მილანი VS ატლეტიკო - "სან სიროზე" ფავორიტი მხოლოდ ერთია?

AutoSharing Option
რაოდენ ცუდადაც უნდა ჰქონდეს ხოლმე "მილანს" საქმე საშინაო არენაზე და რამდენი პრობლემაც უნდა ჰქონდეს ბანაკში, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოდის.

"როსონერის" ქომაგებს ახლაც აქვთ იმის იმედი, რომ მათი საყვარელი გუნდი საკუთარ გამოცდილებას, კლასს, თამაშის განსხვავებულ ნიჭს ამ ტურნირზე გამოიყენებს და შესაშურ ფორმაში მყოფ "ატლეტიკოს" დაამარცხებს.

მადრიდელებს ბოლო წლებში ევროსარბიელზე და კონკრეტულად, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ "სან სიროს" ბინადრები მარტო ამის იმედად არ უნდა იყვნენ.

გვახსოვს წინა სეზონიც, როდესაც "ბარსელონა" "მილანთან" უდავო ფავ
ორიტად ითვლებოდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში თუ ვერა, "როსონერიმ" კატალონიელებს "სან სიროზე" მაინც მოუგო და იქაური აურით ფრთაშესხმული მილანელები 19 თებერვალსაც შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ მათ სტადიონზე მხოლოდ ერთი და უცვლელი ფავორიტია.

"მილანის" ერთ-ერთი მთავარი იმედი, ცხადია, მარიო ბალოტელი იქნება. ბალომ გუნდს "ბოლონიასთან" მოაგებინა და თანაც ისეთი გოლით, სეზონში სულ რამდენიმე რომ გადის, საერთოდ თუ გადის. მისი ბრაზიანი აღნიშვნა და ბოლოდროინდელი უხასიათობებიც არახალია, ბალოტელი ასეთია და ძნელია შეცვალო, მაგრამ კლარენს ზეედორფი ცდილობს იმის გაკეთებას, რაც სხვა მწვრთნელებმა ვერ შეძლეს, ანუ მარიოს მორჯულებას.

ვინ იცის, ჰოლანდიელს იქნებ გამოუვიდეს კიდეც, მას ადამიანებთან კონტაქტი და მათი თავის ჭკუაზე მოყვანა კარგად ეხერხება. თავის მხრივ კი, ეს შეხვედრა პირადად ზეესთვისაც გამოცდაა - მწვრთნელის რანგში პირველი და თანაც ასეთი სერიოზული მატჩი ევროტურნირზე.

"ჩვენი მეტოქე არის ძალიან კარგად ორგანიზებული და სტაბილური გუნდი, რომელიც ორი სეზონია ბრწყინვალედ ასპარეზობს; რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და პროგრესირებს. ეს განსხვავებული, განსაკუთრებული მატჩია და იმედია, ჩვენი ძალა და ენთუზიაზმი გვეყოფა იმისთვის, რომ გავცდეთ მეტოქეს, რომელიც ამ წუთას ბევრ ასპექტში აღგვემატება.

უშუალოდ დიეგო კოშტას რაც შეეხება, იგი ბრწყინვალე ფორვარდია, რომლის ხილვაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ძალიან სურდათ და ამას არაფრის დამატება აღარ სჭირდება"
- თქვა კლარენს ზეედორფმა.

ტრადიციულად, ექსცენტრიკული იყო მარიო ბალოტელი: "მე ცენტრფორვარდი ვარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭირო თუ გახდა, მეკარედაც ვითამაშებ".

ხშირად ემთხვევა ხოლმე, რომ "მილანს" ასეთ მომენტებში ბევრი ფეხბურთელი აკლია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. კეისუკე ჰონდას, უბრალოდ, ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს, რადგან ის ამ სეზონში უკვე თამაშობდა ცსკა-ს რიგებში. რიკარდო მონტოლივო და სალი მუნტარი დისკვალიფიცირებულნი არიან.

ტრავმების გამო ვერ ვიხილავთ - სტეფან ელ შაარავის, რობინიოს, ბრაიან კრისტანტესა და ვალტერ ბირსას; ხოლო კაკას, კრისტიან საპატას, დანიელე ბონერასა და ურბი ემანუელსონის თამაში სათუოა. სხვათა შორის, საპატას ამ ეტაპამდე შეუცვლელად აქვს ნათამაშები და ექიმებს იმედი აქვთ, რომ კოლუმბიელი მატჩამდე შეძლებს მწყობრში ჩადგომას.

"ატლეტიკოს" სამი ფეხბურთელი აკლია - ტიაგო, ხავი მანკილიო და ფილიპე ლუიში. პირველისა და მესამის არყოფნა ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ დიეგო სიმეონეს ისე აქვს საქმე აწყობილი, რომ ეს მართლაც ძალიან ნიჭიერი და უკვე წარმატებული სპეციალისტი რამეს მოიფიქრებს.

არგენტინელისთვის იტალია და იტალიური ფეხბურთი უცხო როდია და მან ბევრზე უკეთ იცის, თუ რას ნიშნავს "ჯუზეპე მეაცაზე" თამაში. ამიტომაც ისედაც ფრთხილი "ჩოლო" ალბათ ამჯერად ორმაგ სიფრთხილეს გამოიჩენს. იგი ტაქტიკურად ძალიან ძლიერია და უკვე წარმატების მიღწევის გამოცდილებაც აქვს.

ასე რომ, ზეედორფს ადვილი თამაში არც ამ მხრივ ელის. ერთი შეხედვით, მილანში გოლების წვიმა სულაც არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ვინ იცის...

"სანახაობრივ მატჩს ველოდები, რადგან ორივე გუნდს კარგად შეუძლია შემტევი ფეხბურთის თამაში. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში ყურადღებით ყოფნა, ბოლომდე მობილიზებულნი უნდა ვიყოთ.

"მილანს" არაერთი მაღალი კლასის შემტევი ჰყავს და მათი კონტრიერიშების დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ.

თავს ფავორიტებად არ ვთვლით, ეს მინდორზე უნდა გამოჩნდეს. ჩვენთვის ეს ისტორიული და დიდი მატჩია ბრწყინვალე მეტოქის წინააღმდეგ",
- თქვა სიმეონემ.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ევროტურნირებზე ამ კლუბების საკმაოდ დიდი ისტორიისა, ისინი ერთმანეთს პირველად ხვდებიან. თუ ზოგადი სტატისტიკა გაინტერესებთ "მილანის" თამაშებისა ესპანური გუნდების წინააღმდეგ და შესაბამისად, "ატლეტიკოსი" იტალიურების პირისპირ, გეტყვით - "როსონერის" პირინეელებთან სულ 18 მოგება, 13 ფრე და 22 წაგება აქვს (73-78 ბურთების სხვაობა); ხოლო მადრიდელებს აპენინელებთან - 10 მოგება, 2 ფრე და 7 მარცხი (27-17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული