01:19 23-04-2015
მონაკო-იუვენტუსი 0:0 - შავ-თეთრი მატჩის შავ-თეთრი ტრიუმფატორი [VIDEO]
AutoSharing Option
"მონაკოს", რასაკვირველია, უნდა გაერისკა, სხვა გზა მონეგასკებს არ ჰქონდათ და თავიდან ომახიანადაც დაიწყეს. მათ, მინიმუმ, ერთი გოლი უნდა გაეტანათ და თუ არ გაუშვებდნენ, დამატებით დროში მაინც გადაიყვანდნენ დაპირისპირებას. მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ორი კარგი ტაქტიკოსის - ლეონარდო ჟარდიმისა და მასიმილიანო ალეგრის ხლართებში გაბმული ფეხბურთელები ძალიან იშვიათად ახერხებდნენ რამე გამოსარჩევის შემოთავაზებას.
ბურთი უფრო მასპინძლებს ეჭირათ. ალეგრიმ ასე გადაწყვიტა, ტურინელები შეტევებით თავს არ იკლავდნენ, მაგრამ ერთი, რაც ნამდვილად კარგად გააკეთეს, ის გახლდათ, რომ ბოლოს, როდესაც მონეგასკებს შტურმი უნდა მოეწყოთ, ბურთი ძირითადად "იუვეს" ეჭირა და გოლის გატანასთანაც "ბებერი ქალბატონი" უფრო ახლოს იყო, ანდრეა პირლომ ჯარიმიდან ძელსაც გაარტყა.
მთლიანობაში, გუნდებმა ერთმანეთის კარში ზუსტად მხოლოდ თითოჯერ დაარტყეს, ტურინელებს მეტოქის კარისკენაც სულ 2-ჯერ ჰქონდათ დარტყმული, სანამ ბოლო წუთებში ნახსენები გააქტიურებისას კიდევ ერთ ამდენს არ დაამატებდნენ.
"მონაკო" კი, პირველი მატჩისა არ იყოს, ფონს გასვლას, ძირითადად, შორეული გასროლილებით ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. თანაც, ჯანლუიჯი ბუფონის ჯობნა რთული რამ არის, ჯიჯი კვლავ კარგი იყო. მცდელობების მიუხედავად, მონეგასკებმა თავისას ვერ მიაღწიეს. ისინი შექებას იმსახურებენ, ხოლო ტურინელები - მილოცვას, "იუვენტუსმა" ორმატჩიან დუელში გამარჯვება დაიმსახურა და უკანასკნელ 12 წელიწადში პირველად გავიდა ნახევარფინალში.
სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-12 შემთხვევაა, როდესაც პლეი ოფის სტადიაზე გუნდი ორი მატჩის ჯამში 1:0-ით გადის შემდეგ ეტაპზე.
"შავ-თეთრები" ამას დიდხანს ელოდნენ და ეს დროც დადგა. მომავალი მეტოქე "იუვეს" ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი ეყოლება, სამი ძველი ნაცნობიდან ამორჩევა ძალიან ძნელია - "ბაიერნი", "ბარსელონა" და "რეალი".
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა - ესენია მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" (ორივე - ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია) და ტურინის "იუვენტუსი" (იტალია).
ნახევარფინალების კენჭისყრა 24 აპრილს ნიონში (შვეიცარია) გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური სტადია 5 და 6 მაისს და 12/13 მაისს (საპასუხო მატჩები) გველის. პარასკევს გაირკვევა ისიც, თუ რომელი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული ჩაითვლება ფინალში მასპინძლად.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს ბერლინის (გერმანია) "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.
მატჩის შემდეგ:
მასიმილიანო ალეგრი: 12-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით, ჩვენ არავისი გვეშინია
არტურო ვიდალი: მე არ მეშინია არცერთი შესაძლო მეტოქის
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
მონაკო-იუვენტუსი 0:0
(პირველი მატჩი: 0:1)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, აბდენური, კურზავა - მოუტინიო, ტულალანი (46. ბერბატოვი), კონდოგბია - ბერნარდო სილვა, ფერეირა-კარასკო (87. მატეუშ კარვალიო), მარსიალი (76. ჟერმენი)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი (77. პერეირა), ევრა (90. პადოინი) - მორატა (69. ლორენტე), ტევესი
გაფრთხილება: ბერნარდო სილვა, კონდოგბია - კიელინი, ტევესი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 12(1)-4(1) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 16 889
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული