ბაიერნი VS პორტუ - იქნება გმირობა სავსე ლაზარეთით?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული "ბაიერნი" შეეცდება, შური იძიოს "პორტუზე" 1:3 მარცხისთვის. პეპ გვარდიოლას ამის გაკეთება 7-8 მოწინავე ფეხბურთელის გარეშე მოუწევს.

პრობლემები აქვს "პორტუსაც", რომელსაც ფლანგის ორივე მცველი დისკვალიფიცირებული ჰყავს...

დაუმარცხებელი "პორტუ"
"დრაგაოზე" მარცხის მიუხედავად, კაპიტანი ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მაინც კარგი შანსი აქვს ნახევარფინალში გასვლის. ცხადია, რომ ყველაფერი არ დასრულებულა და გაგრძელება იქნება.

პორტუგალიაში წაგების შემდეგ მიუნხენელებმა ხასიათი ბუნდესლიგაში გამოიკეთეს, სტუმრად 2:0 დაამარცხეს "ჰოფენჰაიმი". ახლა რაღა უნდა მოხდეს, რომ "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ტიტული ვერ დაისაკუთროს.

ძალთა თანაფარდობა "ალიანს არენაზე" სწრაფმა
გოლმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს.

"პორტუსთვის" ნახევარფინალი უდიდესი წარმატება იქნება, ბოლოს ეს გუნდი ნახევარფინალში 2004 წელს გავიდა, როცა ჟოზე მოურინიოს კრებულმა საბოლოოდ ლიგაც მოიგო. იმავეს გამეორება ხულენ ლოპეტეგისაც ამოუჭრია გულში, ესპანელი სპეციალისტის ფორმაციის "პორტუ" დიდებულ ფორმაშია - 2015 წელს ამ გუნდმა 16-დან 13 მატჩი მოიგო.

ბოლო ოთხი მატჩია, "პორტუ" მხოლოდ იგებს, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში "პორტუმ" 11 თამაში გამართა და ჯერ არ წაუგია. საშინაო კედლებში პორტუგალიის 27-გზის ჩემპიონი ამჟამად მეორე ადგილზეა და "ბენფიკას" სამი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში "პორტუმ" "აკადემიკა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

"ბაიერნი" კვლავ სანახევროდ ლაზარეთშია - დავიდ ალაბა, მეჰდი ბენატია, ხავი მარტინესი, ფრანკ რიბერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, არიენ რობენი, კლაუდიო პისარო ტრავმირებულები არიან და მათი აბსოლუტური უმრავლესობის თამაში "პორტუსთან" გამორიცხულია (ამათში საუკეთესო შანსი შვაინშტაიგერს აქვს).

მართალია, "პორტუს" ლიდერი ჯექსონ მარტინესი ბოლომდე მზად არც ახლაა, მაგრამ ისევე, როგორც პირველ თამაშში, კოლუმბიელი ახლაც გავა მოედანზე. ლოპეტეგის საფიქრალი ალექს სანდროს და დანილოს სრულფასოვანი შეცვლაა, ორივე მცველი დისკვალიფიცირებულია.

მატჩის წინ
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ეს თამაში დიდი გამოწვევვაა ჩვენთვის; თუმცა ჩემთვის, როგორც "ბაიერნის" მწვრთნელისთვის, ყოველი დღე დიდი გამოწვევაა.

ბოლო კვირებში, როცა გუნდს გაუჭირდა, კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგე ჩემი სამუშაოს შესახებ. ჩვენ გერმანიის თასის ნახევარფინალში ვართ, ალბათ, ტიტულსაც შევინარჩუნებთ და ჯერ კიდევ იმედი გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე...

როგორც "ბარსელონასა" და "რეალს", "ბაიერნსაც" მხოლოდ სამი ტიტულის მოგება აკმაყოფილებს სეზონში".

ხულენ ლოპეტეგი (პორტუ): "პორტუ" ხვალინდელ მატჩზეა მთლიანად ფოკუსირებული. ვგეგმავთ, როგორ მოვიქცეთ მიუნხენში. სათამაშოდ მომზადებულები გავალთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.

ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება, "პორტუმ" უნდა სცადოს და საპასუხო მატჩშიც თავისი ფეხბურთი ითამაშოს. მეოთხედფინალში მოხვედრისათვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მიღწეულით უკვე ვამაყობთ, თუმცა მეტი წარმატება გვსურს.

ფანებმა აეროპორტში შთამბეჭდავი გაცილება მოგვიწყვეს, ის ენერგია ჩვენ თამაშამდე გაგვყვება".

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩის წინ
21 აპრილი. მიუნხენი (გერმანია). "ალიანს არენა". 22:45
ბაიერნი-პორტუ
I მატჩი: პორტუ-ბაიერნი 3:1
დისკვალიფიკაცია: ალექს სანდრო, დანილო (პორტუ)
ტრავმა: ალაბა, ბენატია, ხ. მარტინესი, რობენი, შტარკე, ბერნატი (?), რიბერი (?), შვაინშტაიგერი (?) - ჯ. მარტინესი (?), ტელიო (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (3-5-2): ნოიერი - რაფინია, დანტე, ბოატენგი - ლამი, ჩაბი ალონსო, ტ. ალკანტარა, გიოტცე, ბერნატი - მიულერი, ლევანდოვსკი
პორტუ (4-4-2): ფაბიანო - მარკანო, მაიკონი, მარტინს ინდი, ანხელი - კაზემირო, ერერა, ოლივერ ტორესი, კვარეშმა - ჯ. მარტინესი, ბრაჰიმი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული