მადრიდის "ატლეტიკომ" პორტუგალიაში თამაში თავის სასარგებლოდ მეორე ტაიმში შეატრიალა, "ჩელსიმ" ბუქარესტში დამაჯერებლად მოიგო, "მილანი" კი 94-ე წუთზე გადარჩა.
სამშაბათის მატჩებში სენსაციური შედეგი არ დაფიქსირებულა, მაგრამ მოსაყოლი მაინც ბევრია.
E ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 2 2 0 0 4-0 6
2. ჩელსი 2 1 0 1 5-2 3
3. ბაზელი 2 1 0 1 2-2 3
4. სტიაუა 2 0 0 2 0-7 0
ბაზელი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 დრაქსლერი (54)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე)
"ბაზელმა" "შალკესთანაც" კ
გელზენკირხენულმა კლუბმა იულიან დრაქსლერის ეფექტური გოლით მოიგო, შვეიცარიელთა მხრიდან კი საუკეთესო მომენტი მარკო შტრელერს ჰქონდა. ამრიგად, ორი ტურის შემდეგ "შალკე" ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და "ბაზელის" სტუმრად დამარცხების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
შეხვედრის დაწყებიდან 4 წუთში ბუნების დამცველთა ორგანიზაცია "გრინპისის" აქტივისტებმა მსაჯი ალბერტო უნდიანო მალენკო იძულებული გახადეს, მატჩი ცოტა ხნით შეეჩერებინა. გრინპისელებმა "სტ. იაკობ პარკის" სახურავიდან დიდი ყვითელი ბანერი ჩამოუშვეს, რომლითაც რუსულ ნავთობ-გიგანტს, "გაზპრომს" გამოუცხადეს პროტესტი.
როგორც იცით, "გაზპრომი" არა მარტო "შალკეს", არამედ ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის სპონსორიცაა.
იულიან დრაქსლერი (შალკე):
"პირველ ტაიმში, უმეტესად, მარცხენა ფლანგიდან ვუტევდი და როგორც ნახეთ, ბევრი არაფერი გამომივიდა.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ ბაზელში გამარჯვების შემდეგ საწუწუნო არაფერი გვაქვს. გოლის დროს ცოტათი გამიმართლა კიდეც."
სტიაუა-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 რამირესი (20), 0:2 გეორგიევსკი (44-საკ. კარში), 0:3 რამირესი (55), 0:4 ლემპარდი (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრე შიურლე (ჩელსი)
ბუქარესტის "სტიაუა" ჯგუფის აუტსაიდერის სტატუსს ასი პროცენტით ამართლებს: ორი წაგება, შვიდი მიღებული და არცერთი გატანილი ბურთი - ორი ტურის შემდეგ რუმინელები "ცარიელ-ტარიელები" არიან.
"ბაზელთან" მოულოდნელი წაგების შემდეგ "ჩელსი" ვალდებული იყო, ბუქარესტიდან სამი ქულა წაეღო და ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მიზანს უპრობლემოდაც მიაღწიეს; აი, გერმანელი ანდრე შიურლესთვის კი ეს გამარჯვება უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დაგეგმილი მოგება.
შიურლემ ორ გოლში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და საფინალო სასტვენის შემდეგ მოურინიოსთან გულითადი ჩახუტება დაიმსახურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შიურლემ "ჩელსის" ფორმით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
ლაურენციუ რეგეკამპფი ("სტიაუას" მთავარი მწვრთნელი):
"სამწუხაროდ, მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან მიამიტები ვიყავით. ლონდონელებს პირველი და მეორე გოლები ვაჩუქეთ და რა გასაკვირია, რომ მეორე ტაიმში ამოქაჩვა გაგვიჭირდა. თანაც, ბიჭებმა ჩემი დავალებებიც ვერ შეასრულეს."
ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მთავარი მწვრთნელი):
"თამაშს ვაკონტროლებდით, ინტელიგენტური ფეხბურთი ვითამაშეთ. ბუქარესტში მოგება არც ისე ადვილია, როგორც ეს ამ შედეგიდან ჩანს."
F ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 2 2 0 0 4-1 6
2. დორტმუნდი 2 1 0 1 4-2 3
3. ნაპოლი 2 1 0 1 2-3 3
4. მარსელი 2 0 0 2 1-5 0
არსენალი-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 იოზილი (8), 2:0 ჟირუ (15)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლივიე ჟირუ (არსენალი)
სამშაბათს 17 წელი შესრულდა მას მერე, რაც არსენ ვენგერი ლონდონის "არსენალის" მწვრთნელია. 2:0 "ნაპოლისთან" - ფრანგი მწვრთნელი იმ დღეს ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ ინატრებდა.
"მეთოფეებმა" ორი სწრაფი გოლი გაუტანეს და მერე ისე განაგრძეს თამაში, რომ ნეაპოლელები უშანსოდ ჩანდნენ.
15 წუთში 2:0 "არსენალმა" ნამდვილად დაიმსახურა - ლონდონელები განსაკუთრებით პასების სიზუსტით გამოირჩეოდნენ. პირველ ტაიმში თვით აყლაყუდა ცენტრალურმა მცველმა პერ მერტეზაკერმაც კი 48 პასი გააკეთა და, რაც მთავარია, მისი ყველა გადაცემა ზუსტი იყო.
მეორე ტაიმში ლონდონელებმა ტემპი დააგდეს, მაგრამ ნეაპოლელებს მაინც არაფერი გააბედვინეს. შესაბამისად, "ემირეითსზე" დრო "არსენალის" ფანების სიმღერის ფონზე მიილია.
არსენ ვენგერი ("არსენალის" მთავარი მწვრთნელი):
"დიდი ხანია, ისე კარგად აღარ გვითამაშია, როგორც დღეს პირველ ტაიმში ვითამაშეთ. ჯგუფური ეტაპის ბოლომდე კიდევ 4 მატჩია - ამით იმის თქმა მინდა, რომ მერვედფინალში ჯერ არ გავსულვართ. ფაქტი ისაა, რომ სწორ გზას ვადგავართ."
რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი):
"როცა 15 წუთის შემდეგ "არსენალთან" 0:2-ს აგებ, ასეთი მატჩის გადარჩენა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, თუმცა მომხდარის გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ამ ჯგუფში ყველაფერი შესაძლებელია."
დორტმუნდი-მარსელი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (19), 2:0 როისი (52), 3:0 ლევანდოვსკი (80-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კევინ გროსკროიტცი (დორტმუნდი)
"ნეაპოლში" წაგების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" ძალები მოიკრიბა და მარსელის "ოლიმპიკი" ჩვეულ სტილში, სწრაფი ფეხბურთით, მაქსიმალური პრესინგითა და კომბინაციური გოლებით 3:0 დაამარცხა.
შესაბამისად, დორტმუნდელები ჯგუფიდან გასვლისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში დაბრუნდნენ, "მარსელი" კი ორი ტურის შემდეგ ისევ უქულოდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ველოდრომელებს მერვედფინალში გასვლა გაუჭირდებათ. არადა, "მარსელს" ნამდვილად არ ჰყავს ცუდი გუნდი...
იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი):
"დაცვიდან შეტევაში გადასვლა და ბურთის დაკარგვის შემდეგ მისი დაბრუნება ძალიან კარგად გამოგვდიოდა. "მარსელს" ფიზიკურად ძლიერი, ტაქტიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჰყავს და მიხარია, რომ ასეთი დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ."
G ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 5-2 6
2. პორტუ 2 1 0 1 2-2 3
3. აუსტრია 2 0 1 1 0-1 1
4. ზენიტი 2 0 1 1 1-3 1
პორტუ-ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ჯეკსონ მარტინესი (16), 1:1 გოდინი (58), 1:2 არდა თურანი (86)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გაბი (ატლეტიკო)
"დრაგაოზე" სამივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა. "ატლეტიკოს" გასულ უქმეებზე მადრიდული დერბი ჰქონდა მოგებული და ემოციურად გადაღლილი ჩანდა, "პორტუმ" კი ძალიან კარგად ითამაშა და შესაბამისად, "ატლეტიკოს" გამარჯვება არც ისე ლოგიკურია.
პირველი ტაიმი პორტუგალიელებმა ჯეკსონ მარტინესის გოლით მოიგეს, მეორე ტაიმში კი ესპანელებმა თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს, ოღონდ არდა თურანის გოლი, რომელიც გამარჯვებისა იყო, ერთობ მოულოდნელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. თანაც, თურქ ფეხბურთელზე თამაშგარე მდგომარეობა ჩანდა.
პირველ ტაიმში "პორტუს" დიდი უპირატესობა ჰქონდა და როგორც ჩანს, "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ შესვენებაზე შეგირდები ზუსტად იმ სიტყვებით დამოძღვრა, რაც მადრიდელებს სჭირდებოდათ.
ფაქტია, რომ "როხიბლანკომ" მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ დაიწყო და გოდინის გოლიც ლოგიკური გამოდგა. ამის შემდეგ ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა მანამ, სანამ თურანმა გამარჯვებისა არ შეაგდო.
პაულო ფონსეკა ("პორტუს" მწვრთნელი):
"საბოლოო შედეგი უდიდესი უსამართლობაა, რადგან პირველ ტაიმში სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშეთ. პრინციპში, მეორე ნახევარშიც არა გვიშავდა, წაგებას კი მართლა არ ვიმსახურებდით."
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი):
"მეორე ტაიმში თითოეულმა ფეხბურთელმა ძალიან მოინდომა და კარგია, რომ ბიჭებს შრომა დაუფასდათ."
ზენიტი-აუსტრია 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მანუელ ორტლეხნერი (აუსტრია)
ნულოვანი ფრე, რომელიც ვენის "აუსტრიასთვის" გამარჯვების ტოლფასია და რაშიც გერმანელ არბიტრ დენიზ აითექინს მნიშვნელოვანი როლი აქვს. აითექინმა "ზენიტი" ზუსტად მაშინ დატოვა კაცნაკლული, როცა პეტერბურგელებმა აგრესიულად შეუტიეს და შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიელთა კარში გოლი მწიფდებოდა.
იმსახურებდა თუ არა აქსელ ვიტსელი გაძევებას?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილი არ არის, მაგრამ არც ძნელია, რადგან ვიტსელმა მოედნის ცენტრში იუხეშა და თანაც, არც ისე სასტიკად, რომ წითელი ბარათი დაემსახურებინა. შესაბამისად, განრისხებულმა ფანებმა მსაჯები გასახდელში გამაყრუებელი სტვენის ფონზე შეაცილეს.
მსაჯმა ვიტსელი პირველი ტაიმის მიწურულს გააგდო. შესაბამისად, ავსტრიელებმა მეორე ნახევარში რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და თამაში გააკონტროლეს, მაგრამ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე მეტი ვერაფერი მოახერხეს.
H ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 5-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1-5 1
4. სელტიკი 2 0 0 2 0-3 0
აიაქსი-მილანი 1:1
გოლები: 1:0 დენსვილი (90), 1:1 ბალოტელი (94-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრისტიან აბიატი (მილანი)
მარიო ბალოტელიმ "მილანს" ამსტერდამში ქულა 94-ე წუთზე მოპოვებული და კარგად შესრულებული პენალტით გადაურჩინა. იტალიელები ამ ქულით ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან "როსონერის" თამაში არც მეორე ტურში წაუვიდა.
პირველ ტაიმში, ბურთის ფლობის მხრივ, "აიაქსს" 75-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, "მილანმა" კი ფეხბურთის თამაში 52-ე წუთიდან დაიწყო, როცა ბალოტელიმ ჯარიმა დაარტყა - ეს იყო მილანელთა პირველი დარტყმა "აიაქსის" კარში. თუმცა იტალიელები კარგი მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ.
ჰოლანდიელებმა კი 90-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხეს - დენსვილმა კუთხურიდან თავით იხეირა. თუმცა ამსტერდამელებს ზეიმი მალევე ჩაუმწარდათ და მიიღეს ფრე, რომელიც "აიაქსისთვის" ამ სიტუაციაში წაგების ტოლფასია. ვან დერ ჰურნმა ბალოტელი საჯარიმოში დასცა, მარიომ პენალტი თვითონვე დაარტყა და "როსონერის" უმნიშვნელოვანესი ქულა გადაურჩინა.
სხვათა შორის, ბალოტელის პენალტი "მილანის" მხოლოდ და მხოლოდ მესამე ზუსტი დარტყმა იყო...
ფრანკ დე ბური ("აიაქსის" მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამწუხაროა, რომ დიდხანს ვერ შევძელით გოლის გატანა. გოლის შემდეგ დაცვაში ყურადღება მოვადუნეთ, რაც ძალიან უხეში შეცდომაა."
მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მთავარი მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში მხოლოდ თავს ვიცავდით, მეორე ნახევარში კი აზრიანად შევუტიეთ და ვფიქრობ, რომ მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ კუთხურის დროს დაცვაში შეცდომა დავუშვით, რაც გაშვებული გოლის ფასად დაგვიჯდა. კარგია, რომ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოვახერხეთ. ახლა კი ვალდებულები ვართ, რომ ფრითაც კმაყოფილები ვიყოთ."
სელტიკი-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ფაბრეგასი (75)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნეიმარი (ბარსელონა)
"სელტიკმა" შარშანდელი (1:0 "ბარსელონასთან") ვეღარ გაიმეორა, რაც დიდწილად სკოტ ბრაუნის ბრალია. გლაზგოელთა კაპიტანმა მეორე ტაიმიდან "ცეცხლი დაანთო", ბევრს უხეშობდა, ნეიმართან სასტიკი ორთაბრძოლის შემდეგ კი მოედნიდან მიაბრძანეს და "სელტიკი" 59-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა.
რომ არა ეს გაძევება, შოტლანდიურ კლუბს შეიძლებოდა, მინიმუმ 0:0 შეენარჩუნებინა, მაგრამ ბრაუნის გაგდების მერე "ბარსელონა" ეფექტურად ათამაშდა და ანგარიში გახსნა.
საერთო ჯამში, მესის გარეშე დარჩენილმა "ბარსამ" მაინცდამაინც კარგი ფეხბურთი ვერ ითამაშა. მართალია, კატალონიელებს ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ არ იცოდნენ, მომენტებს ვერ ქმნიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"