ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: პირველი რაუნდი პარიზმა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზისა და ლონდონის დაპირისპირების პირველი რაუნდი საფრანგეთის დედაქალაქმა მოიგო, მაგრამ პსჟ-სა და "ჩელსის" დაპირისპირებაში ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება.

ჯონ ტერისა და კურტ ზუმას არყოფნაში გუს ჰიდინკს რამდენიმე გადაადგილების გაკეთება მოუხდა. ნომერ პირველ უნივერსალურ ჯარისკაცს, ბრანისლავ ივანოვიჩს კაპიტნის სამკლავურის მორგებასთან ერთად, მოედნის ცენტრში უწევდა თამაში და გარი კეჰილთან იდგა წყვილში. მარჯვენა ფლანგზე სესარ ასპილიკუეტას უწევდა ბურთაობა, ხოლო მარცხნივ რაჰმან ბაბას.

აი, "პარი სენ-ჟერმენი" კი საბრძოლო შემადგენლობით იყო მინდორზე, ეცოტა უცნაური ის გახლდათ, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლორან ბლანმა მარკინიოსი გაამწესა.

პარიზელებმა
უფრო ომახაიანად დაიწყეს და ფავორიტის სტატუსის გამართლება სცადეს. თუმცა პირველი ყველაზე რეალური მომენტი ლონდონელებმა შექმნეს. მართალია, დიეგო კოშტა თამაშგარეში გახლდათ, მაგრამ ლაინსმენმა ეს არ დააფიქსირა და მისი თავური რაღაც საოცარი რეაქციით მოიგერია კევინ ტრაპმა. გერმანელი მეკარის დიდებული "სეივის" მერე, ისევ მასპინძლები გააქტურდნენ და მათ ჯონ ობი მიკელიც დაეხმარა, რომელმაც ჯერ უსიამოვნო ჯარიმა აიკიდა, მერე კი, ჯარიმიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის დატყმული ბურთი მოხვდა და ტიბო კურტუა უშანსოდ დატოვა.

თითქოს, პირველი ტაიმი პსჟ-ს უნდა მოეგო, მაგრამ... პირველი ნახევრის უკანასკნელ წამებზე, ობი მიკელმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა, დიეგო კოშტას აქტიურობა დაუფასა და უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.

მეორე ტაიმის პირველი მომენტი "ჩელსიმ" შექმნა - ვილიანმა დიეგო კოშტა ტრაპთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ესპანელმა გოლკიპერს ისევ ვერ აჯობა. რასაკვირველია, მასპინძელ "პარი სენ-ჟერმენს" აქტიურობა ჰმართებდა და მასპინძლებმა მოიპოვეს კიდეც ტერიტორიული უპირატესობა, სათამაშოც. გააქტიურდნენ ფლანგები - მარკინიოსმა და მაქსველმა გაამწვავეს. სცადა დი მარიამაც, შესანიშნავი მომენტი ჰქონდა ბლეზ მატუიდის, რომელმაც ზლატანის დარტყმულს დაამატა, მაგრამ ივანოვიჩი კლდესავით იდგა. ამასობაში, ერთი "ჩელსიმაც" უჩხვლიტა - შეცვლაზე შემოსულმა ოსკარმა კინაღამ შეეგდო. კინაღამ არ ითვლება და ასევე შეცვლაზე შესულმა ედინსონ კავანიმ გამოსვლიდან ცოტა ხანში გაიტანა, მას დი მარიამ უპასა და ურუგვაელმაც ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა.

სულ ბოლოს, იბრაკადაბრას კარგი მომენტი ჰქონდა, რომ სხვაობა გაეზარდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, ბურთი კურტუას მოხვდა. ის კი არა, მერე პედრომ კინაღამ გაათანაბრა კიდეც.

მოგება კარგია და პარიზელებმა ეს დაიმსახურეს, მაგრამ არის კი 2:1 ის ანგარიში, რომელიც ჰიდინკის "ჩელსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" საპასუხო მატჩის წინ საკმარისი?

პსჟ-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (39), 1:1 ობი მიკელი (45+1), 2:1 კავანი (78)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი (81. რაბიო), მატუიდი (81. პასტორე) - ტიაგო მოტა - ლუკასი (74. კავანი), დი მარია, იბრაჰიმოვიჩი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბა - ფაბრეგასი, ობი მიკელი - პედრო, ვილიანი, აზარი (71. ოსკარი) - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი, ლუკასი, ლუისი - ობი მიკელი, პედრო
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 16-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 20(8)-9(4) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 46 505
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული