ჩემპიონთა ლიგა. V ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი რეკორდმაისტერი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ ჯგუფში მხიარული მატჩები ვიხილეთ, ორივე შეხვედრის ჯამში 10 გოლი გავიდა. სწორედ მე-10 მატჩი მოიგო ზედიზედ მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე და ახალი რეკორდი დაამყარა. რეკორდმაისტერმა ევროსარბიელზე საკუთარი საკლუბო რეკორდიც გაიმეორა - მიჯრით მე-6 გამარჯვება სტუმრად.

კი, "არმიელებმა" თითქოს იბრძოლეს და რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ რეალურად გერმანული ფეხბურთის ფლაგმანმა ძალების დაზოგვით და მშვიდად მოიგო. ერთადერთი ცუდი სტუმრებისთვის ამ მატჩში ის მოხდა, რომ 28-ე წუთზე ფილიპ ლამი შეიქნა შესაცვლელი და იმედია, ტრავმა სერიოზული არ გამოდგება.

"ძალიან ამაყი ვარ, პირველ რიგში, იმით, რომ
მოგებებს ასეთ დამაჯერებელ სტილში ვაღწევთ. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 10 შეხვედრის მოგება რაღაც განსაკუთრებულია. ადვილი შეხვედრა სულაც არ ყოფილა, მაგრამ ხასიათი გამოვაჩინეთ"
- განაცხადა მატჩის შემდეგ "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ.

სიმბოლურია, რომ პეპის ამჟამინდელმა კლუბმა მისი წინა გუნდის, "ბარსელონას" ათიწლისწინანდელი მოგებების რეკორდი გააუმჯობესა.

"მანჩესტერ სიტი" შედარებით გადახალისებული შემადგენლობით კი იყო მინდორზე, მაგრამ მასპინძელთა ნებისმიერი ორი ფეხბურთელი რომ ამოგერჩია და მათი საერთო ჯამაგირი დაგეთვალა, "პლზენის" მთელი შემადგენლობის ხელფასზე გვარიანად მეტს მიიღებდი.

ჩეხურ გუნდს ქების მეტი არაფერი ეკუთვნის, "ვიქტორია" ისევ დამარცხდა, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და "იტიჰედზე" ორჯერ შეძლო გათანაბრება. მესამედაც გაათანაბრებდა, ჯო ჰარტს რომ რთული "სეივები" არ შემოეთავაზებინა. განსაკუთრებით ლამაზი ტომაშ ჰორავას დარტყმა იყო, მან შორეულ კუთხეში ჩაუსვა ბურთი ჰარტს.

მასპინძელთა მხრიდან ძალიან აქტიური გახლდათ სამირ ნასრი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თუმცა შეცვლაზე შესული ხესუს ნავასიც გამოვარჩიოთ, იგი "სიტის" მეორე და მესამე გოლებისას ასისტენტად მოგვევლინა. სხვათა შორის, მესამე გოლი ასევე ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო ნეგრედომ გაიტანა.

ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა რიგებში ორივე საგოლე პასი დანიელ კოლარისა იყო. მოკლედ, ამ შეხვედრაში 6 გოლი გავიდა და კიდევ ერთი ამდენიც თავისუფლად შეიძლებოდა გასულიყო.

ბოლო ტურში კი, თუ "სიტი" 1:3-ზე უკეთესი ანგარიშით მოუგებს "ბაიერნს", "ქალაქელებზე" პირველი ადგილი ალალი იყოს. ხოლო ჩეხეთში "პლზენი" შეეცდება 3:2-ზე უმჯობესი რეზულტატით სძლიოს ცსკა-ს და ევროპის ლიგაზე თავად გადაინაცვლოს.

ცსკა-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 რობენი (17), 0:2 გიოტცე (56), 1:2 ჰონდა (62-პენ.), 1:3 მიულერი (65-პენ.)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი - ვერნბლოომი, მილანოვი (90. ვიტინიო) - ტოშიჩი, ჰონდა, ცუბერი (68. ელმი) - მუსა (80. ბაზელიუკი).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი (28. ტიაგო ალკანტარა) - თ. მიულერი, მარტინესი (79. კირხოფი), ტ. კროოსი, რობენი - გიოტცე (88. გრეენი).
გაფრთხილება: მარტინესი, დანტე, ტიაგო ალკანტარა
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 5-10 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 14-8 (10-5) ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 14 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიტი-პლზენი 4:2
გოლები: 1:0 აგუერო (33-პენ.), 1:1 ჰორავა (43), 2:1 ნასრი (65), 2:2 ტეცლი (69), 3:2 ნეგრედო (78), 4:2 ჯეკო (89)
სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, დემიკელისი, კოლაროვი - მილნერი, ფერნანდინიო (64. იაია ტურე), ხავი გარსია, ნასრი (75. ნასრი) - აგუერო (46. ნავასი), ჯეკო.
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, პროზაჩკა, ჰუბნიკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა (73. კოვარიკი), კოლარი (86. ბაკოში), დურისი (90. ვაგნერი) - ტეცლი.
გაფრთხილება: მილნერი, ჩიშოვსკი, დემიკელისი, იაია ტურე
კუთხური: 3-11 ჯარიმა: 10-14 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 19-16 (9-9) ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 37 742
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 5 0 0 15-2 15
2. სიტი 5 4 0 1 15-8 12
3. ცსკა 5 1 0 4 7-15 3
4. პლზენი 5 0 0 5 4-16 0

მომდევნო ტური
10 დეკემბერი:
პლზენი-ცსკა, ბაიერნი-სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული