ჩემპიონთა ლიგა. ფინალი: "ბარსას" - თასი, "იუვეს" - მადლობა!

AutoSharing Option
AUTO PLAY
შენ, სწორედ შენ, ამ სტატიის კითხვას რომ იწყებ, დიდი შანსია, "ბარსელონას" ქომაგობდე ან "იუვენტუსს", რა თქმა უნდა; ანაც, რომელიმე სხვა გრანდს და შაბათის ფინალს ნეიტრალური თვალით უყურე.

საფეხბურთო ენას თქვენობითი ფორმა არ უხდება და ამიტომაც მივეცი თავს უფლება, რომ შენობით მოგმართო. დასაწყისშივე მინდა იმის თქმა, რომ ვისი გულშემატკივარიც უნდა იყო, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ისეთი ფინალი ვნახეთ, უკმაყოფილო არ დარჩებოდი.

თუ საკითხს კარგად ჩაუღრმავდებიან, ამაში "იუვეს" გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან - გულის სიღრმეში მაინც. კარგი ფინალი იყო, თვალსასეირო ფეხბურთი, დაუნდობელი ბრძოლა და ლეგენდები, ბევრი
ლეგენდა "ოლიმპიაშტადიონის" მინდორზე. ზღვა ემოციაც იყო - ზუსტად იმდენი და ისეთი, ჩემპიონთა ლიგის ფინალს რომ უნდა ეკადრებოდეს.

თამაშის შემდეგ ერთი ლეგენდა ტიროდა, მეორე ლეგენდა კი იმ პირველ ლეგენდას გადაეხვია, გულში ჩაიკრა და მერე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. ფინალის მერე ყველა ბედნიერი ვერ იქნება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არც უბედური უნდა იყოს ვინმე.

რაღაცნაირად კარგი ფინალი გამოვიდა. რასაკვირველია, ამ დონისა და რანგის დაპირისპირება ვერ ჩაივლიდა ისეთი მომენტების გარეშე, ხინჯად რომ შეიძლება ჩარჩეს წაგებული გუნდის ქომაგს. "იუვეს" ფანები მიხვდებიან, რომელ მომენტსაც ვგულისხმობ - მომენტს, როცა "ბარსელონას" კარში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა და რომ დანიშნულიყო, ფაქტია, რომ გაიტანდნენ თუ ვერ გაიტანდნენ ტურინელები, არ შედგებოდა სუარესის ის გოლი, რომლითაც "ბარსა" მეორედ დაწინაურდა.

მაგრამ ეს ვარაუდები და ფიქრები საერთო სურათს და ლოგიკას არ ცვლის - "იუვენტუსი" წელს სრულფასოვნად დაბრუნდა ევროპის გრანდებში. "იუვენტუსს" ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს, მაგრამ "ბარსელონას"... "ბარსელონას" კიდევ უფრო უკეთესი და ამიტომაც არ აქვთ "იუვეს" ფანებს სასოწარკვეთის საბაბი. პირიქით, უნდა იამაყონ იმით, რომ მათმა გუნდმა არსებული რესურსით მაქსიმუმი გააკეთა, ფინალში გავიდა და იქ უფრო ძლიერთან დამარცხდა.

ეს ის "ბარსელონაა", რომელმაც "ბაიერნი" უშანსოდ დატოვა. ეს ის "იუვენტუსია", რომელმაც ორივე დუელში აჯობა "რეალს". და მერე შეხვდნენ ფინალში უძლიერესნი, რომელთაგან უფრო ძლიერმა მოიგო. მოიგო ლოგიკურად და "იუვენტუსის" ქომაგმა კიდევ იმიტომ არ უნდა დახაროს თავი, რომ ცოტა მეტი იღბალი და "იუვე" ამ "ბარსელონასაც" დაამარცხებდა. მაგრამ იღბალი, ფორტუნა და გნებავთ, საფეხბურთო ღმერთი, შაბათს უფრო ძლიერისკენ იყო.

"ბარსელონამ" არსებობის ისტორიაში მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიკი. "ბარსამ" ჯამში მეხუთედ, 2006 წლიდან კი მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. "იუვენტუსი" კი, ეს იტალიური სუპერგრანდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალების წაგების რეკორდსმენია: ტურინულმა კლუბმა 8 ფინალი ითამაშა და აქედან 6 წაგებული აქვს. მეტიც: "იუვემ" ზედიზედ მეოთხე ფინალი წააგო.

მწვრთნელების რეაქციები
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა. მადლობა ჩემს ასისტენტებს და განსაკუთრებით, სუბისარეტას! 60 თამაშიდან 50 მოვიგეთ და ახლა ზეიმის დროა. სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, წინ გრძელი ღამე გველის!"

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "დიდი ფინალი გამოვიდა. "ბარსელონას" გამარჯვებას ვულოცავ! რაც შეეხება იმ მომენტს - პენალტი უნდა დანიშნულიყო. მე იმ პენალტს დავნიშნავდი, მსაჯმა არ დანიშნა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით".

ტაქტიკა
ჯორჯო კიელინის ტრავმამ "იუვეზე", რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა. ჯორჯოს გუნდში სხვა მუხტი და ქარიზმა შეაქვს, მაგრამ მაინც ვერავინ იტყვის, რომ კაცი, რომელმაც კიელინი ძირითად შემადგენლობაში შეცვალა, მას დიდად ჩამოუვარდება - ანდრეა ბარძალიც დიდი მცველია.

სხვა მხრივ, "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობა ისე დაკომპლექტდა, თამაშის წინ ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარული მარტივად რომ ჩამოთვლიდა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ "იუვენტუსის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 30.4 წელი გახლდათ და ბარემ დავამატოთ, რომ ამაზე ასაკოვანი გუნდი ფინალში მხოლოდ ერთ გუნდს, "მილანს" (31.1) ჰყავდა 2007 წელს - "ლივერპულს" რომ მოუგეს 2:1.

ლუის ენრიკეს კი ოპტიმალურზე ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა - თავისი მესი-სუარესი-ნეიმარის შესანიშნავი სამეულით წინ.

რაც თვალში მოგვხვდა
- "ბარსელონას" სწრაფი გოლი "იუვენტუსისთვის" შოკი იყო. მეტადრე იმიტომ, რომ ესპანელებს ამ გოლის გასატანად თავი ნამდვილად "არ მოუკლავთ". პირიქით, "იუვემ" თამაში სერიოზული პრესინგით დაიწყო და საწყის წამებზე ტურინელებმა "ბარსას" უკანახაზელებს შეცდომებიც კი დააშვებინეს.

"იუვენტუსმა" თამაში ისე აქტიურად დაიწყო, რომ ნეიტრალური გულშემატკივრები ("იუვეს" ფანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), დიდი სპექტაკლის მოლოდინში ხელებს მოიფშვნეტდნენ, მაგრამ ეს ამბავი მე-4 წუთზევე დასრულდა, როცა "ბარსელონას" ერთი შეხედვით უმარტივესი, მაგრამ ძალიან გონივრული კომბინაცია ივან რაკიტიჩმა გოლით დააგვირგვინა. ამ გოლში მესიმ, ალბამ, ნეიმარმა და ინიესტამ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გამოკვეთილად მთავარი ინიესტას როლი გახლდათ. ამიტომაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს გოლი ინიესტამ შექმნა.

- რაკიტიჩის სწრაფმა გოლმა "იუვენტუსის" თამაშზე ძლიერად იმოქმედა. ცხადია, ყველაფერი აერ-დაერია ტურინელთა თავკაც მასიმილიანო ალეგრისაც და ამიტომაც იყო, მომდევნო წუთებში "იუვენტუსი" ძალიან პასიურად რომ თამაშობდა.

- თუმცა "ბარსელონამ" რაკიტიჩის გოლის შემდეგ მაინც არ დაამყარა ტოტალური კონტროლი. ლუის ენრიკეს ბიჭები საკმაოდ სწრაფი პასებით თამაშობდნენ და არცთუ იშვიათად კარგავდნენ ბურთს, რის გამოც იტალიელებმა კონტრშეტევების შანსები მიიღეს.

- პირველი ტაიმის მსვლელობისას "იუვენტუსი" ნელ-ნელა ისევ დალაგდა, დასტაბილურდა, გააქტიურდა და გათამამდა კიდეც.

- როცა ბურთი "ბარსას" გოლკიპერ ტერ შტეგენს მიუვიდოდა, იტალიელები მყისვე მთელ მოედანზე პერსონალურ დაცვას მიმართავდნენ. ამ დროს ბარძალიც კი ნახევარდაცვაში ამოდიოდა. ამით ტურინელები ბარსელონელთა მხრიდან გრძელი გადაცემების პროვოცირებას ცდილობდნენ - ეს, როგორც ჩანს, ალეგრის ჭკვიანური ჩანაფიქრი და დავალება გახლდათ. გამოჩნდა კიდეც: როცა "ბარსას" გრძელი და მაღალი პასების დროს "იუვენტუსს" უპირატესობა ჰქონდა.

- თავად ტურინელებს თავიდან საკმაოდ უჭირდათ შეტევების აწყობა, რადგან პირლო ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე - იმიტომ, რომ "ბარსას" პრესინგი კარგად ფუნქციონირებდა. "იუვენტუსის" თამაშში სტრუქტურა მას მერე გამოჩნდა, რაც პირლო ოდნავ გათავისუფლდა მარწუხებიდან და "იუვე" ბურთს დაეუფლა.

- მეორე ტაიმში ტემპმაც იმატა და უფრო აქტიური ფეხბურთიც ვნახეთ. ალვარო მორატას გოლის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ, კლაუდიო მარკიზიომ ლიხტშტაინერისკენ გაკეთებული ბრწყინვალე პასით შექმნა (თუმცა ამ გოლში ტევესმაც დიდი როლი შეასრულა), "იუვენტუსმა" ზომიერი აგრესიითა და ფიზიკური სიძლიერით, ფაქტობრივად, კონტროლი დაამყარა მოედნის ცენტრში და ის-ის იყო, ვიფიქრეთ, ტერ შტეგენის კარში მეორე გოლის "მომწიფება" იწყებაო, რომ "ბარსელონამ" აქეთ გაუტანა "იუვენტუსს".

- "იუვეს" ასეთმა სითამამემ ბარსელონელებს კონტრშეტევებისთვის დერეფნები გაუხსნა და სწორედ ერთ-ერთ ასეთ კონტრიერიშს მოჰყვა სუარესის გოლი, რომელშიც ლომის წილი მესიმ დაიდო. აი, სად გადაწყვიტა ლეომ თამაშის ბედი! თუმცა აქვე ვთქვათ, რომ დასწრებაზე ძალიან მაგარი იყო სუარესი და ნურც მას დავუკარგავთ გარჯას!

- დარჩენილ დროში "იუვე" ბევრს ეცადა, ალეგრი სამთავდამსხმელიან სქემაზეც კი გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ. "ბარსას" სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ლუის ენრიკეს ბიჭები ერთხელაც არ დაჯარიმებულან საჯარიმოს მისადგომებთან, რითაც პირლოს გოლი გამორიცხეს. ამ უკანასკნელის ჯარიმები ხომ პენალტებივითაა.

- ბოლო წამებზე "იუვენტუსი" მთელი გუნდით წავიდა წინ და 97-ე წუთზე, სულ ბოლო წამზე, მესამე გოლიც მიიღო.

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
გენიალურმა ინიესტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია და პირველი გოლის დროს კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ შესანიშნავი ხედვა აქვს. ინიესტას შეცდომა, ფაქტობრივად, არ დაუშვია, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი
არტურო ვიდალი (იუვენტუსი)
არტურო ვიდალი ზედმეტად მოტივირებული იყო და საერთოდ, ამ ბოლო დროს თავის თავს აღარ ჰგავს - აჭრილია! ძალიან ადრე მიიღო ყვითელი ბარათი და მერეც რამდენჯერმე ძალიან სარისკოდ იუხეშა. სადღაც მე-14 წუთზე პირლომ ვიდალს ზედ მოედანზევე წაუკითხა ლექცია და დააშოშმინა, თორემ "იუვენტუსი" კაცნაკლული დარჩებოდა. მაგრამ ჩილელი ფინალში მაინც ყველაზე სუსტი იყო.

მსაჯი
თურქ ჩუნეით ჩაქირს სადავეები ხელიდან არ გაექცა და გადამწყვეტ მომენტებში ყველაფერი სწორად გააკეთა. პენალტი არც მაშინ დანიშნა, როცა ლიხტშტაინერს ბურთი ხელზე მოხვდა (მე-8 წუთი) და არც მაშინ, როცა "ბარსელონას" საჯარიმოში დანი ალვეშისა და პოლ პოგბას ორთაბრძოლას ამ უკანასკნელის დაცემა მოჰყვა (67) - ასეთი რანგის მატჩებში ასეთ პენალტებს არ ნიშნავენ ხოლმე. აბსოლუტურად სწორი იყო ჩაქირის ის გადაწყვეტილებაც, როცა ნეიმარის გოლი (ხელით თამაშის გამო) გააუქმა.

დასკვნა
ვნახეთ ძალიან კარგი ფინალი გოლებით და ბევრი საგოლე მომენტით. "ბარსელონა", საერთო ჯამში, შეტევაში უფრო სახიფათო იყო და ამიტომაც დამსახურებული გამარჯვებულია. მესი და კომპანია თბილისში მოდიან.

6 ივნისი
იუვენტუსი-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4), 1:1 მორატა (55), 1:2 სუარესი (68), 1:3 ნეიმარი (97)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა (89. კომანი) - მარკიზიო, პირლო, პოგბა - ვიდალი (79. პერეირა) - ტევესი, მორატა (85. ლორენტე).
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (91. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა (78. ჩავი) - მესი, სუარესი (96. პედრო), ნეიმარი.
გაფრთხილება: ვიდალი, პოგბა - სუარესი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 24-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-18 (6-8); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 70 500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Ambop me davmishnavdi penalso.kaia sheni gadasackveti ro ar iko.rac (penali)ar iko.
kaxa
17:43 08-06-2015
0
ავტორმა სათაური რუსულ სპორტულ გაზეთს სპორტექსპრესს მოპარა. სირცხვილია ვაი ჟურნალისტო!
0

სიახლეები პოპულარული