უსალმოდ დარჩენილი "არსენალის" არსენი

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალმა" "ლუი მეორეზე" კარგად ითამაშა და მოიგო, მაგრამ მაინც გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.

არსენ ვენგერმა თავის ყოფილ გუნდს 2:0 მოუგო და "მეთოფეებს" კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. "მონაკო" თავიდანვე პირველი მატჩის ანგარიშს იცავდა, მაგრამ დაცვაში რამდენჯერმე შეცდომაც დაუშვა. 0:2-ზე "არსენალმა" სულ ცოტა, ერთი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ დანიელ სუბაშიჩმა იყოჩაღა. მონაკოელებს შეტევაზე თითქმის არ უფიქრიათ და "არსენალის" კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ.

მატჩის შემდეგ ლეონარდო ჟარდიმმა ვენგერს ხელი არ ჩამოართვა, რადგან ფრანგმა მას პირველი მატჩის მერე გამარჯვება არ მიულოცა
და ჟარდიმი ამის გამო ძალიან გაბრაზდა.

"ისეთი მატჩი იყო, როგორსაც ველოდით, ძალიან დაძაბული. "არსენალმა" ჩვენი შეცდომებით ისარგებლა, მაგრამ ველოდით იმასაც, რომ შეიძლებოდა მსგავსი სცენარი ყოფილიყო და მზად ვიყავით ამისთვის.

ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ, რადგან გასვლაზე 3:1 ვიმარჯვეთ. ეს ჩემთვის პირველი მეოთხედფინალი იქნება და ალბათ, ყველას ენდომება, რომ "მონაკოს" შეხვდეს, მაგრამ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. არავინ ელოდა, რომ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ყოჩაღ ბიჭებს, მათ შექება ეკუთვნით. ასევე, მადლობა ფანებს, ძალიან სასიამოვნო გახლდათ სავსე სტადიონის წინაშე თამაში და იმედია, მომავალ შეხვედრებშიც ასე იქნება.

რაც შეეხება ვენგერისთვის ხელის არჩამორთმევას, მართალია, რომ პირველი მატჩის მერე, როდესაც მე მსურდა არსენისთვის, მადლობა მეთქვა და ხელი ჩამომერთმია, მან ეს არ გააკეთა. ვფიქრობ, ეს უპატივცემულობა იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მეც არ მიმელოცა.

"არსენალი" ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც შეგვხვდა, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ პირველადგილოსნად მოვიაზრებოდით და ლონდონელებს ეგონათ, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვიმარჯვეთ და ეს დავიმსახურეთ" - განაცხადა თამაშის მერე ჟარდიმმა.

უფრო კეთილგანწყობილი და მშვიდი იყო ვენგერი: "საკმარისად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რთული ამოცანის წინაშე ვიყავით. უკვე პირველი ტაიმის მერე შეგვეძლო, სასურველი ანგარიშით წინ ვყოფილიყავით, მაგრამ ბევრი მომენტი გავანიავეთ. ბიჭებმა თავდაუზოგავად იმუშავეს, ამას დიდი ენერგია სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, დავმარცხდით გუნდთან, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებთ.

პირველ შეხვედრაში, შესაძლოა, ზედმეტად თავდაჯერებულნი ვიყავით. ვულოცავ "მონაკოს". ჩვენ კი ისე ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ გათამაშებას ვეთიშებით, პოზიტიური მატჩი იყო, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც გავვარდით".

მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი კვლავ ვერ იყვნენ პროდუქტიულები და ფანების კრიტიკაც დაიმსახურეს. "არსენალს" აშკარად დააკლდა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენიც.

"ძალიან მტკივნეულია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, თანაც ასეთი შედეგისა და თამაშის მერე" - აღნიშნა დამწუხრებულმა იოზილმა.

"არსენალი" შეეცოდა "სტოკის" მცველს, რობერტ ჰუტსაც, რომელმაც "თვითერის" თავის გვერდზე დაწერა: "გასვლაზე გატანილი გოლის წესი ძალიან ცუდი რამ არის! უაზრობაა".

"ლუი მეორეზე" მატჩს ჯგუფ U2-ს წევრები ესწრებოდნენ, ბონოს თამადობით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ირლანდიელი "წმინდა პატრიკის" დღეს სწორედ მონაკოში აღნიშნავდა. საფინალო სასტვენის შემდეგ სწორედ ამ ჯგუფის სიმღერა Vertigo აჟღერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული