"არსენალი": ზედმეტი არაფერი ვარგა

AutoSharing Option
"დორტმუნდთან" წაგების შემდეგ არსენ ვენგერი პრესკონფერენციაზე დროულად გამოცხადდა და ჟურნალისტების შეკითხვებს დაუზარებლად უპასუხა. 64 წლის ფრანგის აზრით, გერმანიის ვიცე-ჩემპიონებთან მისმა გუნდმა ზედმეტად მოინდომა და მარცხიც ამის ბრალი იყო. აი, რა თქვა მან:

- უსიამოვნო და გულსატკენი მარცხი ვიწვნიეთ. აშკარაა, რომ შეტევაში უკეთ უნდა გვეთამაშა, ბევრად უფრო სწრაფად. ფეხბურთელებს მოგება ისე ძალიან უნდოდათ, რომ საბოლოოდ დაავიწყდათ, ჯობდა, არწაგებაზე მაინც ეთამაშათ. ცუდია, რომ მეტოქეს უკანასკნელი ძალები დავახარჯეთ, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მივიღეთ.

ალბათ, ზომაზე მეტად ვნერვიულობდით, რამაც "ბორუსიას" საკუთარი ძალების რწმენა გაუძლიერა.
ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ გარკვეული პერიოდი გაგვიჭირდა სადავეების ხელში ჩაგდება. მეორე ტაიმში უკვე საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, როცა მეორე გოლი მივიღეთ. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არა უშავს, ეს გუნდის შენების პროცესის ნაწილია. მართალია, ძლიერ ჯგუფში ვართ, მაგრამ პლეი ოფში გასვლა ნამდვილად შეგვიძლია. მიზნის მისაღწევად ახლა გასვლით შეხვედრებში მოგვიწევს ბრძოლა.

უილშირი: ყველაფერი კარგად არის
ვენგერმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯეკ უილშირი მე-60 წუთზე შეცვალა, რისი მიზეზიც კოჭის ტრავმა გახდა. 21 წლის ფეხბურთელი აღნიშნული პრობლემის გამო თავის დროზე 17 თვე ვერ თამაშობდა. გულშემატკივარი ამჯერადაც შეშფოთდა, თუმცა უილშირმა ისინი თავად დაამშვიდა.

"ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ტკივილმა შემაწუხა. მსგავსი რამ ადრეც არაერთხელ მომსვლია. თავს უკვე კარგად ვგრძნობ," - გვამცნო ფეხბურთელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. F ჯგუფი: "დორტმუნდმა" "არსენალი" მიწაზე დაუშვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული