ჰყავს.

თუკი ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, რითაც უელსელი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე გახდა, ამ სტატუსის დამთმობ რონალდოს "რეალმა" ახალი კონტრაქტი გაუფორმა და გული რომ არ დასწყვეტოდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად (17 მილიონი წელიწადში, ზოგი ცნობით - 21) აქცია.

რონალდო-ბეილის ტანდემის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში გასულ უქმეებზე შედგა, მაგრამ წარუმატებელი გამოდგა: მართალია, ორივემ გაიტანა, მაგრამ მადრიდელები "ვილიარეალთან" ფრეს (2:2) დასჯერდნენ.

"გალათასარაი" თურქეთის სუპერლიგაში ძველებურად ვეღარ დაფრინავს (4 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-8 ადგილზეა), მაგრამ თურქთა თავკაც ფათიჰ თერიმს "რეალის" ძლევის იმედი აქვს, რაც არც გუშინდელ პრესკონფერენციაზე დამალა - უნდა მოვიგოთო.

"იმპერატორი" იმედებს, პირველ რიგში, დიდიე დროგბაზე, ბურაქ ილმაზსა და ვესლი სნეიდერზე ამყარებს.

კოპენჰაგენი-იუვენტუსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (3-4-3): კრისტენსენი - იაკობსენი, კრისი, მარგრეიტერი - დელანეი, ბოლანოსი, რემერი, კლაუდემირი - ამანკვაა, ადი, ვეტოკელე.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარძალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პოგბა, პირლო, ვიდალი, ასამოა - ტევესი, ვუჩინიჩი.
არბიტრი: ივან ბებეკი (ხორვატია)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი "იუვენტუსი" ვალდებულია, კოპენჰაგენიდან სამი ქულა წაიღოს - ანტონიო კონტეს გუნდისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებას მომავალ გამარჯვებულ "ბაიერნთან" გამოეთიშა, სხვა შედეგი მიუღებელი იქნება.

თუმცა სტალე სოლბაკენის გუნდის არაფრად ჩაგდება არ შეიძლება - მართალია, "კოპენჰაგენი" დანიის ჩემპიონატში ოდენ მეათე ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ჯგუფში რომელიმე მეტოქე გაამწაროს.

C ჯგუფი: ზლატანი და კავანი
ოლიმპიაკოსი-პსჟ 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-2-2): რობერტო - ლეანდრო სალინო, მანოლასი, სიოვასი, ბონგი - სამარისი, მანიატისი - დავიდ ფუსტერი, კემპბელი - სავიოლა, მიტროღლუ.
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - პასტორე, ტიაგო მოტა, მატუიდი - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ამ ჯგუფს პსჟ-ის სახით გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს კი არა მარტო ჯგუფიდან გასვლა, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც რეალურად ეჩვენება.

მიზანი მართლაც მიღწევადია, რადგან პსჟ-ის ისედაც შესანიშნავ შემადგენლობას ედინსონ კავანიც დაემატა და ახლა მარტო ამ კლუბის თავდასხმა რად ღირს - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი.

იბრამ შვედურ პრესაში ახალი სიტყვა დაამკვიდრა: "ზლატანიზირება", რაშიც ჯგუფში მაქსიმალურ დომინირებას გულისხმობს. ვნახოთ, იქნება თუ არა 17 სექტემბერს "ოლიმპიაკოსი" "ზლატანიზირებული".

ბენფიკა-ანდერლეხტი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-1-2-1-2): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, ბრუნო კორტესი - მატიჩი - სალვიო, გაიტანი - ენცო პერესი - კარდოსო, ლიმა.
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო - ჟილე, კუიატე, ნუიტინკი, დეშახტი - მილივოევიჩი, კლიესტანი - ბრუნო, პრო, აშემპონგი - მატიას სუარესი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (გერმანია)

მეორე მატჩში ლისაბონის "ბენფიკა" "ანდერლეხტის" დამარცხებას და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უპირატესობის მოპოვებას შეეცდება.

ევროპალიგის ფინალის წაგების შემდეგ პორტუგალიელთა მიზანი ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ მერვედფინალში გასვლაა, "ანდერლეხტისთვის" კი რეალური უფრო მესამე ადგილზე ოცნებაა.

ბელგიელებისთვის ამ მიზნის მიღწევა ახლა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე შარშან, როცა ჯგუფში "მალაგა", "მილანი" და "ზენიტი" ჰყავდათ.

D ჯგუფი: ბაიერნის მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა
ბაიერნი-ცსკა 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, ტ. კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი - ვერნბლუმი, ცაუნია - ზუბერი, ჰონდა, ვიტინიო - მუსა.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

მიუნხენის "ბაიერნისთვის" ტიტულის შენარჩუნების მისია 17 სექტემბერს მოსკოვის ცსკა-სთან საშინაო მატჩით იწყება და ეს შეხვედრა რეკორდმაისტერის ახალ თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთვის ევროსარბიელზე დაბრუნებასაც ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მოქმედ გამარჯვებულს სასტარტო მატჩი მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული: ეს 1994 წელს "მილანს" დაემართა (0:2 ამსტერდამში, "აიაქსთან").

მიუნხენელებს ბასტიან შვაინშტაიგერი უბრუნდებათ. რუსებს მიუნხენის "ალიანს არენაზე" იღბლის იმედი ექნებათ, მაგრამ "ბაიერნი" კონცენტრირებულია.

პლზენი-სიტი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რეზნიკი, პროჩაზკა, ჩისოვსკი, ლიმბერსკი - ჰორავა, ჰორვატი - რაიტორალი, კოლარი, კოვარიკი - ტეკლი.
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ლესკოტი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე - ხესუს ნავასი, აგუერო, დავიდ სილვა - ჯეკო.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

"ბაიერნთან" ერთად, ჯგუფის ფავორიტად "მანჩესტერ სიტიც" მოიაზრება, მაგრამ უკვე აღარ ვიცით, ღირს თუ არა ამ გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება, რადგან "სიტის" ჩემპიონთა ლიგაში ფურორის მოხდენა უკვე ზედიზედ მესამედ უნდა, წინა ორი მცდელობა კი სრული კრახით, ჯგუფში ჩარჩენით დამთავრდა.

თუმცა მანჩესტერელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ (ფერნანდინიო, ხესუს ნავასი, ალვარო ნეგრედო, სტევან იოვეტიჩი) და მანუელ პელეგრინის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული