ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია

AutoSharing Option
2-თვიანი პაუზა დასრულდა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და ძლიერი საკლუბო ტურნირიც განახლდება - 18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 22-ე გათამაშებაში (მას მერე, რაც ჩემპიონთა თასი ლიგად გადაკეთდა) გადამწყვეტი ფაზა, პლეი ოფები იწყება.

მერვედფინალურ სტადიას ორი ქალაქი გახსნის: გერმანული ლევერკუზენი და ინგლისური მანჩესტერი.

"პარი სენ-ჟერმენმა" შარშან კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მიაღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს. პარიზული კლუბი ახლა იმავეს გამეორებას ლორან ბლანთან ერთად შეეცდება და შემდეგ ვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ტოპ-კლასის ფორვარდი ედინსონ კავანი აკლია ტრავმის გამო, ფრანგული კლუბი
გერმანულთან წყვილის ფავორიტად მიიჩნევა.

ლორან ბლანის გუნდმა ღირსეულად განვლო ჯგუფური ეტაპი, C ჯგუფი ისე მოიგო, მხოლოდ ერთი მარცხი იგემა. თანაც, პსჟ-მ "ბენფიკასთან" მას მერე წააგო, რაც პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

პსჟ პირველ მერვედფინალურ მატჩს შესაშურ ფორმაში ხვდება - ზამთრის პაუზის შემდეგ 10-დან მხოლოდ ერთი მარცხი იწვნია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე ფორმაშია. არ დაგვავიწყდეს, რომ შვედი 8 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება.

Sportall.Ge

ბლანს მხოლოდ კავანის არყოფნა უნდა ადარდებდეს. ურუგვაელმა, რომელმაც პსჟ-ის მაისურით ჯამში 20 გოლი გაიტანა "ნაპოლიდან" გადასვლის მერე, გასულ თვეში "ბორდოსთან" მატჩში ბარძაყი დაიზიანა.

მცველი კრისტოფ ჟალეც ტრავმირებულია, თუმცა ის უკვე ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან. დიდი ალბათობით, ჟალე პსჟ-ს მაინც ვერ დაეხმარება.

სამი ჰიიპიას გუნდის პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი ჩანს: დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ნახევარმცველი ემრე ჩანი. შტეფან რაინარტცის თამაში საეჭვოა, ფორვარდები ერენ დერდიოკი (ფეხი) და რობი კრუსი (მუხლი) ნამდვილად ვერ ითამაშებენ.

Sportall.Ge

ჰიიპიას გუნდმა პლეი ოფამდე A ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებით ("მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ) მიაღწია.

სამი ჰიიპია (ლევერკუზენი):
"ჩემი გუნდი 100%-ით დაიხარჯება, რათა ორრაუნდიან ბრძოლაში ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "პარი სენ-ჟერმენს" მოუგოს.

ზლატანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა, მაგრამ მათ სხვებიც ჰყავთ საშიშები"
.

ლორან ბლანი (პსჟ):
"როგორც ყველა გერმანული კლუბი, "ლევერკუზენიც" ძალზე ათლეტურია. უნდა ვუფრთხილდეთ "ლევერკუზენის" ჯარიმებსა და კუთხურებს. ჩვენი მიზანი ბურთის ხელში ჩაგდება და მატჩზე კონტროლის დაწესება იქნება.

"ლევერკუზენის" მცველები ზლატან იბრაჰიმოვიჩს უფრთხიან, მაგრამ ჩვენ სხვებიც გვყავს.

გუნდში ბრწყინვალე, საჩემპიონთალიგო განწყობაა. აქ, შესანიშნავ სტადიონზე, დიდებულ მოედანზე მოგვიწევს თამაში. შეიძლება, მეტოქემ ისედაც დაგვითმოს ბურთი, რადგან "ლევერკუზენი" კონტრშეტევებში მაგარია. ამიტომ, როცა ბურთს დავკარგავთ, უმალ უნდა დავიკავოთ დაცვაში ადგილები"
.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
18 თებერვალი. ლევერკუზენი. "ბაი არენა". 23:45
ლევერკუზენი (გერმ)-პსჟ (საფრ)
დისკვალიფიკაცია: ემრე ჩანი (ლევერკუზენი)
ტრავმა: შტეფან რაინარტცი (?), რობი კრუსი, ერენ დერდიოკი - ედინსონ კავანი, კრისტოფ ჟალე, ადრიენ რაბიო (?)
ბოლო 6 შეხვედრა ლიგაზე:
+3=1-2 4-1-1
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული