არსენალი VS ბარსელონა - აბრაკადაბრა და საოცრება თავისით ხდება

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილებიდან ყველაზე გამორჩეულები ითამაშებენ. ლონდონსა და ტურინში ფეხბურთის ზეიმს ველოდებით.

ლონდონის "არსენალი" უდავოდ დიდი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი წვრთნის, მაგრამ დღეს მისი მეტოქე კიდევ უფრო დიდი გუნდია - ლიგის ამჟამინდელი ჩემპიონი "ბარსელონა".

არსენ ვენგერი (არსენალი): "სრულყოფილი გუნდები არ არსებობენ და სრულყოფილი არც "ბარსელონაა", მაგრამ ეს გუნდი ყველაზე ახლოსაა ამ განსაზღვრებასთან. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი, რაც მოგვეცემა. სხვანაირად "ბარსასთან" დაპირისპირებაში სახარბიელოს არაფერს არ უნდა ელოდო. ბურთი უფრო ნაკლებად გვექნება, ვიდრე "ჰალთან" მატჩში. მეტოქე ძალიან ძლიერია, მას
ტოპ-თავდასხმა ჰყავს.

შეიძლება იმის თქმა, რომ ჩავის წასვლის მერე "ბარსა" ბურთს ნაკლებად აკონტროლებს, მაგრამ რად გინდა - "ბარსა" ყოველ მომენტში საშიშია. ასე იყო ფინალში "იუვენტუსთან" 1:1-ზე. თითქოს, "ბარსას" უჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო. მე მახსოვს ლუის ენრიკე, როგორც ფეხბურთელი - "უემბლიზე" გოლი გაგვიტანა. ლუის ენრიკეს სკეპტიკურად შეხვდნენ, მან კი სამი ტიტული მოიგო.

2006 წლის ფინალი მახსოვს, მაშინ მესი ტრავმირებული იყო. საოცარია, რას მიაღწია ამ ბიჭმა 10 წელიწადში".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ფურცელზე ისე ჩანს, რომ ჩვენი დაპირისპირება ყველაზე თვალსასეირო უნდა გამოვიდეს. "არსენალი" კარგი გუნდია, რომელსაც შეტევაში დიდებული ბიჭები ჰყავს. შემოგვიტევენ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, მათ ნახევარზე დავსახლდეთ და ჩვენი თამაში მოვახვიოთ მეტოქეს. ამ დაპირისპირებაში ფავორიტობა არაფერს ნიშნავს, ეს ცარიელი სიტყვებია.

ეს ჩვენ მოედანზე უნდა დავამტკიცოთ ორივე დაპირისპირებაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გუნდი მყავს. წინ ისეთი სამეული მყავს, თამაშის წინ ვეუბნები "აბრაკადაბრას" და მოედანზე სასწაულები ხდება".

გასულ უქმეებზე
"ბარსელონამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ლას პალმასი". გოლები პირველ ტაიმში ლუის სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს. "ბარსას" გაუჭირდა, რადგან ძალებს აშკარად "არსენალისთვის" ინახავდა.

"არსენალმა" საქმე გაირთულა ასოციაციის თასზე, როცა "ჰალ სიტის" ვერ მოუგო - 0:0. ახლა გადათამაშება ქვედალიგელის მოედანზე გაიმართება.

ურთიერთშეხვედრები
2010/11 წლების სეზონის მერვედფინალის პირველი მატჩიც ლონდონში გაიმართა. დავიდ ვილიას გოლს მასპინძლებმა რობინ ვან პერსისა და ანდრეი არშავინის გოლებით უპასუხეს. "ბარსამ" ბრძოლა მაინც გააგრძელა, რადგან "კამპ ნოუზე" 3:1 მოიგო, ლეო მესიმ დუბლი შეასრულა. მეორე გოლი პენალტით გადამწყვეტი იყო, რადგან ჩავის გოლის მერე თამაში დამატებით დროში გადადიოდა. ინგლისელთაგან გოლი ბუსკეტსმა "გაიტანა".

წინა სეზონში ეს გუნდები მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, მეორეში კი "ბარსამ" მესის პოკერით 4:1 მოიგო.

2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "სტად დე ფრანსზე" გაიმართა და "ბარსამ" 2:1 მოიგო. "არსენალი" პირველ ტაიმში 10 კაცის ამარა დარჩა, იენს ლემანი გააძევეს. "ბარსას" გოლები სამუელ ე'ტოოსა და ბელეტის ანგარიშზეა, წაგებულთაგან თავი სოლ კემპბელმა გამოიჩინა.

1999/2000 წლების სეზონში გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ლუის ენრიკემ ორივე მატჩში გაიტანა - "კამპ ნოუზეც" (1:1) და "უემბლიზეც" (4:2).

სამშაბათი. 23 თებერვალი
არსენალი-ბარსელონა 23:45
დისკვალიფიკაცია: არდა თურანი (ბარსელონა)
ტრავმა: გაბრიელი, არტეტა, როსიცკი, კასორლა, უილშირი - რაფინია
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, კოკელინი - უოლკოტი, იოზილი, სანჩესი - ჟირუ
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ტამაჰებს რომელ არხებზე ვუყუროტ და რა დროს გტხოვტ გაგვიმარტოტ
baxarak
09:47 24-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული