ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირის პარალელურად, დაიწყო ისტორიაში პირველი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაც, რომლის შესაძლო გამართვაზეც "ლელო" რამდენიმე თვის წინ წერდა...
იდეა
ტურნირის შექმნის და ჩატარების იდეა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში NextGen Series-ის წარმატების შემდეგ მოუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ NextGen Series (რომელსაც "ლელო" აქტიურად აშუქებდა), სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ევროპული კლუბის 19-წლამდელთა გუნდები ეჯიბრებოდნენ, პირველად 2011/12 წლების სეზონში გაიმართა და ამ ტურნირმა უმალვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს,
როგორც ჩანს, უეფაში არ მოეწონათ ის, რომ სატელევიზიო პროდიუსერის, ჯასტინ ენდრიუსის მიერ დაარსებული ტურნირი პოპულარობას იხვეჭდა და რომ გარეშე პირები იმ ბრენდებით სარგებლობდნენ, რომლებსაც შემოსავალი უეფასთვის უნდა მოჰქონდეთ.
შესაბამისად, გადაწყდა ალტერნატიული, 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის ჩატარება, რამაც NextGen Series-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა...
ფორმატი
ტურნირში იმ 32 კლუბის ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა. ჯგუფური ეტაპის ფორმატი დიდების ტურნირის ანალოგიურია: 19-წლამდელები იმავე გუნდებს ეთამაშებიან, რომლებსაც დიდები ხვდებიან და საბოლოოდ, ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გადის.
აი, პლეი ოფის ფორმატი კი განსხვავებულია - 1/8 და 1/4-ფინალებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ ხვდებიან, ხოლო 1/2-ფინალი და ფინალი ერთ ქვეყანაში გაიმართება. 2014 წლის "ოთხთა ფინალს" შვეიცარიის ქალაქი ნიონი უმასპინძლებს, გამარჯვებულს კი ლენარტ იოჰანსონის სახელობის თასი გადაეცემა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფორმატის გამო ტურნირში მონაწილეობას ვერ იღებენ: ბოლო NextGen Series-ის გამარჯვებული "ასტონ ვილა", მესამე ადგილზე გასული ლისაბონის "სპორტინგი", "ტოტენჰემი", "ლივერპული" და ა.შ.
ეს ყველაფერი კი ტურნირს ოდნავ, მაგრამ მაინც გააღარიბებს, რადგან იმავე NextGen Series-ის უკანასკნელი გათამაშების ბომბარდირთა დავაში პირველ ექვს ადგილზე გასული ფეხბურთელებიდან ხუთი სწორედ ამ გუნდებში თამაშობდა.
ტალანტები
ამ ტურნირზე რომ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ითამაშებს, ეს ისედაც გასაგებია. ზოგიერთი მოთამაშე ამ სეზონში თავს გამოიჩენს და ამომავალ ვარსკვლავთა კატეგორიაში მოხვდება, ზოგიერთი კი უკვე საკმაოდ ცნობილი ფიგურაა და მას "ლელოს" მკითხველიც იცნობს.
მაგალითად, ასეთია "არსენალის" შემადგენლობაში გამორჩეული სერჟ გნაბრი, რომელმაც შარშან დიდების ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა. ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა "მარსელთან" დუბლი შეასრულა და ლონდონელების გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.
"ჩელსის" რიგებში გოლი გაიტანა შოტლანდიელმა ისლამ ფერუზმა, ვინც შარშანდელ სეზონში NextGen Series-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ("ასტონ ვილას" ნიჭიერ ირლანდიელ გრემ ბურკთან) ერთად.
ფოტოზე: ისლამ ფერუზი "ჩელსის" და შოტლანდიური ფეხბურთის მომავალია
ასევე, აუცილებლად უნდა გამოვყოთ "მანჩესტერ სიტის" ორი ფეხბურთელი: პორტუგალიელი მარკოს ლოპეში, რომელმაც დუბლი შეასრულა და ინგლისელი ჯორჯ გლენდონი, ვინც სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხებათ იმ ფეხბურთელებს, ვინც გუნდებს განაცხადში ჰყავთ, მაგრამ ან არ უთამაშიათ, ან კიდევ თავი ვერაფრით გამოიჩინეს: მანჩესტერ იუნაიტედის" 10 ნომერი ადნან იანუზაი გახლავთ, მაგრამ ახალგაზრდა ბელგიელი "ბაიერთან" განაცხადში არ ყოფილა (იანუზაი ვერც დიდების განაცხადში მოხვდა).
"ლევერკუზენის" განაცხადში კი უვე ზეელერის შვილიშვილი ლევინ იოზთუნალია, ვინც ასევე ძირითადი გუნდის წევრიც გახლავთ და იანუზაის მსგავსად, მასაც არ უთამაშია.
ცნობილი ფეხბურთელების შთამომავლებზე თუ მიდგა საქმე, გეტყვით, რომ მადრიდის "რეალის" რიგებში ცვლილებაზე გამოვიდა და მოედანზე 18 წუთი დაჰყო ენცო ფერნანდესმა. თუ მისი სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, მოგახსენებთ, რომ 18 წლის ფრანგი დედის გვარზეა, მამა კი გვარად ზიდანი გახლავთ...
ფოტოზე: მამა-შვილი ზოგჯერ ერთადაც ბურთაობს
ორი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია პსჟ-ის განაცხადში, თუმცა ერვინ ონგენდას და ადრიენ რაბიოს "ოლიმპიაკოსთან" არ უთამაშიათ.
ნათან აკე (ჰოლანდია), ლუის ბეიკერი, ალექსანდერ კივომია, ისაია ბრაუნი (ბელგია) - "ჩელსის" ნიჭიერმა ფეხბურთელებმა "ბაზელთან" ითამაშეს და დიდებისგან განსხვავებით, დიდი ანგარიშითაც იმარჯვეს.
სამწუხაროდ, ძირითადი ტურნირისა არ იყოს, საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელს ვერც 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაში ვხვდებით, თუმცა ერთმა ქართველმა ამ დღეებში მაინც იასპარეზა: დონეცკის "შახტარის" რიგებში მოედანზე 90 წუთი უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების წევრმა ბექა ვაჩიბერაძემ გაატარა.
ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძემ "შახტარის" შემადგენლობაში ითამაშა
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. I ტური
A ჯგუფი
სოსიედადი-შახტარი 3:2
გოლები: 0:1 მირანიანი (9), 1:1 მარკელანსი (16), 2:1 გურიდი (33), 3:1 ბაუტისტა (39), 3:2 კოვალენკო (88)
მანჩესტერ იუნ.-ლევერკუზენი 4:3
გოლები: 1:0 უილსონი (4), 2:0 პირსონი (10), 2:1 ბრასნიჩი (27), 2:2 ბრასნიჩი (29), 2:3 ვაგენერი (61), 3:3 პერეირა (71), 4:3 უილსონი (89-პენ)
B ჯგუფი
კოპენჰაგენი-იუვენტუსი 2:2
გოლები: 1:0 მარინი (12-საკ. კარში), 1:1 გარსია (26), 1:2 საკორი (62), 2:2 ვოლგემუტი (90+4-პენ)
გალათასარაი-რეალი 1:1
გოლები: 1:0 ტაში (15), 1:1 ნარვაესი (16)
C ჯგუფი
ბენფიკა-ანდერლეხტი 3:0
გოლები: 1:0 როჩინა (45), 2:0 სანტოსი (60), 3:0 გომეში (90)
ოლიმპიაკოსი-პსჟ 0:0
D ჯგუფი
პლზენი-მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 0:1 ბიტიქი (10), 0:2 მარკოს ლოპეში (31), 1:2 კრატოხვილი (51), 1:3 დ. კოული (54), 1:4 მარკოს ლოპეში (63)
ბაიერნი-ცსკა 0:2
გოლები: 0:1 გეორგიევსკი (64), 0:2 ბორზიხი (88)
E ჯგუფი
ჩელსი-ბაზელი 4:0
გოლები: 1:0 კადოიცი (20-საკ. კარში), 2:0 სვიფტი (27), 3:0 ფერუზი (67), 4:0 კივომია (88)
შალკე-სტიაუა 3:0
გოლები: 1:0 კოსელერი (16), 2:0 ომერბაშიჩი (57), 3:0 მულტჰაუპი (79)
F ჯგუფი
მარსელი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 აივობი (6), 0:2 გნაბრი (55), 0:3 გნაბრი (60), 1:3 ილიევი (76-საკ. კარში), 1:4 ჯები (78)
ნაპოლი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 ტუტინო (16-პენ)
G ჯგუფი
აუსტრია-პორტუ 3:0
გოლები: 1:0 ზივოტიჩი (10), 2:0 პროკოპი (37), 3:0 მიხორლი (55)
ატლეტიკო-ზენიტი 4:2
გოლები: 1:0 ბორხა მარტინესი (23), 2:0 ჯონი (35), 3:0 კალერო (43), 4:0 ივი (69), 4:1 სიმონიანი (76-პენ), 4:2 გასილინი (88)
H ჯგუფი
მილანი-სელტიკი 3:1
გოლები: 1:0 პინატო (7), 1:1 ლინდსეი (44), 2:1 პინატო (50-პენ), 3:1 ტამაში (75)
ბარსელონა-აიაქსი 4:1
გოლები: 0:1 აკოლატსე (19), 1:1 კინტილია (45), 2:1 ელ ჰადადი (53), 3:1 ელ ჰადადი (74), 4:1 ებველე (84)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია - "ასტონ ვილამ" მომავლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო