მასიმილიანო ალეგრი: "ბარსა" ფავორიტია, ჩვენ კი ყველაფერი თავდაყირა უნდა დავაყენოთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი ბერლინში გასამართი გადამწყვეტი დაპირისპირებისთვის მზადაა.

"ახლა საკითხავი ისაა, რომელი გუნდი შეასრულებს ოქროს ჰეთ-თრიქს - "იუვენტუსი" თუ "ბარსელონა". იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით, თუმცა ნათელია, რომ ეს იოლად მისაღწევი არ იქნება. წესით, ბრწყინვალე თამაში უნდა გამოვიდეს, როგორც ეს ჩემიონთა ლიგის ფინალებში ხდება ხოლმე. ცოტაოდენი გამართლება დაგვჭირდება, თუმცა ამასაც შრომით სჭირდება დამსახურება.

ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს
ფინალია და შემდეგ რაიმეს გამოსწორების შესაძლებლობა აღარ გვექნება. ამიტომ, მზად ახლა უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც - როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ბოლო ნაბიჯის გადადგმა დაგვრჩა. ძნელი იქნება, მაგრამ ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. გუნდი არ ღელავს და მომართულია.

ჩვენ შვიდ ფინალში ვითამაშეთ, ორჯერ გავიმარჯვეთ და ხუთჯერ დავმარცხდით. "ბარსელონამ" ოთხი მოიგო და სამჯერ წააგო. დანარჩენი თავად გამოთვალეთ...

როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს მატჩი, ჩვენ ყველა შემთხვევაში ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ. გარდა იმისა, რომ იტალიის ჩემპიონობა და თასი მოვიგეთ, გუნდის პროგრესსაც ვგულისხმობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაღაცას ევროპაშიც უნდა მივაღწიოთ.

კონცენტრაცია მთელი 90 წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ. ფსიქოლოგიურად ძლიერები უნდა ვიყოთ და ყველაფერი თავდაყირა უნდა დავაყენოთ, რადგან ფავორიტი "ბარსელონაა", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული