6 მაისს, "ნოუ კამპზე" გამართულ მატჩში მასპინძლებმა ლიონელ მესის დუბლითა და ნეიმარის გოლით სტუმრები მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
"გვინდოდა, ბურთზე კონტროლი მოგვეპოვებინა, მაგრამ როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშობ, თურმე ეს შეუსრულებელი ამოცანაა. გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით, აი, მესამე გოლი კი უკვე მართლა მეტისმეტი იყო...
ვიცოდით, ვის ვეთამაშებოდით. მაგრამ ბურთის ფლობაზე
თუკი "ბარსელონასთან" ბურთის ფლობაში უპირატესობა არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება. შესაბამისად, მეტოქისთვის ბურთის "დამალვას" ვაპირებდით, მაგრამ ინიციატივის დაუფლება ვერ მოვახერხეთ. ოთხი მცველით უფრო საიმედოდ ვთამაშობდით, ვიდრე - სამით. თამაშის ბოლო წუთებში კი ავირიეთ.
ყოველთვის ვცდილობთ, გავიტანოთ გოლი. დღესაც, პირველ გაშვებულ გოლამდე კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ.
"ბარსა" - ეს ლეოა (ლიონელ მესი). კატალონიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. დღეს ისინი ყველა სათამაშო ასპექტში ფორმის პიკში იმყოფებიან. საიმისოდ, რომ ნეიმარი ან ლუის სუარესი აკონტროლო, განძრევის საშუალება არ უნდა მისცე. როდესაც პირველი ორი გოლი გაგვიტანეს, პოზიციურად არასწორად ვმოქმედებდით, ხოლო მესამე გოლის ეპიზოდში კი უკვე არაფრის გაკეთება შეგვეძლო.
ვაფასებ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თადარიგში იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეცვლის გაკეთება გადავწყვიტე. მეტიც შემეძლო, მაგრამ ვამჯობინე, მოედანზე მყოფთათვის ნდობა ბოლომდე გამომეცხადებინა.
მაინც ვამაყობ ჩემი გუნდით. ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ საკმაოდ წარმატებული შორი გზა გამოვიარეთ. ამ ბიჭებმა ბოლო წლებში უამრავი ჯილდო მოიპოვეს, მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატიც. ამ წაგებისთვის კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ფეხბურთელებს კი მხოლოდ მადლობას ვუხდი.
ვულოცავ "ბარსელონას" და მას ერთ კვირაში მიუნხენში ველით", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
"ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო დაპირისპირება მიუნხენის "ალიანც არენაზე" 12 მაისს გაიმართება.