ლონდონის "ჩელსი": გამოცდილება, პანიკა და თავბრუსხვევა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი სტარტის შემდეგ ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და თანაც, ისევ "მშრალად".

ლონდონელები E ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. ჟოზე მოურინიოს უკვე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ერთია სტატისტიკა, მთავარი მაინც თამაშის ხარისხია; ამ მხრივ კი, "ჩელსის" არაფერი დაეწუნება. პორტუგალიელი პრესკონფერენციაზე შესანიშნავ განწყობაზე გახლდათ.

- ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა, რომ გოლების ავტორები გამომეყო, რადგან ტორესიც და აზარიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. თუმცა ჩვენს წარმატებას უკანა ხაზის დამაჯერებელმა თამაშმა ჩაუყარა საფუძველი.

ვიცოდით, რამდენად სახიფათო შეიძლებოდა ყოფილიყო "შალკე" საკუთარ კედლებში და ტაქტიკაც
ამის მიხედვით ავირჩიეთ. რაც ჩავიფიქრეთ, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ცოტა გაგვიჭირდა, რადგან მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს.

მიუხედავად ამისა, კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა ალალად დავიმსახურეთ. საშინაო მარცხის შემდეგ ბოლო ადგილზე ვიყავით, დღეს კი უკვე ლიდერები ვართ.

საკმაო გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ პირველივე ფეხის დაცდენის შემდეგ პანიკაში არ ჩავვარდე და მომდევნო წარმატებების შემდეგ სიხარულისგან თავბრუ არ დამეხვეს. ვცდილობ, ყველაფერი მშვიდად გავაანალიზო. ამ წუთისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ ჯგუფიდან გასვლაა, თუმცა შინ ორი თამაში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მოვახერხებთ.

ფერნანდოს მეასე
ფერნანდო ტორესმა "შალკესთან" თავისი მე-100 თამაში ჩაატარა "ჩელსის" რიგებში.

"ელ ნინიოს" დიდი ხანია ბრალს სდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ შედეგიანობას უკლო. ამჯერად კი ყველაფერი რიგზე იყო. რომ არა უიღბლობა, ესპანელი ჰეთ თრიქსაც გამოჰკრავდა ხელს.

მეორე ტაიმში მან ოსკარის გადაცემის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა, ედენ აზარის გოლის ეპიზოდში კი ბელგიელს შეეძლო მისთვის გაემართა ხელი, რადგან ის აშკარად უკეთეს პოზიციაზე იმყოფებოდა. აი, რა თქვა მან "ჩელსის" ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში:

"ანგარიშის მიუხედავად, რთული თამაში გამოვიდა, რადგან ეს ის შემთხვევა იყო, როცა შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. პირველ ტაიმში შანსები 50/50-ზე იყო. ჩვენ, უბრალოდ, გაგვიმართლა, როცა ადრეული გოლი გავიტანეთ. დიდწილად ეს ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურმა კლასმა განაპირობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. E ჯგუფი: "ელ ნინიოს" დუბლი იუბილეზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული