რეალურად, დღეს კიდევ ორ გუნდს შეუძლია პლეი ოფის საგზურის წინასწარ დაბევება. ესენია "ჩელსი" და "შახტარი". ეს სხვებსაც შეუძლიათ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თამაშზე არ არიან დამოკიდებულნი.
E ჯგუფი: პრესტიჟის საქმე
მიუნხენის "ბაიერნს" თავი ქუდში აქვს - ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა საწყის 4 ტურში იმარჯვა და პლეი ოფის საგზურიც გაინაღდა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიბევა. მიუხედავად ამისა, ახლა მას სხვების ბედის გადაწყვეტა მეორე მხრივ, "ბაიერნს" შეუძლია "სიტი" "თამაშში დატოვოს". მოკლედ, ბავარიული გუნდი სხვების ბედ-იღბლის გამგე გახდა, მაგრამ მან ეს წინა ტურებში საუკეთესო თამაშით დაიმსახურა.
თქმა არ უნდა, რომ ცენტრალური დაპირისპირება რუსეთშია, სადაც ცსკა რუდი გარსიას "რომას" მასპინძლობს. გუნდებს 4-4 ქულა აქვთ და მათთვის ეს დაპირისპირება "ექვსქულიანთა" კატეგორიიდანაა.
ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თამაშები ყოველთვის პრესტიჟული იყო, როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის".
რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "რომა" ყოველთვის "რომაა". ევროპაში ახლა ჩვენზე ძლიერი ბევრი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. პირველ მატჩში მეტოქეს კარგად მოვუგეთ და ეს ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს. სიმართლე ითქვას, ფრე ცუდი შედეგი არ იქნება".
ცსკა-რომა 21:00
სიტი-ბაიერნი 23:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 11-1 12
2. რომა 4 1 1 2 7-11 4
3. ცსკა 4 1 1 2 5-9 4
4. სიტი 4 0 2 2 4-6 2
F ჯგუფი: "ბარსა" კუნძულზე
თუკი წინა ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლა მაინც დუღს და გადმოდუღს, აქ თითქმის ყველაფერი გარკვეულია: "პარი სენ-ჟერმენი" და "ბარსელონა" უკვე სამშვიდობოს არიან. ვის დარჩება ამ ორში პირველი ადგილი, რომელიც პლეი ოფში გარკვეულ უპირატესობას (ხვდები სხვა ჯგუფის მეორეადგილოსანს და თან საპასუხო მატჩს შინ თამაშობ) იძლევა - აი, ჯგუფში შემორჩენილი ორი ინტრიგიდან ერთ-ერთი. ლორან ბლანის გუნდს მცირე უპირატესობა აქვს ლუის ენრიკეს სამწყსოსთან. მეორე ინტრიგა კი მესამე ადგილს და ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს უკავშირდება - "აიაქსი" თუ აპოელ-ი.
გიორგოს დონისი (აპოელ-ი): "ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" კვიპროსშია ლიგის მატჩის სათამაშოდ, დიდებულია. მათ ჩვენ პირველ შეხვედრაში ურიგოდ არ ვეთამაშეთ, მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს. შინ ვართ და ჩვენი სიძლიერე უნდა ვაჩვენოთ. ჩემი გუნდის მეიმედება".
აპოელ-ი-ბარსელონა 23:45
პსჟ-აიაქსი 23:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 4 3 1 0 6-3 10
2. ბარსელონა 4 3 0 1 8-4 9
3. აიაქსი 4 0 2 2 3-7 2
4. აპოელ-ი 4 0 1 3 1-4 1
G ჯგუფი: დი მატეო უკან არ იხედება
დღევანდელი ჯგუფებიდან ეს ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით ყველანაირი ინტრიგა შერჩა: არც ერთი საგზური არ გათამაშებულა და ჯერ არც ერთ გუნდს არ დაუკარგავს პლეი ოფის შანსი. რა თქმა უნდა, ნაკლები შანსია, რომ ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" ყველაფრის გარეშე დარჩეს, მაგრამ ჯერ არც "ლურჯების" ბოლო ადგილზე გასვლა გამორიცხულა თეორიულად. უფრო რეალურად კი, მოურინიოს გუნდი მაინც აშკარა ფავორიტია. საკმარისია, "ჩელსიმ" გელზენკირხენში მოიგოს და საგზური ხელთ აქვს. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" თავკაცი რობერტო დი მატეო ადრე "ჩელსის" მწვრთნელი იყო.
ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მწვრთნელი): "აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ რობერტო დი მატეოზე ვილაპარაკო. მოდი, მატჩზე ვილაპარაკოთ. კარგი იქნება, თუკი დღესვე მოვიპოვებთ საგზურს, რადგან დეკემბერში ძალიან ბევრი თამაში გველის და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადადება არ ივარგებს. ჩემი გუნდი კარგად თამაშობს ყოველ მატჩში, მაგრამ თავისით და იღბლის წყალობით არაფერი მოდის. ძალიან კარგად რომ ვთამაშობთ, ამიტომაც ვართ პირველ ადგილზე, როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში".
რობერტო დი მატეო ("შალკეს" მწვრთნელი): "ახლა მიუნხენსა და 2012 წელზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მუდამ წინ იხედება და არა წარსულში".
შალკე-ჩელსი 23:45
სპორტინგი-მარიბორი 23:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 2 2 0 9-2 8
2. შალკე 4 1 2 1 8-9 5
3. სპორტინგი 4 1 1 2 8-8 4
4. მარიბორი 4 0 3 1 3-9 3
H ჯგუფი: პორტუს პირველი უნდა
"პორტუ" პლეი ოფშია, ხოლო დონეცკის "შახტარი" მიზნამდე ერთ ნაბიჯზეა - საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად ქცეული ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს და საკმარისია, ფრე ითამაშოს და ისიც პლეი ოფშია. "ბილბაოს" მაქსიმუმი კი ევროპალიგის პლეი ოფის საგზურია. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგაში გამოფხიზლდა. ასე რომ, არც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ველოდოთ მისგან სუსტ თამაშს.
ხულიელ ლოპეტეგი ("პორტუს" მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, შეცდომა დავუშვათ და ბატე-ს სერიოზულად არ მივუდგეთ. ამ კლუბმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და არც "ბილბაოს" დამარცხებაა იოლი საქმე. დიახ, ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ პირველი ადგილის დაკავება გვსურს, რომ პლეი ოფში ძალიან ძლიერ მეტოქეებს ავცდეთ. ამიტომაც ჩვენთვის სამი ქულა უმნიშვნელოვანესია".
ერნესტო ვალვერდე ("ბილბაოს" მწვრთნელი): "ჩვენი მიზანია, კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ქულები გვჭირდება, რადგან ევროპალიგაზე ასპარეზობის გაგრძელება გვსურს".
მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი): "არაფერს ნიშნავს, რომ "ატლეტიკს" ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა უფრთხილდება თავისი კლუბის პრესტიჟს. მათ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ, მაგრამ აქ საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოიყვანეს".
ბატე-პორტუ 21:00
შახტარი-ბილბაო 23:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუ 4 3 1 0 12-3 10
2. შახტარი 4 2 2 0 14-2 8
3. ბატე 4 1 0 3 2-19 3
4. ბილბაო 4 0 1 3 2-6 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბაიერნი>(არაა აუცილებელი დიდი ანგარიში)