ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. E ჯგუფი: "ელ ნინიოს" დუბლი იუბილეზე [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. E ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 2 0 1 8-2 6
2. შალკე 3 2 0 1 4-3 6
3. ბაზელი 3 1 1 1 3-3 4
4. სტიაუა 3 0 1 2 1-8 1

ლონდონის "ჩელსიმ" გელზენკირხენში ზუსტად იმდენი ძალა დახარჯა, რამდენიც სჭირდებოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ მასპინძლებმა ჟოზე მოურინიოს ამოცანა ერთიორად გაუადვილეს.

"ლურჯები" უკვე მე-5 წუთზე დაწინაურდნენ - მათ მოწოდებულ კუთხურს "შალკეს" დაცვის ჩავარდნა მოჰყვა. ბრანისლავ ივანოვიჩმა შორეულ ძელთან დააგდო ბურთი, რომელიც ცარიელ კარში ფერნანდო ტორესმა გადაგზავნა.

იენს კელერის გუნდს ერთი-ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი კი შეექმნა, მაგრამ 68-ე წუთზე ყველაფერი დასრულდა - ახალგაზრდა
მაქს მეიერმა უხეში შეცდომა დაუშვა, რომელიც თანაგუნდელებმა ვერ გამოასწორეს, ოსკარისგან ბურთი კვლავაც "ელ ნინიოსთან" აღმოჩნდა და ტორესმაც დუბლი გაიფორმა.

ესპანელის გოლები "ჩელსის" ქომაგებს განსაკუთრებით გაახარებდათ, თანაც, ეს ხომ მისი მე-100 შეხვედრა იყო "ლურჯების" ძირითად შემადგენლობაში. წერტილი კი დახვეწილად მოთამაშე ედენ აზარმა 87-ე წუთზე დასვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შალკე-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 ტორესი (5), 0:2 ტორესი (68), 0:3 აზარი (87)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, აოგო - ნოიშტედტერი, ჯონსი (71. კოლაშინაცი) - კლემენსი, მეიერი (78. გორეცკა), დრაქსლერი - ბოატენგი (71. სალაი).
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი - ოსკარი (82. დავიდ ლუისი), რამირესი, ლამპარდი - შურლე (72. მიკელი), ტორესი, აზარი (88. ეტო'ო).
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
გაფრთხილება: ჯონსი, ნოისტედტერი, კეჰილი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 8-9 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13-11 (7-4) ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 54 442

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჟოზე მოურინიო: ახლა შეგვიძლია ჯგუფში პირველ ადგილზეც ვიფიქროთ

* * *
"ბაზელის" მიერ ლონდონში მოპოვებულმა სამმა ქულამ ამ ჯგუფში სიტუაცია აურ-დაურია და სტუმრებს მშვენივრად ესმოდათ, რომ ამ შეხვედრაში მოგება მათ პლეი ოფში გასვლის მშვენიერ შანსებს აძლევდათ.

მურატ იაკინი შემტევი შემადგენლობით და ტაქტიკით გავიდა მინდორზე და "ბაზელი" ფლობდა კიდეც უპირატესობას. ჯერ ბულგარელ ივან ივანოვის დარტყმის მერე მაკედონიელმა დანიელ გეორგიევსკიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი; მერე კუთხურისას მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუმ იყოჩაღა, ხოლო ტაიმის ბოლოსკენ ბეჰრან საფარიმაც გაუშვა შანსი.

სამაგიეროდ, სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს ბოლო-ბოლო გატანა და წინ გავიდნენ. თავი ჩილელმა მარსელო დიასმა გამოიჩინა, რომელიც თავის დროზე სერდან შაჩირის შემცვლელად იყიდეს, დაახლოებით 5 მილიონად.

სამხრეთამერიკელი თითოეულ ევრო-ცენტს ბოლომდე გაამართლებდა, "ბაზელს" მისი კოხტა გოლით რომ მოეგო და საბოლოოდ ჯგუფიდან გაეღწია, მაგრამ...

88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლეანდრო ანჟელო მარტინსმა ან უბრალოდ - ლეანდრო ტატუმ - ანგარიშის გათანაბრება ასევე ძალიან ლამაზი გოლით შეძლო და თითქმის მთელი მატჩის მანძილზე უკეთ მოთამაშე "ბაზელს" გეგმები აურია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტიაუა-ბაზელი 1:1
გოლები: 0:1 დიასი (48), 1:1 ლეანდრო ტატუ (88)
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - გეორგიევსკი, სუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - ბურჩეანუ, პინტილი (59. ფილიპი) - პოპა, სტანჩუ (58. ლეანდრო ტატუ), ტანასე - პიოვაკარი (46. კაპეტანოსი).
ბაზელი (4-3-3): ზომერი - ფოზერი, ივანოვი, შერი, საფარი (68. ტ. ჯაკა) - დიასი, დიე (87. აიეტი), ფ. ფრაი - სალა, შტრელერი (74. ელ ნენი), შტოკერი.
არბიტრი: მატეი იუგი (სლოვენია)
გაფრთხილება: -
კუთხური: 6-7 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 6-0 კარში დარტყმა: 14-13 (7-8) ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 23 899

მომდევნო ტური
6 ნოემბერი:
ჩელსი-შალკე, ბაზელი-სტიაუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული