კარლო ანჩელოტი: აშკარა ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ ფინალში ყველაფერი ხდება

AutoSharing Option
13 მაისს, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტურინის "იუვენტუსთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ტურნირის ფინალის საგზური იტალიურმა გრანდმა მოიპოვა, რომელიც 6 ივნისს ბერლინში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

"ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოდა, თავს არ ზოგავდა და კარგადაც თამაშობდა. გატანის შანსებიც გვქონდა. ენა არ მომიბრუნდება გუნდზე აუგის სათქმელად. გასაგებია, რომ ასეთი დასასრულის გამო დამწუხრებულნი ვართ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ
- ჩემპიონატში ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, რომლებიც უნდა მოვიგოთ და სეზონი კარგად ჩავამთავროთ, აი, შემდეგ კი ყველაფერი გავაანალიზოთ.

სულ პატარა რაღაც გვაკლდებოდა - უმცირესი დეტალი. წარმატებამ ზურგი გვაქცია. გული პირველ მატჩზე მწყდება, რომელშიც ჩვენთვის არადამახასიათებელი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს. არ ვიცი, იმოქმედა თუ არა მათზე გადაღლილობამ. ორივე შეხვედრის მეორე ტაიმებში გააფთრებულნი უტევდნენ და დაღლილობის მათ ვერაფერი შევატყვე. კარისკენ ხშირად ვურტყამდით, თუმცა ბურთი ჩარჩოში არცთუ ხშირად მიდიოდა. შესაძლოა, გუნდი რომ უფრო დასვენებული ყოფილიყო, მეტად ეფექტურად ემოქმედა...

საკუთარ სამუშაოს ბევრ დროს ვუთმობ, რადგან მიყვარს ის, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი მე უნდა განვსაჯო. ეს კლუბის პრეროგატივაა. ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ - თუკი კლუბი კმაყოფილია იმით, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გავაკეთე, დავრჩები. მე მსურს აქ დარჩენა, თანაც, კარგად ვიცნობ აქაურ შიდა სამზარეულოს, თუმცა კლუბს ყოველთვის აქვს მწვრთნელის შეცვლის უფლება, თუკი ამას გადაწყვეტს.

პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ კლუბისგან მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას როგორც წარმატებულ, ისე რთულ პერიოდებში. ჩემი კარიერის ამ მონაკვეთს პოზიტიურად ვაფასებ.

აშკარა ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ ფინალში ყველაფერი ხდება", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადრიდისტას ვეთანხმები... ისეთი კაცი აჩუქეს მანჩესტერს, რომელიც ძალიან ბევრ ტიტულად დაგიჯდებათ :)))
ლაშა
12:45 14-05-2015
0
შარშან გადამწყვეტ მომენტში ვინ ითამაშა, თუ გახსვს პაპა კარლო? ხამესმა, ისკომ ან თუნდაც რონალდომ?? გული გვაკლდა, გული !!! გუშინდელ დაპირისპირებაში ანხელ დი მარიაა !!!!
madridista
11:42 14-05-2015
0

სიახლეები პოპულარული