ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. H ჯგუფი: ფრე "ბარსას" სასარგებლოდ? [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. H ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 3 2 1 0 6-1 7
2. მილანი 3 1 2 0 4-2 5
3. სელტიკი 3 1 0 2 2-4 3
4. აიაქსი 3 0 1 2 2-7 1

გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს "სან სიროს" მატჩი იწვევდა, სადაც ერთმანეთის პირისპირ H ჯგუფის ფავორიტები: "მილანი" და "ბარსელონა" წარსდგნენ.

იტალიელები დიდი დანაკლისით დაუხვდნენ კატალონიურ გრანდს და ბუნებრივია, ფავორიტად სწორედ "ბარსა" იყო შერაცხილი. თუმცა, სერია A-ში ცუდად მოასპარეზე "მილანმა" კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული მობილიზება შეუძლია.

ვერ დავიჩემებთ, რომ ლომბარდიელებმა საოცარი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ მთლიანობაში, ბევრი არაფერი დაუთმეს მეტოქეს და გამარჯვებაც თავისუფლად
შეეძლოთ.

მასიმილიანო ალეგრიმ ფრთხილი ტაქტიკა შეარჩია და სამი გამოკვეთილი შემტევით მოასპარეზე მეტოქეს 4-3-2-1 სქემა დაუპირისპირა. ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი რობინიო იყო, ფლანგიდან კი მას ვალტერ ბირსა და რიკარდო კაკა ეხმარებოდნენ.

რაც შეეხება "ბარსელონას", რიკარდო მარტინომ შეტევის წინა ხაზზე ლეო მესის, ალექსის სანჩესის და ნეიმარის ტრიო გაამწესა - ეს უკანასკნელი ხშირად იწევდა სიღრმეში და იქიდან ცდილობდა იერიშების წამოწყებას. ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მომენტიც მეტი შექმნეს, მაგრამ მაინც ვერ დავიჩემებთ, რომ თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს მატჩი, აუცილებლად "ბარსა" უნდა ყოფილიყო...

მილანელები მწარედ იჩხვლიტებოდნენ კონტრშეტევებზე და გატანის რამდენიმე რეალური შანსიც გაატანეს ქარს. განსაკუთრებით ეს რობინიოზე ითქმის, რომელმაც ერთ ეპიზოდში სალი მუნტარის დიდებული პასი ვერ შეიშნოვა და გოლკიპერთან პირისპირ დარჩენილმა ბურთს ფეხი ააცილა.

გოლები ეფექტური გავიდა - ჯერ კიდევ მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რობინიომ მცველს ბურთი მოპარა, კაკასთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და გახსნა ანგარიში, 1:0.

ესპანელებმა მასპინძელთა მცველების შეცდომით ისარგებლეს, ლეო მესიმ ბურთი საჯარიმოში მიიღო, ერთ მეტოქეს გვერდი აუარა, ორთაბრძოლაში წონასწორობა შეინარჩუნა და ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგორა, 1:1.

მეორე ნახევარში გუნდებს არ გაურისკავთ, ქულით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მილანი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 რობინიო (9), 1:1 მესი (24).
მილანი (4-3-2-1): ამელია - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - მუნტარი, დე იონგი, მონტოლივო - ბირსა (80. პოლი), კაკა (71. ემანუელსონი) - რობინიო (64. ბალოტელი).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ხავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (74. ფაბრეგასი), ნეიმარი (81. პედრო), მესი.
გაფრთხილება: მონტოლივო, მუნტარი - სანჩესი, ფაბრეგასი.
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-13(2-6); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 80 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ხერარდო მარტინო: აშკარად მეტს ვიმსახურებდით
მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონამ" ერთადერთი შეცდომა არ გვაპატია

* * *
გლაზგოში "სელტიკმა" "აიაქსს" უმასპინძლა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მართალია, შოტლანდიელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს, მაგრამ მათი უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. მასპინძლები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გაუშვეს ის ერთადერთი გოლი.

"სელტიკმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და თუ ამსტერდამშიც იძალა, "მილანს" მეორე ადგილისთვის და შესაბამისად, პლეი ოფში გასვლისთვის შეებრძოლება.

თუმცა ჰოლანდიაში ფავორიტი უკვე "აიაქსი" იქნება და იქ სულ სხვა თამაში წავა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სელტიკი-აიაქსი 2:1
გოლები: 1:0 ფორესტი (45-პენ.), 2:0 კაიალი (54), 2:1 შონე (90).
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუშტიგი (77. ბიტონი), ვან დიკი, ამბროზი, მალგრიუ - პუკი (90. ბალდე), კაიალი (71. ლედლი), იზაგუირე, სამარასი - ფორესტი, სტოუკსი.
აიაქსი (4-3-2-1): სილესენი - ვან დიკი (80. შონე), დენსვილი, ველტმანი, ბლინდი - დე იონგი, პოულსენი (67. ბოილსენი), სერერო - ანდერსენი, ფიშერი (74. დე სა) - სიგტორსონი.
გაფრთხილება: ვან დიკი - ველტმანი, პოულსენი.
გაძევება: ბიტონი (88. სელტიკი).
კუთხური: 9-9; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-10(4-4); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 50 000

მომდევნო ტური
7 ნოემბერი:
ბარსელონა-მილანი, აიაქსი-სელტიკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული