გალათასარაი-ჩელსი 1:1 - დანით დაჭრილი და საუკეთესო ინგლისელები [VIDEO]

AutoSharing Option
სამწუხარო ფაქტი მოხდა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე - თურქი და ინგლისელი გულშემატკივრების სისხლიანი დაპირისპირებების ტრადიცია ისევ გაგრძელდა და ორი სტუმარი ქომაგი საავადმყოფოში აღმოჩნდა. "გალათასარაის" ფანებმა ორი ინგლისელი დანით დაჭრეს.

ექიმების თქმით, დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჭრილობები სერიოზულია. ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

რამდენიმე დღის წინ კი რობერტო მანჩინიმ განაცხადა, ჟოზე მოურინიომ ჩემ მიერ გაკეთებულ-აწყობილი "ინტერით" მოიგო ჩემპიონთა ლიგაო. ზოგადად, მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით თავად მოურინიო გამოირჩევა ხოლმე და სავარაუდოდ, პორტუგალიელს მანჩინის ეს სიტყვები გულზე მოხვდებოდა.

"განსაკუთრებული" განსაკუთრებულად მოინდომებდა იტალიელის
გუნდის დამარცხებას. მოკლედ, ამ შეხვედრას წინ დიდი დაძაბულობა უძღვოდა. რასაკვირველია, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ეს დაპირისპირება განსაკუთრებით ემოციური იყო დიდიე დროგბასთვის, რომელსაც იმ გუნდის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - რომელსაც ლიგა მოაგებინა.

უშუალოდ მატჩი "ჩელსის" უპირატესობით დაიწყო. მე-9 წუთზე ლონდონელებმა ჩინებული კომბინაცია გაათამაშეს და წინაც გავიდნენ - ყველაფერი ანდრე შიურლეს დროული და მწვავე პასით დაიწყო, სესარ ასპილიკუეტას კარგი თამაშით გაგრძელდა და ფერნანდო ტორესის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

საკუთარი გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერით შეგულიანებული "გალა" ბრძოლას აგრძელებდა, მაგრამ პირველ ტაიმში სტამბულელები ვერას გახდნენ და "ჩელსი" თითქოს დამაჯერებლად აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას. თუმცა ერთ მონაკვეთში "გალა" განსაკუთრებით გააქტიურდა და მასპინძლებს ეს დაუფასდათ კიდეც.

ვესლი სნეიდერის ჩაწოდების შემდეგ სელჩუკ ინანმა დაარტყა და "ჩელსი" ხარიხამ იხსნა, მაგრამ წამებში თურქებმა მაინც გაიტანეს - სნეიდერმა კუთხური ჩააწოდა, ჰოლანდიელმა ბურთი პირდაპირ ორელიან შეჯუს დაუმიზნა, რომელიც ლონდონელთა მცველებს გამორჩათ და...

ბოლო წუთებში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და "ჩელსისთვის" ცოტა ნერვიული დასასრული გამოვიდა, მაგრამ ჯამში მოურინიო უკმაყოფილო არ უნდა იყოს. მისი გუნდი წყვილის უდავო ფავორიტად რჩება და მეტოქის მინდორზე გატანილი გოლი საქმეს ერთიორად გაუადვილებს. თანაც, "ლურჯები" სხვა ინგლისურ კლუბებთან შედარებით ღირსეულად გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. მართალია, ვერ მოიგეს, მაგრამ გოლი მაინც გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წინა სამმა წარმომადგენელმა ერთნაირი ანგარიშით, 0:2 წააგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
გალათასარაი-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 ტორესი (9), 1:1 შეჯუ (65)
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, შეჯუ, ბალთა (46. კაია), ალექსი - ჰაიროიჩი (31. კურტულუში), მელო, ინანი, სნეიდერი - ბ. ილმაზი, დროგბა (80. ბულუთი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა - რამირესი, ლამპარდი - ვილიანი, შურლე (66. ობი მიკელი), აზარი (90+2. აზარი) - ტორესი (68. ეტოო)
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
გაფრთხილება: ტერი, შურლე, ინანი, რამირესი, ჩეხი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 17-18 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 9-9(4-5) ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 49194

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვა ინგლისურ კლუბებს იუნაიტედს თუ არ ჩავთვლით ძლიერი მეტოქეები ყავდათ
giga
03:45 27-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული