ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (3:2 პენ.) - გოლეადორის აცილებული პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იშვიათად ხდება, როდესაც გერმანელები თერთმეტმეტრიანების სერიაში აგებენ, გნებავთ, სანაკრებო და გნებავთ, საკლუბო დონეზე, მაგრამ ამჯერად სწორედ ასე მოხდა. სამაგიეროდ, ხშირად ხდება, როდესაც გადამწყვეტ პენალტს გუნდის ლიდერი აფუჭებს და ამჯერადაც სწორედ ასე მოხდა.

მართალია, შტეფან კისლინგმა საუკეთესო დრო უკან მოიტოვა და გოლებს ძველებური სიუხვით ვეღარ იტანს, მაგრამ ის ლევერკუზენის "ბაიერის" ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, ასეთთა ხვედრი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადამწყვეტი პენალტის გაფუჭებაა.

მადრიდის "ატლეტიკომ" ურთულეს დუელში გაიარა "ბაიერის" ბარიერი და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში, როგორც ხშირად უწოდებენ, საფეხბურთო ლატარიაში სძლია მეტოქეს.

თვითონ
პენალტების სერიაც მეტად დრამატული გამოვიდა - რაულ გარსიამ და ჩალჰანოღლუმ თავიდანვე გააცუდეს დარტყმები, რასაც გრიზმანის და როლფესის გოლები მოჰყვა - 1:1. მარიო სუარესმა წინ გაიყვანა ესპანური გუნდი, რასაც თოფრაქის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა - სამაგიეროდ, კოკემ გააფუჭა "ატლეტიკოდან" და კასტრომ კიდევ ერთხელ გაათანაბრა - 2:2.

მადრიდელთა შორის მეხუთე დამრტყმელი ფერნანდო ტორესი იყო და მან თავისი საქმე უზადოდ შეასრულა; აი, კისლინგს კი, როგორც აღვნიშნეთ, ნერვებმა უმტყუნა...

რა ხდებოდა მთელი 120 წუთის განმავლობაში? - მატჩი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც უფრო მეტი სტუმართა კართან შეიქმნა, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ დიეგო სიმეონეს შეგირდებმა დაჩაგრეს მეტოქე.

პირიქით, "ბაიერი" კარგად დაუდგა "ატლეტიკოს", უფრო დალაგებული ფეხბურთიც კი ითამაშა და მეტი სიმწვავე რომ ჰქონოდა გერმანელთა კონტრიერიშებს, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე ნამდვილად არ მივიდოდა.

ერთადერთი გოლი მარიო სუარესის ანგარიშზეა, ეს ამბავი კი 27-ე წუთზე მოხდა - ესპანელთა სტანდარტულის შემდეგ გერმანელთა საჯარიმოში ქაოსმა დაისადგურა, ბურთი სუარესს მიუვიდა და მისმა დარტყმამ მიზანს უწია.

აღსანიშნავია, რომ გოლი რეკოშეტის შემდეგ გავიდა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მის ავტორად "ბაიერის" მცველი თოფრაქი დაესახელებინათ - ეს ის თოფრაქია, თერთმეტმეტრიანების სერიაშიც რომ ვერ ივარგა.

"ატლეტიკო" მეოთხედფინალში გავიდა და ვისაც არ უნდა შეხვდეს, იოლად არაფერს დათმობს; "ბაიერი" კი თავაწეული დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას.

ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 პენ. 3:2 (0:1)
გოლი: 1:0 სუარესი (27)
ატლეტიკო (4-4-2): მოია (23. ობლაკი) - ხუანფრანი, მირანდა, ხ. ხიმენესი, გამესი - არდა თურანი, კოკე, მ. სუარესი, კანი (46. რაულ გარსია) - გრიზმანი, მანჯუკიჩი (83. ფ. ტორესი)
ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო - ჰიბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ვენდელი - კასტრო, ბენდერი (104. პაპადოპულოსი), ბელარაბი, სონი (77. როლფესი) - ჩალჰანოღლუ - დრმიჩი (69. კისლინგი)
გაფრთხილება: გამესი, ხიმენესი, სუარესი, ტორესი - სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ჩალჰანოღლუ, კისლინგი, პაპადოპულოსი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 10-25; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-6(5-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 54 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ ფეხბურთთან ძაან შორს ხარ გეტყობა, ან ლევერკუზენი-ატლეტიკოს თამაში ვინმე ლევერკუზენის ფანმა მოგიყვა. არც ეხლაა გვიან შეგიძლია ინტერნეტში მოიძიო და უყურო თამაშებს და თან ფეხბურთის მცოდნე დაისვა ვინმე გვერდით და აახსნევინო ხოლმე რასაც ვერ გაიგებ
შაკოს-ს
15:58 18-03-2015
0
ყასბები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რომელ სამართლიანობაზე მელაპარაკები. ლევერკუზენს 67-33 ზე ქონდ აბურთის ფლობა პირველ მატჩში და უფრო უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა. შენნაირი დაუნახავები ვერ მიხვდებიან ამას.
შაკოს
14:50 18-03-2015
0

სიახლეები პოპულარული