ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 3 1 1 10-4 10
2. მილანი 5 2 2 1 8-5 8
3. აიაქსი 5 2 1 2 5-8 7
4. სელტიკი 5 1 0 4 2-8 3
მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
მილანი - აიაქსი, ბარსელონა - სელტიკი
"ბარსელონა" ამსტერდამში სათამაშოდ ბოლომდე ვერ განეწყო, დამარცხდა და შედეგად, H ჯგუფში ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა.
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში "მილანი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ თუ "აიაქსმა" "სან სიროზე" გაიმარჯვა, სწორედ ჰოლანდიური გუნდი გავა მერვედფინალში. ამასთან, "ბარსამ" სათუო გაიხადა პირველი ადგილი, რომელშიც შესაძლოა "როსონერი" შეეცილოს...
კრიზისში მყოფმა "მილანმა" თითქოს მთელი ჯავრი "სელტიკზე" იყარა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა შესანიშნავი მატჩი გამართეს და
"როსონერის" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი მარიო ბალოტელი გახლდათ, რომელსაც უკნიდან რიკარდო კაკა და ვალტერ ბირსა ეხმარებოდნენ.
განსაკუთრებით კარგად ბრაზილიელი ირჯებოდა, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში - მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კაკამ კი ბურთი თავური დარტყმით გაახვია მეტოქის კარის ბადეში, 0:1.
მილანელთა მეორე გოლიც სტანდარტულს მოჰყვა - შოტლანდიელები ისევ შეცდნენ დაცვაში პოზიციების შერჩევისას და კრისტიან საპატას ბურთის კარში მშვიდად შეგორების საშუალება მისცეს - 0:2.
მესამე გოლი მარიო ბალოტელის ანგარიშზეა, რომელმაც ერთი მეურვე ძალისმიერ ორთაბრძოლაში ჩამოიცილა და მეკარისაგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა - 0:3.
აღსანიშნავია, რომ მარიომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი და ნავსიც გატეხა. მთლიანობაში, "მილანმა" დამსახურებულად გაიმარჯვა, მეორე ადგილი შეინარჩუნა და "სელტიკს" არათუ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, ევროპალიგაზე გადასვლის შანსიც მოუსპო.
სელტიკი-მილანი 0:3
გოლები: 0:1 კაკა (13), 0:2 საპატა (49), 0:3 ბალოტელი (60).
სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი - ლუშტიგი, ამბროსი, ვან დიკი, იზაგუირე - ბოერიგტერი, მალგრიუ, კაიალი (31. ლედლი), ფორესტი (80. როგიჩი) - კომონსი (65. სტოუკსი) - სამარასი.
მილანი (4-3-2-1): აბიატი - აბატე (48. ნოჩერინო), საპატა, ბონერა, ემანუელსონი - პოლი, მონტოლივო, დე იონგი - ბირსა (72. კონსტანტი), კაკა (80. რობინიო) - ბალოტელი.
გაფრთხილება: ვან დიკი, იზაგუირე, კომონსი (სელტიკი).
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-9 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 50 000
მატჩის შემდეგ:
კაკა: იმედი მაქვს, "მილანში" გოლების რაოდენობას საშობაოდ ასამდე გავზრდი
მასიმილიანო ალეგრი: მეცინება, როცა ამბობენ, რომ "მილანის" თამაში კატასტროფაა
* * *
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა არ დაზოგა და "აიაქსთან" შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობა დააყენა. თუმცა ამან ესპანურ გუნდს ვერ უშველა - სტუმრებს აშკარად მოტივაცია დააკლდათ იმისთვის, რომ ზემონდომებული ჰოლანდიელებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
მეორე ნახევარში მარტინომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელიც ჩართო საქმეში, მაგრამ მათ უკვე კლასი არ ჰყოფნიდათ თამაშის გადასარჩენად. მოკლედ, ეს თამაში "აიაქსს" უნდა მოეგო და ასეც მოხდა...
ამსტერდამელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს ორი გოლი და ფაქტობრივად, გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
მართალია, თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში ჩავიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა - "აიაქსმა" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გაიმარჯვა და დაიტოვა შანსი, მერვედფინალურ ეტაპზე გავიდეს.
ასევე იხილეთ: "ბარსას" კარში გოლის მოზეიმე "აიაქსის" ფანი ტრიბუნიდან ჩამოვარდა [VIDEO]
აიაქსი-ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 სერერო (19), 2:0 ოესენი (42), 2:1 ჩავი (49).
აიაქსი (4-3-3): სილისენი - ვან რინი, ფელტმანი, მოისანდერი, ბოილესენი (34. პოულსენი) - ბლინდი, კლაასენი, სერერო - შონე (51. დენსვილი), ოესენი (84. დუარტე), ფიშერი.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - პუიოლი (68. პატრიჩი), პიკე, მასკერანო, მონტოია - ჩავი (74. სერხი რობერტო), სონგი, ინიესტა - ფაბრეგასი (82. ტრაორე), ნეიმარი, პედრო.
გაფრთხილება: ვან რჰინი, შონე - პიკე, მონტოია, ინიესტა, ფაბრეგასი, ნეიმარი.
გაძევება: ფელტმანი (90. აიაქსი).
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-3 (5-2); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 51 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"