ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტურის წინ: დიდი სპექტაკლი ნეაპოლში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღის უმთავრესი მშვენება, იმედია, დაგვეთანხმებით, "ნაპოლისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირებაა.

არც პირველია სუპერგრანდი და, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ითამაშა, არც მეორე, მაგრამ ნეაპოლელებიცა და დორტმუნდელებიც იმდენად ემოციურ, სწრაფ და თავზეხელაღებულ ფეხბურთს თამაშობენ, რომ წესით, 18 სექტემბერს "სან პაოლოზე" კარგი საფეხბურთო სპექტაკლი უნდა ვნახოთ, რომლითაც ყველა ისიამოვნებს.

თუმცა არც სხვა შეხვედრებია უინტერესო.

E ჯგუფი: "ჩელსიმ" უნდა მოიგოს! "შალკემაც"...
E ჯგუფს "ჩელსისა" და "შალკეს" სახით ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამობრძმედილი
"ბაზელი" და თბილისის "დინამოს" გამამწარებელი "სტიაუა" არცერთ გრანდს არაფერს დაუთმობენ.

18 სექტემბერს ფავორიტები საკუთარ მოედნებზე თამაშობენ და შესაბამისად, ვალდებულები არიან, მოიგონ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "შალკეს" ჯგუფის ყველაზე მარტივი მატჩი პირველივე ტურში უწევს, რადგან "სტიაუა" ამ ეტაპზე "ბაზელზე" სუსტ გუნდად მიიჩნევა. გელზენკირხენელები ამიტომაც აცხადებენ თამამად, ბუქარესტელები შინ ხელცარიელები უნდა გავუშვათო და კარგად ესმით, რომ თუ ჯგუფიდან გასვლა უნდათ, საკუთარ მოედანზე "სტიაუას" აუცილებლად უნდა მოუგონ.

თუმცა რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის - "სტიაუას" ამ სეზონში ერთი ოფიციალური თამაშიც კი არ წაუგია, შაბათს კი ლაურენციუ რეგეკამპფის შეგირდებმა "ნავოდარი" 5:0 გაანადგურეს.

რაც ამ "სტიაუას" მართლა აკლია, ეს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილებაა, რითაც მხოლოდ კაპეტანოსი თუ დაიკვეხნის, რომელიც "კლუჟში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ ბუქარესტულ კლუბში დაბრუნდა.

"შალკეს" დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი დააკლდება, რომელსაც "დორტმუნდიდან" გადაბირებული ცენტრალური მცველი ფელიპე სანტანა შეცვლის. დისკვალიფიცირებულია საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსიც.

შალკე-სტიაუა 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ფელიპე სანტანა, მატიპი, აოგო - ნოიშტედტერი, ჰიოგერი - ფარფანი, კ. ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი.
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუსანუ - გეორგიევსკი, სუკალა, გარდოსი, ლატოვლევიჩი - ბურჩეანუ, პინტილი - პოპა, სტანჩუ, ტანასე - პიოვაკარი.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

* * *
პარალელურ შეხვედრაში ჟოზე მოურინიო "ჩელსიში" მეორე საჩემპიონთალიგო ერას იწყებს.

ლონდონელთა ძველ, ახალ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის თასი "პორტუსა" და "ინტერში" აქვს მოგებული, "ჩელსისა" და "რეალში" კი ეს ვერ მოახერხა და ახლა ისევ "არისტოკრატებში" დაბრუნდა.

"ბაზელთან" შეხვედრის რეპეტიცია ჟოზეს ბიჭებმა ჩააფლავეს - "ჩელსი" პრემიერლიგაში "ევერტონთან" 0:1 დამარცხდა.

"ბაზელმა" თასზე "მიუნსინგენს" 1:0 მოუგო, ხოლო შვეიცარიის ჩემპიონატში კი მურატ იაკინის გუნდი მესამე ადგილზეა.

ჩელსი-ბაზელი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუისი, კოული - ლემპარდი, მიკელი - ოსკარი, მატა, აზარი - ტორესი.
ბაზელი (4-4-1-1): ზომერი - დეგენი, ივანოვი, შერი, საფარი - სალა, ელნენი, ფრაი, ანდრისტი - შტოკერი - შტრელერი.
არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)

F ჯგუფი
"ბორუსია" ჯოჯოხეთში, იოზილი და კომპანია მარსელში

წინა სეზონის უმთავრეს აღმოჩენას, "დორტმუნდს" პირველივე მატჩი ნეაპოლის "სან პაოლოზე", ანუ ჯოჯოხეთში ელის.

გერმანელები ამოცანის სირთულეს აღიარებენ - "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა "ნაპოლის" "იტალიის მინიმუმ მეორე გუნდი" უწოდა.

"დორტმუნდს" პოლონელი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი გამოუჯანმრთელდა და "კუბას" 18 სექტემბერს მოედანზე გასვლა შეუძლია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ჰამბურგთან" 6:2-ის შემდეგ დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა "შესანიშნავი ოთხეული" (ობამეიანგი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი) შეცვალოს.

თუ ეს იურგენმა მაინც გააკეთა, მაშინ სკამზე ალბათ ობამეიანგს დასვამს.

თუმცა, შესაძლოა, ეს არც ისე ცუდი იდეა იყოს, რადგან ბლაშჩიკოვსკის მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლა ობამეიანგზე გაცილებით უკეთ ეხერხება.

ვფიქრობთ, "დორტმუნდს" ახლა სიფრთხილე უფრო სჭირდება, რადგან "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს და შესანიშნავ ფორმაშია. ეს დიდწილად ნეაპოლელთა ახალწვეულების, "რეალიდან" გადაბირებული ხოსე კალეხონისა და გონსალო იგუაინის დამსახურებაა - "ატალანტასთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში გოლები სწორედ მათ გაიტანეს, საერთო ჯამში კი, ამ წყვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

რაფა ბენიტესის გუნდის შედარებით სუსტ წერტილად დაცვის ხაზი მიიჩნევა.

ნაპოლი-დორტმუნდი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, რაულ ალბიოლი, ბრიტოსი, სუნიგა - ინლერი, ბეჰრამი - ხოსე კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - იგუაინი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: პედრო პროენშა (პორტუგალია)

* * *
"რეალიდან" მთავარი ვარსკვლავი ლონდონის "არსენალმა" წაიყვანა - "მეთოფეების" გულშემატკივრებს მესუთ იოზილზე უკვე აბოდებთ, რადგან გერმანიის ნაკრების გამთამაშებელმა "არსენალში" თავისი შესაძლებლობების დამტკიცება უკვე მოასწრო: "სანდერლენდთან" (3:1) მან ორი საგოლე პასი გააკეთა.

ცხადია, რომ არსენ ვენგერს 18 სექტემბერს მარსელის "ოლიმპიკთანაც" სწორედ იოზილის იმედი ექნება. ფრანგულმა კლუბმა გასულ უქმეებზე "ტულუზს" ვერ მოუგო - 1:1.

მარსელი-არსენალი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნ’კულუ, მენდეში, მორელი - რომაო, იმბულა - აიუ, ვალბუენა, პაიე - ჟინიაკი.
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - ფლამინი, რემსი - უოლკოტი, იოზილი, უილშირი - ჟირუ.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

G ჯგუფი
ვენის "აუსტრიას" დებიუტი დიდ სცენაზე
ჩემპიონთა ლიგაში სულ 32 გუნდი თამაშობს და აქედან 31 გუნდი ამ ტურნირს უკვე იცნობს. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს: ვენის "აუსტრია". ბიელიცას გუნდმა პლეი ოფში ზაგრების "დინამო" დაიფრინა (2:0, 2:3).

ავსტრიელები სადებიუტო შეხვედრაში საკუთარ "გენერალი-არენაზე" უაღრესად გამოცდილ "პორტუს" მასპინძლობენ, რომელიც პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონია და გათამაშების ცხრილს ახლაც ლიდერობს (4 მოგება 4 ტურის შემდეგ).

აუსტრია-პორტუ 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
აუსტრია (4-3-3): ლინდნერი - დილავერი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი - სტანკოვიჩი, ჰოლანდი, გრიუნვალდი - როიერი, ოკოტიე, ჟუნი.
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, მაიკონი, ოტამენდი, სანდრო - დეფური, ფერნანდო, გონსალესი - ლიკა, ჯეკსონ მარტინესი, კვინტერო.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

* * *
ასეთივე შედეგი აქვს პრიმერადივიზიონში მადრიდის "ატლეტიკოსაც", რომელმაც გასულ უქმეებზე "ალმერიაც" დაამარცხა (4:2) - ოღონდ მადრიდელები ლიდერობას აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლით "ბარსელონასთან" იყოფენ.

ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში "ატლეტიკოს" თავდამსხმელები დიეგო კოშტა და დავიდ ვილია იმდენად კარგად გამოიყურებოდნენ, რომ გულშემატკივრებს "მონაკოში" გადაბარგებული რადამელ ფალკაო ლამის დაავიწყდათ. თუმცა ამ შემთხვევაში მადრიდული კლუბისთვის ცუდი ის არის, რომ დიეგო კოშტას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. მას, სავარაუდოდ, ადრიანი შეცვლის, მაგრამ კანდიდატად ლეოც განიხილება.

"ესტადიო ვისენტე კალდერონზე" სტუმარი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" იქნება - ანდრეი არშავინითა და "ბაიერნიდან" დაბრუნებული ანატოლი ტიმოშჩუკით. საეჭვოა ჰალკის თამაში, თუმცა "ზენიტის" იტალიელ თავკაც ლუჩანო სპალეტის იმედი აქვს, რომ ბრაზილიელი დღეს საღამომდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და მოედანზე გასვლას მოახერხებს.

ატლეტიკო-ზენიტი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი - კოკე, ტიაგო, გაბი, გარსია - ადრიანი, ვილია.
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანიუკოვი, ნეტო, ჰუბოკანი, სმოლნიკოვი - ვიტსელი, ფაიზულინი - არშავინი, შიროკოვი, დანი - კერჟაკოვი.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)

H ჯგუფი:
"აიაქსი" "ნოუ კამპზე", "მილანი" კაკას გარეშე
როგორც ზემოთაც ვთქვით, "ატლეტიკოსთან" ერთად, ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონამაც" ოთხივე თამაში მოიგო, თუმცა კატალონიელებს გასულ უქმეებზე "სევილიას" დამარცხება, დიახაც, გაუჭირდათ: ანდალუსიელებმა მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს (2:2), მაგრამ ლეო მესიმ 94-ე წუთზე ტურბო ჩართო და ალექსის სანჩესს გაატანინა - 3:2.

18 სექტემბერს "ბარსას" მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება - ფრანკ დე ბურის გუნდი ჰოლანდიაში კი ბატონობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ვერაფერს ახერხებს ხოლმე. ამსტერდამელები მერვედფინალში ბოლოს 2005/06 წლების სეზონში გავიდნენ.

ბარსელონა-აიაქსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ტელიო, მესი, ნეიმარი.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, მოისანდერი, დენსვილი, ბლინდი - სერერო, შიონე, დუარტე - ფიშერი, ჰუსენი, სანა.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

* * *
"ნაპოლისა" და "არსენალის" დარად, "რეალიდან" "მილანმაც" წაიყვანა ფეხბურთელი - უფრო სწორად, დაიბრუნა და "კაკამანიაც" გაჩაღდა, მაგრამ 31 წლის ბრაზილიელი "ტორინოსთან" (2:2) შეხვედრაში დაშავდა და ლაზარეთში 3 კვირას გაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაკა "როსონერის" "სელტიკთან" ვერ დაეხმარება.

მიუხედავად ამისა, "მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი თავისი შეგირდებისგან გაცილებით უკეთესი ფეხბურთის ჩვენებას ითხოვს - "ტორინოსთან" საზარლად ვითამაშეთო.

საერთო ჯამში, "მილანს" 13 ფეხბურთელი აკლია. აქედან ათი მოთამაშე (მათ შორის, რიკარდო მონტოლივო, სტეფან ელ შაარავი და ინაციო აბატე) ტრავმირებულია, ნიანგი და ახალწვეულები, საპონარა და ვერგარა კი განაცხადში არ არიან შეყვანილები.

მილანი-სელტიკი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძაკარდო, საპატა, მექსე, ემანუელსონი - პოლი, დე იონგი, მუნტარი - რობინიო - მატრი, ბალოტელი.
სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი - ლუსტიგი, დიკი, ამბროუზი, ისაგირე - ბურიგტერი, ბრაუნი, ლედლი, სამარასი - კომონსი - პუკი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული