შესაბამისად, "მილანი" უფრო მეტად აქეს, ვიდრე გააკრიტიკეს და ეს სრულიად ბუნებრივიც გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლომბარდიული გრანდი დიდი დანაკლისით შეხვდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან პაექრობას. განსაკუთრებით, ეს შეტევაზე ითქმის - სტეფან ელ შაარავი და ჯამპაოლო პაცინი განაცხადშიც არ იყვნენ, მარიო ბალოტელიმ კი მხოლოდ დასკვნითი ნაწილი ითამაშა და
მოკლედ, ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როდესაც "მილანი" "სან სიროზე" ფავორიტი არ იყო და შესაბამისად, ქულა აქტივში ჩაეწერა.
ნამატჩევს, არც მასიმილიანო ალეგრი უჩიოდა უგუნებობას:
"მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მრისხანე მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და ქულა ავიღეთ. დღეს შევქმენით გაცილებით მეტი მომენტი, ვიდრე გასულ სეზონში, როდესაც "ბარსა" "სან სიროზე" 2:0 დავამარცხეთ.
ერთი ეგაა, რომ მეორე გოლი ვერ შევაგდეთ და ერთ ეპიზოდში დაცვაში დაშვებული შეცდომა ძვირად დაგვიჯდა.
როდესაც "ბარსელონასთან" თამაშობ, კონცენტრაცია ერთი წუთითაც არ უნდა დაკარგო, რადგან ხიფათი ნებისმიერი ზონიდან შეიძლება გემუქრებოდეს. ჩვენ ის ერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამის გამო შეგირდებს ვერაფრით ვუსაყვედურებ.
მათ ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად, რაც გამოუვიდათ კიდეც. დიახ, "ბარსასთან" ფრე ურიგო შედეგი სულაც არაა, მით უმეტეს, მდევარ "სელტიკს" ორი ქულით ვუსწრებთ.
რაც მთავარია, ამ "მილანს" გაცილებით მეტი შეუძლია".
მოგებამდე სითამამე დააკლდათ
"მილანმა" ერთი ფორვარდით ითამაშა და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებს რობინიო-ბალოტელის ტანდემის ხილვა სურდათ.
ბევრის აზრით, მარიოს შეტევაში ინერტული ვალტერ ბირსა უნდა შეეცვალა, ფლანგზე ბრაზილიელი გადასულიყო და მისი ადგილი სწორედ ბალოტელის დაეკავებინა. ალეგრიმ ბირსას შეცვლა ვერ გარისკა, რობინიო მოხსნა თამაშიდან და ამით მასპინძელთა შემტევი პოტენციალი შეასუსტა.
"კორიერე დელო სპორტმა" პირდაპირ დაწერა, რომ კარგად მოთამაშე "მილანს" გამარჯვებისთვის ალეგრის სითამამე დააკლდა. მწვრთნელს თავისი პოზიცია აქვს:
"ჩვენი ლაზარეთი ჯერ კიდევ სავსეა, დარჩენილი ფეხბურთელები კი იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ არიან. ბოლო წუთებში ზონების მოშიშვლება დამღუპველი იქნებოდა და ამიტომ ბირსას ნაცვლად ბალოტელის შეყვანა არც კი მიფიქრია.
ვალტერი ურბი ემანუელსონმა შეცვალა, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც შეტევაში, ისე დაცვაში".
ბრავო, კაკა
რიკარდო კაკამ ისე ითამაშა, როგორც ძველ, კარგ დროს. თითქოს წონაშიც დაკლებულია, ან შესაძლოა "მილანის" მუქი ფერების ფორმა ახდუნებს, მაგრამ ფაქტია, რომ "ბარსელონასთან" ვიხილეთ ისეთი რიკი, რომელიც სწორედ კარლო ანჩელოტის "როსონერიდან" გვახსოვს.
კაკამ უზარმაზარი სამუშაო გასწია დაცვაში და ეფექტური იყო შეტევაში - მარტო საგოლე პასი რად ღირს, რომელიც რობინიოს "დაუხატა".
როგორც მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, კაკამ "მილანს" თავდაჯერებულობა შემატა - რომ აღარაფერი ვთქვათ ტექნიკასა და ზოგადად, კლასზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონამ" ერთადერთი შეცდომა არ გვაპატია