დინამო (კ) VS სიტი - როცა მეტოქეს ნახევარი გუნდის ფასი ვარსკვლავი ჰყავს

AutoSharing Option
კიევის "დინამო" ტონუსში ვერაა, რადგან ბოლო ოფიციალური მატჩი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დეკემბერში ჰქონდა, მაგრამ ისტორია უკრაინელთა მხარესაა "სიტისთან" დაპირისპირებაში.

ინგლისელთათვის პრობლემა ტრავმირებულთა სიუხვეცაა - "სიტის" ლამის ყველა ხაზში თითო მოწინავე ფეხბურთელი აკლია. განსაკუთრებით დიდი დანაკარგი კი, რა თქმა უნდა, კევინ დე ბრუინის არყოფნაა.

სერჰი რებროვი (დინამო კიევი): "სიტის" ბოლო წაგებები არაფერზე მეტყველებს, საკმარისია ითქვას, რომ "სიტის" პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი "ლესტერთან" ერთად.

იმის მიუხედავად, რომ ბევრი ფეხბურთელი აკლიათ, გუნდში მაინც ბლომად მაღალი კლასის ვარსკვლავია, ზოგიც - მსოფლიო კლასის.
საშინაო ფორმა ბევრს არ ნიშნავს, რადგან ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ტურნირია, აქ სულ სხვანაირად შეიძლება წარიმართოს მოვლენები. გასულ უქმეებზე კარგად გამოჩნდა, რა არის "სიტის" პრიორიტეტი - ჩემპიონთა ლიგა. კარგად გავაანალიზეთ მეტოქის შესაძლებლობები. მათი წინა ხაზი საშიშრად ძლიერია - სილვა, სტერლინგი, აგუერო... აგუერო ახლა ნახევარ გუნდს უდრის, ისეთ ფორმაშია.

კომპანის დაბრუნებით კი "სიტის" დაცვაც გაძლიერდა. თუმცა ჩვენ "სიტის" სისუსტეებიც აღმოვაჩინეთ და იმედია, ჩვენი ფეხბურთელები ამას გამოიყენებენ. ყველა მოწინავე ფეხბურთელი საბრძოლო განწყობაზეა, იარმოლენკოს ჩათვლით. იარმოლენკო ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

მანუელ პელეგრინი (სიტი): "იმ შემადგენლობით ვითამაშებთ, რომლითაც პრემიერლიგის ბოლო მატჩში გავისარჯეთ. ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო, მაგრამ, რადგან მხოლოდ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი მყავდა, კვირის თამაში "ჩელსისთან" თასზე ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ეს ძალიან ცუდია და ცუდი შედეგიც მივიღეთ, მაგრამ კიდევ ვინმეს ტრავმის გამო დაკარგვა ჩვენს შანსებს ხვალისთვის ერთობ შეამცირებდა.

ახლა შემორჩენილ ტურნირებზე ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მოვიგეთ ჯგუფური ეტაპი და ფავორიტობა მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ყველამ იცის, რომ სეზონის მერე მივდივარ, მაგრამ ეს პრობლემას არ გვიქმნის, ჩვენ ყველანი კონკრეტულ მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩემი სურვილია, ბიჭებმა აჩვენონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ".

გასულ უქმეებზე
კიევის "დინამოს" ოფიციალური მატჩები წლეულს არ ჰქონია და თავს სპარინგებით იქცევს.

"მანჩესტერ სიტი" სასტიკად შერცხვა ასოციაციის თასზე - სტუმრად "ჩელსისთან" 1:5 წააგო, მაგრამ მანუელ პელეგრინის გუნდის შემადგენლობა ექსპერიმენტული იყო.

ურთიერთშეხვედრები
2010/11 წლების ევროპალიგის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. კიევში ანდრეი შევჩენკოსა და ოლეგ გუსევის გოლებით "დინამომ" 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩში "სიტიმ" ალექსანდარ კოლაროვის საჯარიმო დარტყმით 1:0 მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე უკრაინული ფეხბურთის გრანდი გავიდა.

ოთხშაბათი. 24 თებერვალი. 23:45 საათი
დინამო (კ)-მანჩესტერ სიტი
დისკვალიფიკაცია: ანტუნეში (დინამო)
ტრავმა: მოროზიუკი, რიბკა (?) - დე ბრუინი, დელფი, ხესუს ნავასი, მანგალა (?), ბონი, სანია (?)
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო კ. (4-5-1): შოვკოვსკი - დ. სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა - რიბალკა, გარმაში, სიდორჩუკი, გონსალესი, იარმოლენკო - ტეოდორჩიკი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, ფერნანდო - დ. სილვა, ი. ტურე, სტერლინგი - აგუერო
მსაჯი: მატეო ლაოსი (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული