ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: როცა თავს ზემოთ "ბარსაა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როდესაც ერთმანეთის პირისპირ ისეთი გუნდები თამაშობენ, როგორებიც ლონდონის "არსენალი" და "ბარსელონა" არიან, საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინში ვართ. მით უმეტეს, ორივე გუნდი შემტევ, ლაღ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.

მოკლედ, მოლოდინი დიდი იყო, ავანსებიც ბევრი გაიცა, მაგრამ, სამწუხაროდ, განსაკუთრებული ვერაფერი ვიხილეთ.

პირველი ტაიმი ბურთის უაზრო გორებაში გაილია, სახიფათო მომენტები კი თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა. ლონდონელებს ერთხელ ჰქონდათ გატანის რეალური შანსი, სტუმრებს კი ორჯერ და ეს ორივე შანსი ლუის სუარესმა გაატანა ქარს.

"ბარსელონას" მომენტები პირველი ტაიმის მიწურულს შეიქმნა და, თითქოს, ეს ნიშანი იყო იმისა,
რომ მეორე ნახევარში ინგლისელებს კარგი დღე არ დაადგებოდათ.

მეორე ნახევარში, "ემირეიტ სტედიუმზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ორი გოლი იხილეს და მათდა სამწუხაროდ, ორივე "არსენალის" კარში, დუბლი კი ლიონელ მესიმ მიითვალა.

პირველი გოლი შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა და მაშინ გავიდა, როდესაც თამაშის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი. სტუმრებმა ჩვეულ სტილში გაითამაშეს კომბინაცია, საგოლე პასი კი ნეიმარმა მიითვალა.

მეორე გოლი 84-ე წუთზე გავიდა. ის კი მთლიანად არგენტინელის დამსახურებაა: მესიმ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ივარგა, მცველს ბურთი ფეხიდან აწაპნა, კოჭებში მოხვდა და მინდორზეც გაგორდა - შედეგად, თერთმეტმეტრიანი, რომელიც თვითონ დაზარალებულმა შეასრულა და "ბარსელონას" ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

"არსენალი" შეეცადა ვითარების გამოსწორებას, არსენ ვენგერმა თეო უოლკოტის შემდეგ დენი უელბეკიც ჩართო საქმეში, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.

"ბარსელონა" გაცილებით ძლიერია და ლონდონურმა მატჩმა ეს ნათლად დაგვანახვა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს - სტუმრებმა 10-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც მასპინძლებმა მხოლოდ სამჯერ სცადეს ბედი. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" დიდი უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაშიც და სხვა ნებისმიერ კომპონენტში.

"არსენალმა" თავს ზემოთ ახტომა სცადა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, "ბარსამ" კი სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს ფორა საკუთარ კედლებში გაანიავოს.

ეს ისტორია ბევრჯერ გვინახავს: ველით ბრძოლას და ვუყურებთ "ბარსელონას" სრულ დომინაციას.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
არსენალი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 მესი (71), 0:2 მესი (84-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშენლი, მონრეალი - რემზი, კოკელინი (82. ფლამინი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (50. უოლკოტი), იოზილი, ა. სანჩესი - ჟირუ (72. უელბეკი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - ნეიმარი, მესი, ლ. სუარესი
გაფრთხილება: მონრეალი - პიკე
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 3-10 (2-4); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 60 000

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდი დაფრინავს რა არსენალი :D:D
0
დღეს ბარსელონაა ერთად ერთი გუნდი რომელიც შესანიშნავ საფეხბურთო შოუს გვაყურებინებს ყოველ თამაშზე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული