ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
16 თებერვალს და 9 მარტს
პსჟ (საფრანგეთი)-ჩელსი (ინგლისი)
ბენფიკა (პორტუგალია)-ზენიტი (რუსეთი)
17 თებერვალს და 8 მარტს
გენტი (ბელგია)-ვოლფსბურგი (გერმანია)
რომა (იტალია)-რეალი (ესპანეთი)
23 თებერვალს და 16 მარტს
არსენალი (ინგლისი)-ბარსელონა (ესპანეთი)
იუვენტუსი (იტალია)-ბაიერნი (გერმანია)
24 თებერვალს და 15 მარტს
პსვ (ჰოლანდია)-ატლეტიკო (ესპანეთი)
დინამო (უკრაინა)-სიტი (ინგლისი)
* დაწყების დრო ყველგან 23:45 (საქართველოს დროით), გარდა ზენიტი-ბენფიკისა - 21:00.
ევროპალიგის 1/16-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ვალენსია (ესპანეთი)-რაპიდი (ავსტრია)
ფიორენტინა (იტალია)-ტოტენჰემი (ინგლისი)
დორტმუნდი (გერმანია)-პორტუ (პორტუგალია)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)-ლოკომოტივი (რუსეთი)
ანდერლეხტი (ბელგია)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
მიდტიულანდი (დანია)-მანჩესტერი (ინგლისი)
აუგსბურგი (გერმანია)-ლივერპული (ინგლისი)
სპარტა (ჩეხეთი)-კრასნოდარი (რუსეთი)
გალათასარაი (თურქეთი)-ლაციო (იტალია)
სიონი (შვეიცარია)-ბრაგა (პორტუგალია)
შახტარი (უკრაინა)-შალკე (გერმანია)
მარსელი (საფრანგეთი)-ბილბაო (ესპანეთი)
სევილია (ესპანეთი)-მიოლდე (ნორვეგია)
სპორტინგი (პორტუგალია)-ლევერკუზენი (გერმანია)
ვილიარეალი (ესპანეთი)-ნაპოლი (იტალია)
სტ. ეტიენი (საფრანგეთი)-ბაზელი (შვეიცარია)
* ფენერბაჰჩე-ლოკომოტივი 16 თებერვალს გაიმართება.
* ბრაგა-სიონი 24 თებერვალს გაიმართება.
წილისყრის ფაქტები
* "ბარსელონამ" "არსენალი" 2009/10 წლების სეზონის მეოთხედფინალში დაამარცხა, როცა ლეო მესიმ საპასუხო მატჩში პოკერი შეასრულა; "ბარსამ" იმარჯვა 2010/11 წლების 1/8-ფინალშიც და, რა თქმა უნდა, 2006 წლის ფინალში.* "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" ზედიზედ მესამე სეზონია, ერთმანეთს ხვდებიან. წინა ორის ბედი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გაირკვა - 2013/14 წლების სეზონის მეოთხედფინალში "ჩელსიმ" იმარჯვა, ხოლო 2014/15 წლების სეზონის მერვედფინალში პარიზელებმა შური იძიეს მეტოქეზე.
* 2012/13 წლების სეზონში "ბაიერნმა" შინ და გარეთ 2:0 მოუგო "იუვენტუსს" მეოთხედფინალური ჯახი და შემდეგ ლიგაც მოიგო.
* "რომა" და "რეალი" ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ. ყველა თამაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა 2001 წლიდან მოყოლებული. "რომამ" 2007/08 წლების სეზონში "სამეფო კლუბი" მერვედფინალიდან გააგდო.
* "ატლეტიკომ" 2008 წელს ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოუგო პსვ-ს.
* "ბენფიკამ" 2011/12 წლების სეზონის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, 4:3 აჯობა "ზენიტს", ხოლო გასულ სეზონში ისინი ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორჯერვე რუსებმა იმარჯვეს.
* კიევის "დინამომ" ევროპალიგის 2010/11 წწ. სეზონში "მანჩესტერ სიტი" მერვედფინალიდან ჩამოიცილა.
* "გენტი" და "ვოლფსბურგი" ერთადერთი წყვილია, რომელსაც ურთიერთშეხვედრების ისტორია არა აქვს.
***
"რომასა" და "რეალის" დაპირისპირება, უთუოდ, ერთ-ერთი ცენტრალურია. როგორც უკვე ვთქვით, ეს გუნდები 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 4-ჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, 3-ჯერ - იტალიელებმა. არის ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც "რომას" სასარგებლოდ მეტყველებს - 1987 წლის მერე "რეალს" ერთხელაც არ უჯობნია ევროთასების პლეი ოფში იტალიური გუნდისთვის. არადა, მას მერე ორჯერ "მილანმა" გამოაგდო, ოთხჯერ - "იუვენტუსმა", ერთხელ "ტორინომ" და ერთხელ თავად "რომამ". სხვათა შორის, რაფა ბენიტესის დებიუტი "რეალის" თავკაცის პოსტზე სწორედ "რომასთან" მატჩში შედგა მელბურნში, სადაც 80 ათასმა ფანმა გოლები მხოლოდ პენალტების სერიაში იხილა, რომელიც "რომამ" 7:6 მოიგო.
ჯგუფურ ეტაპზე "რეალი" ყველაზე გამტანი გუნდი იყო, 19 გოლით (აქედან კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე 11-ია), ხოლო "რომა" - ყველაზე გამშვები - 16 მიღებული ბურთი.
რუდი გარსია (რომა): "რეალი" ფავორიტია. იმისთვის, რომ ის დავამარაცხოთ, ძალიან უნდა მოვინდომოთ - იმედი მაქვს, რომ 17 თებერვალს "ოლიმპიკო" გადაიჭედება. სეზონის წინ მათთან ამხანაგური კი ვითამაშეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვაა".
***
როდესაც სამი წლის წინათ ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, "ბაიერნმა" შანსიც კი არ მისცა მეტოქეს. "იუვეს" ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს მიაჩნია, რომ გერმანული გრანდი ახლაც აშკარა ფავორიტია. მართლაც, ბოლო ხუთი მატჩია, "ბაიერნი" ნებისმიერ იტალიურ კლუბს ამარცხებს. შეგახსენებთ, რომ კინგსლი კომანი, რომელიც ვერაფრით მოერგო "იუვენტუსს", ახლა "ბაიერნის" ფეხბურთელია და შემადგენლობაშიც ხვდება ხოლმე. ექსიუვენტინოა არტურო ვიდალიც, რომელიც ძალიან გაახარა წილისყრამ - ტურინში ბევრი მეგობარი მელოდებაო.ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ორი დიდი მატჩი გველის. "იუვენტუსი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მართალია, მათ სეზონი ვერ დაიწყეს კარგად, მაგრამ ახლა უკვე ფორმაში შევიდნენ".
***
deja vu - ზედიზედ მესამე სეზონია, ეს გუნდები ერთმანეთს ეცილებიან ფინალისკენ მიმავალ საგზურს. შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისისთვის ამ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც "ჩელსის" ყოფილი მცველისთვის. "ჩელსი" 14-ჯერ შეხვდა ლიგა 1-ის გუნდებს ევროთასებზე და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა, ყველა შემთხვევაში სტუმრად. ლორან ბლანი (პსჟ): "ორი დიდი გუნდის დიდებული ორთაბრძოლა გველის წინ, მაგრამ იქამდე დიდი დროა, ჯერ ბევრი თამაში და დრო რჩება მოსამზადებლად. იმედი მაქვს, "ჩელსისთან" მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება და ყველა - ფორმის პიკზე.
გასულ სეზონში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. მართალია, ახლა "ჩელსის" ცოტა უჭირს, მაგრამ ეს მაინც ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც დიდებული მწვრთნელი ჰყავს".
***
ლონდონში, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სურდათ "ბარსელონასთან" თამაში, თუმცა ფორტუნამ "მეთოფეებს" სწორედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შეახვედრა. ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაა. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ 2016 წლის ბატალიებზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"