10:05 18-02-2016
პსჟ-ჩელსი. გამოხმაურება: როცა არც არაფერია დაკარგული და არც მოპოვებული
AutoSharing Option
პირველმა მატჩმა ნათლად გამოაჩინა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ პარიზელებს წყვილში უდავო ფავორიტის სტატუსის გამართლება გაუჭირდებათ.
ცბიერმა გუს ჰიდინკმა, დაცვაში სერიოზული პრობლემების მიუხედავად, საფრანგეთის დედაქალაქში "ჩელსი" საკმაოდ კარგად ათამაშა. ინგლისის დედაქალაქელებმა კი წააგეს (1:2) და აშკარად მეორე ნომრად თამაშობდნენ, მაგრამ რამდენიმე მწვავე მომენტი ჰქონდათ და მეორე გოლიც რომ გაეტანათ...
ასე რომ, "სტემფორდ ბრიჯზე" დიდი ომი გველის, არც ამ გუნდების წინა სეზონის პაექრობა გვავიწყდება და არც იქამდელი. ჰიდინკი პსჟ-ს აქებს და ადიდებს, მაგრამ იმასაც ამბობს, შანსები ისევ 50/50-ზეაო. ლორან ბლანი კი ანგარიშით აღფრთოვანებული ვერ დარჩა, მაგრამ თავისი ბიჭების თამაში ძალიან მოეწონა და საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ჩანს.
გუს ჰიდინკი (ჩელსი): "ისეთი შემადგენლობის, როგორიც პსჟ-ს ჰყავს, მხოლოდ თუ შეგშურდება. ეს ძალიან ძლიერი გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში უაღრესად რთულია. შეგვეძლო, კონტრშეტევებზე უფრო მწვავედაც გვეთამაშა, უკეთ დაგვესრულებინა ისინი. წაგება არ მახარებს, მაგრამ 1:2 არც ისეთი კოშმარული ანგარიშია. ჩემმა ბიჭებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს, არა მხოლოდ მცველებმა, შუახაზელებიც მშვენივრად ეხმარებოდნენ დაცვას.
ზუმასა და ტერის არყოფნაში, ბუნებრივია, გარკვეული გადაადგილებები გვესაჭიროებოდა და თუ ამას გავითვალისწინებთ, კარგად ვითამაშეთ. მატჩის დასაწყისში თითქოს დაგვავიწყდა, ფეხბურთს როგორ თამაშობენ და ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ მერე მოვუმატეთ და შანსები გვქონდა. ცოტა არ გვიმართლებდა ბოლო პასისას. შეხვედრამ მაღალ ტემპში ჩაიარა და კარგი სანახავი გამოდგა. ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს. პსჟ-ს უყვარს შეტევა და ლამაზი ფეხბურთი. ამ კლუბის წინააღმდეგ მუდამ მობილიზებული უნდა იყო და უმაღლეს დონეზე ითამაშო.
პარიზელების მეორე გოლი მათთვის ტიპური გახლდათ. "პარი სენ-ჟერმენს" აქვს თვისება, რომ შენი პატარა სისუსტეც კი გამოიყენოს. თუ ოდნავ მოდუნდი, თუნდაც წამით, უმალვე სახიფათო მომენტი შეიქმნება და დიდი შანსია, დაისაჯო. პსჟ ძალიან ჭკვიანურად თამაშობს და წინ საინტერესო და რთული საპასუხო მატჩია".
ლორან ბლანი (პსჟ): "2:1 საუკეთესო ანგარიში არ არის, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ. ეს ძალიან დატვირთული, დაძაბული და კარგი მატჩი იყო. ედინსონ კავანიმ დაადასტურა, რომ ნებისმიერ მომენტში მზად არის და თითოეული შანსის გამოყენება შეუძლია. იმედია, ეს გოლი მას თავდაჯერებას დაუბრუნებს და შემატებს. იგი დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მძიმე პერიოდი ჰქონდა და იმედია, ეს დასრულდა. მისი წარმატება ძალიან მახარებს, თუმცა, ცხადია, ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის გოლიც გამახარებდა.
შესვენების მერე ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან სასტვენამდე წამებით ადრე გავუშვით გოლი, რომელიც, წესით, თავიდან უნდა აგვერიდებინა, უყურადღებობის გამო ბურთი დავკარგეთ, რასაც კუთხურები და გოლი მოჰყვა. ბიჭებს ვუთხარი, რომ იმავე სტილში და შემართებით გაეგრძელებინათ. საკუთარ ფილოსოფიას არ გადავუხვიეთ და ჩვენი თამაში ვითამაშეთ, რამაც მოგვაგებინა კიდეც. შესაძლოა, დიდი უპირატესობა არ არის, მაგრამ მეტის გატანაც შეგვეძლო და ბიჭებმა კარგად ითამაშეს.
საპასუხო თამაშიც, სავარაუდოდ, მსგავს სტილში ჩაივლის. პარადოქსია, მაგრამ როდესაც შინ თამაშობ, პირველ რიგში, დაცვაში უნდა აჩვენო უმაღლესი დონის ფეხბურთი, რადგან ყბადაღებული საგარეო გოლი არ გაუშვა. "ჩელსიმ" ამ გოლის გატანა შეძლო და ახლა ჯერი ჩვენზეა, გავაკეთებთ თუ არა იმავეს "სტემფორდ ბრიჯზე".
ჩვენი ამბიცია და მიზანი გატანა იქნება, რაც ადვილი არ არის, თან თავი კარგად უნდა დავიცვათ და თან შვეუტიოთ. თუმცა ამის პოტენციალი გვაქვს. სიმართლე ითქვას, "ჩელსისაც" ჰქონდა ერთი-ორი კარგი შანსი და კევინ ტრაპმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ 2:1 ბოლომდე მაინც არ ასახავს ჩვენს კარგ თამაშს.
"ჩელსი" ახლა შედის ფორმაში და უფრო და უფრო უმატებს. ამ გუნდს 2-3 ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომელსაც მატჩისთვის ტემპის მიცემა და ყველაფრის შეცვლა შეუძლია. არა მგონია, რომ ლონდონელებმა თავიანთი სტილი შეცვალონ და ამას არც ჩვენ ვაპირებთ. შესაბამისად, ისევ ღია თამაშს ველოდები, რომელშიც მომენტები შეიქმნება და იმედია, გოლებიც გავა.
ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო სეზონში. საუკეთესოდ, შედეგის მიუხედავად, მადრიდში "რეალთან" ჩატარებულ თამაშს დავასახელებდი, რადგან "ჩელსიმ" ბურთი თავადაც დათმო და კონტრშეტევებზე თამაშის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, ხოლო "რეალს" ბურთის დათმობა არ სურდა, მაგრამ ჩვენ ის მოვიპოვეთ და კარგადაც ვითამაშეთ. "ჩელსისთან" შეხვედრა და ნაჩვენები თამაში ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვართ და ეს უფრო გაგვაძლიერებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული