მონაკო-არსენალი 0:2 - არსენ ვენგერს სასწაულამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალი" "ლუი მეორეზე" ძალიან შემტევი შემადგენლობით გავიდა. არსენ ვენგერს სხვა გზა არც ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, "მონაკომ" უფრო აგრესიულად დაიწყო და ერთი-ორი ნორმალური შეტევაც შემოგვთავაზა, თუმცა, სადღაც მე-10 წუთიდან მოყოლებული, "არსენალმა" ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და ნელ-ნელა ეს უპირატესობა სათამაშოშიც გადაზარდა.

თავიდან "მეთოფეების" შეტევებს სიმწვავე აკლდა, მაგრამ მერე ლონდონელებმა მწარედ "კბენაც" დაიწყეს და საბოლოოდ, თავისასაც მიაღწიეს. ოლივიე ჟირუ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ სტუმართა რიგებში და სწორედ ფრანგმა შეძლო გატანა, მას მერე, რაც მისი პირველი დარტყმა დანიელ სუბაშიჩმა მოიგერია, მაგრამ ექსმონპელიელმა დამატებაზე შეაგდო.

სტუმრების ეს შეტევა მონაკოელების შეცდომას მოჰყვა. მასპინძლების უყურადღებო თამაშს კინაღამ ჟირუს დუბლიც მოჰყვა და მონეგასკებისთვის რამდენიმე სხვა არასასიამოვნო მომენტიც ვნახეთ, მაგრამ "არსენალმა" პირველ ტაიმში მეტჯერ ვეღარ გაიტანა და გამოვიდა, რომ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა - ერთ ბურთს დასჯერდა. ვთქვათ ნორვეგიელი მსაჯის, სვეინ მოენის არასწორ და საკამათო გადაწყვეტილებაზეც, რომელიც მან "არსენალის" საწინააღმდეგოდ მიიღო.

მეორე ტაიმში "არსენალმა" კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა, "მონაკო" კი მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაერთო. ლეონარდო ჟარდიმი ამ ერთგვარ ავანტიურაზე წავიდა და მთლიანად დაუთმო ბურთი და მოედანი მეტოქეს, მასპინძლებს კარში ზუსტად არც დაურტყამთ.

ვენგერმა აარონ რემზი და თეო უოლკოტი გამოიყვანა, ასევე, კირან გიბსი. ცოტა უცნაური გახლდათ, რომ გავიდა დენი უელბეკი, ხოლო მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი, რომლებსაც თამაში არ მისდიოდათ, მინდორზე დარჩნენ. ასეა თუ ისე, ლეივინ კურზავას უყურადღებობას რემზის გოლი მოჰყვა და დამატებული წუთების ჩათვლით, "მეთოფეებს" დახლოებით 15 წუთი დარჩათ, მაგრამ...

ყველაზე სახიფათო მომენტი სანჩესმა და მატჩის საუკეთესოდ დასახელებულმა ჟირუმ ერთობლივად შექმნეს, როდესაც ერთმანეთს ხელიც შეუშალეს, მაგრამ დარტყმაც ერთობლივი გამოუვიდათ. საბოლოოდ ბურთი კარში მაინც ჟირუსგან წავიდა. სუბაშიჩმა საუცხოო რეაქცია გამოავლინა და ხაზიდან გამოიტანა.

"მონაკომ" გაძლო ან გაასწრო "არსენალს", რომელმაც ნამდვილად ბოლომდე იბრძოლა და არ გაუმართლა, ძვირად დაუჯდა პირველ შეხვედრაში ბოლო წამზე გაშვებული გოლი. ასე რომ, პრემიერლიგის უკანასკნელი მოჰიკანი "სიტია", რომელსაც "კამპ ნოუზე" "პატარა" სასწაული სჭირდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

აი, ლიგა 1-მა კი მეოთხედფინალში მეორე გუნდი გაიყვანა. მონაკოელები გამარჯვებას U2-ს სიმღერის ფონზე ზეიმობდნენ, პრინც ალბერთან და მის მეგობარ და სტუმარ ბონოსთან ერთად. ირლანდიელი წმინდა პატრიკის დღეს სწორედ "ლუი მეორეზე" აღნიშნავდა.

მონაკო-არსენალი 0:2 (3:1)
გოლები: 0:1 ჟირუ (36), 0:2 რემზი (79)
მონაკო (4-4-1-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, აბდენური, უოლასი, კურზავა - დირარი (86. ელდერსონი), კონდოგბია, ტულალანი, მარტიალი (60. ფერეირა-კარასკო) - მოუტინიო - ბერბატოვი (70. ბერნარდო სილვა)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი (83. გიბსი) - კასორლა, კოკლენი (63. რემზი) - უელბეკი (72. უოლკოტი), იოზილი, სანჩესი - ჟირუ
გაფრთხილება: კონდოგბია – სანჩესი
კუთხური: 3-1 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 3(0)-16(7) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 18 500
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული