მარიო, ლუიჯი და შავ-წითელი წინდები

AutoSharing Option
"მილანი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "სელტიკს" ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ლომბარდიული გრანდი შიდა პირველობაზე კრიზისშია და იქნებ ეს გამარჯვება მაინც გახდეს გამოცოცხლების საწინდარი.

იტალიელმა ჟურნალისტებმა სწორად შენიშნეს, რომ ყველაზე რთულ, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანს იუმორი შველის და ასე უნდა იყოს საფეხბურთო კლუბის შემთხვევაშიც - "როსონერის" გლაზგოში სტუმრობამ ხალისიანად ჩაიარა, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ...

მარიო და ლუიჯი
მარიო ბალოტელის გლაზგოს აეროპორტში დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ, ერთი გულშემატკივარი კი ყველასგან გამოირჩეო
და - ფოტოზეც ჩანს, რომ შოტლანდიელი ქომაგი ცნობილი პერსონაჟის, ლუიჯის პროტოტიპია და ბუნებრივია, რომ მან თავისი მეწყვილე და თანამებრძოლი, "სუპერმარიო" მოძებნა.

საგულისხმოა, რომ ლუიჯის ჩაცმულობაში "სელტიკის" ფერები დომინირებს და ამ ქომაგს არც დაუმალავს, რომ გლაზგოური გუნდის თავგადაკლული ფანია. მარიომ და "ლუიჯიმ" კარგა ხანს იპოზიორეს კამერებთან. ბალოტელიც ისეთი მეგობრული იყო რიგით გულშემატკივართან, როგორც არასდროს.

შავ-წითელი წინდები
რა გასაკვირია, რომ "მილანს" გლაზგოში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჩაჰყვა, რომელიც გუნდის არც ერთ შეხვედრას არ აცდენს. სენიორ ადრიანო იტალიელმა ჟურნალისტებმა არც შოტლანდიაში მოასვენეს და შემდეგი შეკითხვა დაუსვეს:

- გვახსოვს, სერია A-ს პაექრობების წინ "მილანის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ასმენინებდით, რადგან ამ ტურნირზე გუნდი ყოველთვის კარგად თამაშობს. როგორ ფიქრობთ, სწორედ ლიგა დაეხმარება "მილანს" კრიზისის დასაძლევად?
- ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის იმედზე ვეღარ ვიქნები, რადგან ასეთ მძიმე კრიზისს უფრო ძლიერი თილისმა სჭირდება. პირველად ბოლო 27 წელიწადში, შავ-წითელი წინდები ჩავიცვი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებას მოგვიტანს.

ადრიანო გალიანიმ წინდების დემონსტრირება მოახდინა, მისმა თილისმამ კი აშკარად გაამართლა - "მილანმა" "სელტიკი" გამანადგურებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

ალეგრი, კაკა და ბალოტელი...
თავად მატჩი სტუმართა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს უამრავი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, სამი უპასუხო გოლი სრულიად ლოგიკურად გაიტანეს. ჯერ რიკარდო კაკა გამოირჩა, შემდეგ კრისტიან საპატა და ბოლოს - მარიო ბალოტელი.

მატჩის შემდეგ ყურადღების ცენტრში სამი პერსონა იყო: მხრებგაშლილი მასიმილიანო ალეგრი, ჯადოახსნილი მარიო ბალოტელი და მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი: კაკა...

მასიმილიანო ალეგრი: "ყოველთვის მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ "მილანის" თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით მაშინაც კი, როდესაც ვაგებდით და სანახაობა ვაჩვენეთ დღესაც. რაც მთავარია, მოვიგეთ და ვფიქრობ, კრიზისის დასაძლევად პირველი ნაბიჯი გადავდგით. მჯერა, მომდევნო შეხვედრას კიდევ უკეთესად ჩავატარებთ".

რიკარდო კაკა: "მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ეს ჩემი 98-ე გოლი იყო "როსონერის" შემადგენლობაში და იმედი მაქვს, რომ შობამდე საიუბილეო მაჩვენებელს მივაღწევ. თუმცა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდის წინსვლა და წარმატებაა - "სელტიკთან" გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს".

მარიო ბალოტელი: "ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის, ჩვენს უიღბლობასაც. როგორც იქნა, მოვიგეთ და როგორც იქნა, გოლი გავიტანე. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში აუცილებლად უნდა გავიდეთ და ამისთვის კიდევ ერთი მატჩის მოგებაა საჭირო. ფრეც გვყოფნის? - ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაკა: იმედი მაქვს, "მილანში" გოლების რაოდენობას საშობაოდ ასამდე გავზრდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული