მარიო მანჯუკიჩმა პეპი დაწნეხა

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას კლასიკური ცენტრფორვარდები არ უყვარს - არც "ბარსელონაში" უყვარდა (გაიხსენეთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი) და არც "ბაიერნში" უყვარს (მარიო მანჯუკიჩს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებს), მაგრამ პლზენის "ვიქტორიასთან" გასვლით მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ესპანელ სპეციალისტს ხანდახან თამაშის მოსაგებად, დიახაც, კლასიკური ცენტრფორვარდი სჭირდება.

რეკორდმაისტერმა ჩეხურ კლუბს სწორედ მანჯუკიჩის გოლით მოუგო - არადა, ხორვატი თავდამსხმელი ისევ არ იყო "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში - გვარდიოლამ ის მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე შეუშვა და 6 წუთში მანჯუკიჩმა ის ერთადერთი გოლი გაიტანა, რომლითაც მიუნხენურმა გრანდმა "პლზენის" დამარცხება და
ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" რეკორდის (ზედიზედ 9 გამარჯვება) გამეორება შეძლო.

ხორვატი ცენტრფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია: ბუნდესლიგაში სამი ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, "ჰერტასთან" კი სულაც დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში, მას გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის განვლილ 4 ტურში პეპმა მანჯუკიჩი სასტარტოში მხოლოდ ორჯერ გაამწესა, დანარჩენი ორი მატჩიდან კი ერთხელ შეცვლაზე ათამაშა, ერთხელ კი მოედანზე საერთოდ არ გაუყვანია.

თუმცა მანჯუკიჩი გვარდიოლას ყოველი გოლით უფრო და უფრო მძიმე წნეხის ქვეშ აქცევს და პეპიც, ფაქტობრივად, იძულებული ხდება, ხორვატი ათამაშოს.

დისკუსია ჰიონესთან
"პლზენთან" გამარჯვების შემდეგ, რომლითაც "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა, რეკორდმაისტერმა პლზენშივე ტრადიციული ბანკეტი მოაწყო. ვახშამზე "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი და მწვრთნელი გვარდიოლა ერთად დასხდნენ და სერიოზული დისკუსია გააჩაღეს.

პეპი და ული ცხარედ კამათობდნენ და ლაპარაკში ხელებს იშველიებდნენ - ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ჩხუბობდნენო. თუმცა გერმანიაში უკვე ყველამ იცის, რომ გვარდიოლა (ისევე, როგორც ჰიონესი) ძალიან ემოციური ადამიანია.

"პეპი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. რასაც უნდა აკეთებდეს და ვისაც უნდა ესაუბრებოდეს, ყოველთვის მაქსიმალურად მონდომებული და მობილიზებულია,"
- ამბობს გვარდიოლას ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი მანელ ესტიარტე.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ვერ შეიტყვეს, რა იყო ჰიონესისა და გვარდიოლას დისკუსიის თემა, იმაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ულის და პეპს არ უჩხუბიათ - ეს ჯანსაღი კამათი იყოო...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. D ჯგუფი: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული