"მანჩესტერ იუნაიტედი": ჯერ კიდევ მწვერვალზე ვართ [VIDEO]

AutoSharing Option
"ანოეტაზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რელ სოსიედადი" ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჩაგრა, მაგრამ მას ბედმა უმუხთლა.

ორჯერ ძელს გარტყმული ბურთისა და გაფუჭებული პენალტის დროს სხვა სახელს ვერაფერს მოიფიქრებ. თერთმეტმეტრიანი ცალკე თემაა, რადგან დაცემის მომენტში ეშლი იანგის სიმულაცია იმდენად აშკარა იყო, რომ "იუნაიტედის" თავკაცმა მთელი პასუხისმგებლობა მსაჯს დააკისრა. მოდი, უშუალოდ თამაშზე ლაპარაკს ნუღა გავაგრძელებთ და ჯერ მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ. მაშ ასე:

დევიდ მოიესი: "ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ ჯგუფის ლიდერები ვართ და თანაც, საკმაოდ კარგ პოზიციაში ვიმყოფებით. ისეთ თამაშებში, როგორიც დღეს ვითამაშეთ, მომენტების გამოყენება ჰაერივით
საჭიროა.

სამწუხაროა, მაგრამ დღეს წარმოუდგენელი შანსები გავანიავეთ. განსაკუთრებით, ეს მეორე ტაიმზე ითქმის, როცა შეხვედრას სრულად ვაკონტროლებდით და ვალდებულები ვიყავით, ანგარიში გაგვეხსნა. უნდა მოგვეგო და ამით, პრაქტიკულად, გავინაღდებდით ჯგუფიდან გასვლას. სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დარჩენილ თამაშებში ამას აუცილებლად შევძლებთ.

ფელაინის გაძევება გარკვეულწილად ლოგიკური იყო, რადგან მან რამდენჯერმე უხეშად დაარღვია თამაშის წესი. თუმცა, ვფიქრობ, რომ მეორე ყვითლის ეპიზოდში მას მეტისმეტად მკაცრად მოექცნენ. ეს არ იყო ამ შეხვედრაში არბიტრის მიერ მიღებული პირველი უცნაური გადაწყვეტილება.

რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს: მომენტი გამეორებაზე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ იანგს მეტოქე ნამდვილად შეეხო. აღნიშნულ ეპიზოდში რიცოლი ძალიან ახლოს იყო და მან წესების დარღვევა დააფიქსირა. არ ვიცი და არც მაინტერესებს, როგორი რეპუტაცია აქვს იანგს, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი ასე განსაჯა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო".


უეინ რუნი: "იმედგაცრუებულები ვართ, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ. არადა, ამისთვის შესანიშნავი შანსები გვქონდა. ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მოგება ყოველთვის ძნელია. ცუდი შედეგი ჩვენთვის არც ფრეა. მთავარია, რომ ისევ პირველ ადგილზე ვართ. თანაც, მოვახერხეთ და კარი მშრალად შევინახეთ.

ერთ დღეს პენალტი შეიძლება ყველამ გააფუჭოს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ასე რომ, ვან პერსის თავდაჯერებულობაზე ეს არ აისახება"
.

იანგის სიმულაციათა ისტორია
დევიდ მოიესისგან განსხვავებით, ინგლისში ლამის ყველამ აღიარა, რომ "სოსიედადთან" ნიკოლა რიცოლის მიერ დანიშნული პენალტი რეალურად არ იყო. "დეილი მეილმა" ეპიზოდს ეშლი იანგის სამსახიობო შესაძლებლობების პროდუქტი უწოდა.

სამშობლოში ფეხბურთელის ვარდნამ ვერავინ გააკვირვა, რადგან 28 წლის გარემარბისთვის სიმულაცია არც პირველი ყოფილა და დიდი შანსია, არც უკანასკნელი აღმოჩნდეს. გამოცემამ იანგის ყველაზე დასამახსოვრებელი თეატრალური ვარდნები გაიხსენა.

2013 წლის 14 სექტემბერი. "კრისტალ პალასი" - 2:0. იანგმა შეხვედრაში სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მოგვიანებით "იუნაიტედისთვის" პენალტი მაინც მოიპოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოიესმა განაცხადა: "არ მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა მსგავსი საქციელი ოდესმე კიდევ გაიმეორონ. ამ თემაზე ეშლის აუცილებლად დაველაპარაკები".

2013 წლის 15 აპრილი. "ასტონ ვილა" - 4:0. იანგი ყოფილ გუნდთან შეხვედრაში საეჭვო ვითარებაში წაიქცა. პენალტი დაინიშნა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სერ ალექს ფერგიუსონმა გულწრფელად აღიარა, რომ წესების დარღვევა არ ყოფილა.

2012 წლის 8 აპრილი. "ქუინზ პარკი" - 2:0. მეტოქესთან უმნიშვნელო კონტაქტის შემდეგ იანგი მოწყვეტით დაეცა, რასაც შონ დერის გაძევება მოჰყვა. მომდევნო დღეებში ეს ეპიზოდი კომიკოსების მონოლოგის ერთ-ერთი უმთავრესი თემა გახდა: "ვიდეოს განმეორებით მრავალჯერ ნახვის შემდეგ არბიტრის გადაწყვეტილებაზე დათანხმება სულ უფრო ჭირს. მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი, იანგს თავისუფლად შეეძლო ტომ დეილის (ბრიტანელი წყალში მხტომელი, 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი - რედ.) პარტნიორი გამხდარიყო და ოლიმპიადაზე გამოსულიყო".

2010 წლის 12 ოქტომბერი. ინგლისი-ჩერნოგორია - 0:0. იანგმა ამ შემთხვევაშიც ყვითელი მიიღო კარგად გაფორმებული ვარდნის გამო, თუმცა თამაშის შემდეგ ამტკიცებდა, რომ არბიტრი სიტუაციაში ვერ გაერკვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. A ჯგუფი: სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული