02:45 18-02-2015
პსჟ-ჩელსი 1:1 -"ჩელსიმ" თავისი დაცვით გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
"სტემფორდ ბრიჯზე" ჩასვლის წინ 1:1 ყველაზე დამამშვიდებელი და საიმედო ანგარიში ნამდვილად არ არის და ლონდონელები წყვილში ფავორიტებად რჩებიან, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქში მათ ძალიან გაუჭირდათ. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა რამდენიმე ფეხბურთელი ექიმებმა ბოლო წამს ჩააყენეს მწყობრში, რამდენიმე კი სულაც არ იყო.
პირველ რიგში, ის გამოვარჩიოთ, რომ ლორან ბლანს ტიაგო მოტა არ ჰყავდა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მან დავიდ ლუისი დააყენა, ექსჩელსელი, რომელსაც ყოფილი გუნდის რიგებში ვხედავდით ხოლმე ხშირად ნახევარდაცვის ცენტრში. სხვათა შორის, ბრაზილიელმა რამდენჯერმე იუხეშა, მაგრამ ბარათს გადაურჩა. ისე, მატჩი ცოტა უხეში გამოვიდა, გუნდებმა 20-20-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.
ჟოზე მოურინიოს შემადგენლობა ძირითადი და საბრძოლო გახლდათ. ნახევარდაცვის ცენტრი პორტუგალიელმა მშრომელი რამირესით დაამძიმა, რომელიც ნემანია მატიჩს შეუწყვილა, ხოლო ფაბრეგასი წინ წასწია. ამას შეეწირა ოსკარი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, ისევე, როგორც ფრანგი თავდამსხმელი ლოიკ რემი და გუნდის ახალწვეული ხუან კუადრადო.
მოუ ბოლო დროს კურტ ზუმას ენდობოდა და გარი კეჰილი არასტაბილურად ჩატარებული თამაშების გამო სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა ხშირად, მაგრამ ლიგაზე მწვრთნელი მაინც უფრო გამოცდილ კეჰილს ენდო და არც შემცდარა.
პსჟ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაშიც თუნდაც სტატისტიკაც დაგარწმუნებდათ, თვალს რომ გადაავლებდით. ციფრები ამ შემთხვევაში არ იტყუებიან. თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც სტანდარტულისას შეტევა მეორე ტემპით გააგრძელეს და მცველებმა ერთმანეთში საოცარი კომბინაცია გაათამაშეს - ჯონ ტერიმ ჩააწოდა, კეჰილმა ქუსლით შესანიშნავად აუგდო ბურთი ბრანისლავ ივანოვიჩს და სერბმაც მოძრაობის საწინააღმდეგოდ დაურტყა სალვატორე სირიგუს.
თუ სტატისტიკაში ჩახედვა გეზარებათ, მაინც გეტყვით, რომ "ჩელსიმ" კარისკენ სულ 2-ჯერ დაარტყა, ზუსტად კი ერთადერთხელ დაარტყა და ისიც გაიტანა. პარიზელებმა მეტოქის კარისკენ 14-ჯერ გაისროლეს, მაგრამ მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ გათანაბრება მოახერხეს - ბლეზ მატუიდიმ ედინსონ კავანის ბურთი თავზე დაასვა, ურუგვაელს გატანა აღარ გასჭირვებია.
პსჟ-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 ივანოვიჩი (36), 1:1 კავანი (54)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, დავიდ ლუისი, მატუიდი - ლავესი (81. პასტორე), კავანი, იბრაჰიმოვიჩი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - ვილიანი (79. კუადრადო), ფაბრეგასი (83. ოსკარი), აზარი - დიეგო კოშტა (82. რემი)
გაფრთხილება: ვან დერ ვილი, ვერატი - ივანოვიჩი, ფაბრეგასი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 20-20 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 14(6)-2(1) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 45 369
საპასუხო მატჩი 11 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული