ახალი ტაქტიკა
ანტონიო კონტეს საყვარელი ტაქტიკა რომ 3-5-2-ია, ძველი ამბავია და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "რეალთან" თამაშისთვის "იუვენტუსის" მესაჭე ტრადიციას უღალატებდა - დიახ, კონტემ 4-3-3 აირჩია და ცენტრფორვარდად გამწესებულ ფერნანდო ლორენტეს ფლანგებიდან კარლოს ტევესი და კლაუდიო მარკიზიო
ბუნებრივია, კლაუდიო უფრო ხშირად იხევდა უკან და დიდ სამუშაოს ასრულებდა დაცვით ფაზაში. რაც შეეხება დაცვას, ფლანგებზე მარტინ კასერესი და ანჯელო ოგბონა ირჯებოდნენ, ცენტრში კი - ანდრეა ბარცალი და ჯორჯო კიელინი.
"იუვენტუსმა" ითამაშა ფეხბურთი, შესაძლოა უფრო მეტადაც, ვიდრე "მილანმა" "ბარსელონასთან" და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონტეს აქვს საბაბი, 4-3-3 მომავალშიც გამოიყენოს, თანაც აქტიურად. ერთი ეგაა, მარცხენა ფრთაზე ანჯელო ოგბონა იყო მეტად ინერტული და შეტევაში, ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა.
არადა, იმავე "რეალში" ასევე მარცხენა მცველმა მარსელომ აიკლო თავისი ფლანგი. მოკლედ, როდესაც "იუვენტუსი" გქვია და უმაღლესი მიზნები გაქვს, ფლანგის მცველიც ისეთი უნდა გყავდეს, შეტევაში ჩართვა რომ შეეძლოს. იყო გარკვეული პრობლემები შუა ხაზშიც, მაგრამ მთლიანობაში, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც აღნიშნა.
ანტონიო კონტე: "ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა და ყველას დავანახვეთ, რომ 4 მცველით და 3 შემტევით შეგვიძლია თამაში. როდესაც ასეთ გუნდს ხვდები, უნდა იყო ზომიერად აგრესიული და მაქსიმალურად კონცენტრირებული; ჩვენ ზომაზე ოდნავ მეტად აგრესიულნი ვიყავით და საჭიროზე ოდნავ ნაკლებად კონცენტრირებულნი. შედეგად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
მიუხედავად ყველაფრისა, მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა კარგად ითამაშა. ბევრი პრობლემა შევუქმენით "რეალს" მაშინაც კი, როდესაც მოედანზე კაცნაკლულნი დავრჩით. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი ჩვენ ხელშია".
კლაუდიო მარკიზიო: " რეალს" ტურინში აუცილებლად უნდა მოვუგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს დავემშვიდობოთ. ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია და მობილიზება გვმართებს. ესპანელები შეეცდებიან, რომ მერვედფინალური ეტაპის საგზური ტურინშივე მოიპოვონ, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ".
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "რთული მატჩი იყო, რომელშიც მინიმუმ ქულის აღება შეგვეძლო. თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ძლიერ მეტოქეს არაფერში ჩამოვუვარდებოდით და ეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი კაცნაკლულნი ვთამაშობდით.
არ მიყვარს მსაჯობაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენჯერმე მადრიდელთა სასარგებლოდ შეცდნენ. არბიტრს ჯორჯო კიელინი არ უნდა გაეძევებინა და არტურო ვიდალის მოცელვისთვის "რეალის" კარში თერთმეტმეტრიანი დაენიშნა. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ბედს უნდა შევურიგდეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი: გოლანდო! [VIDEO]