გამოხმაურება: ჩეხთან მოგებული დუელი და "არსენალის" გალობანი სინანულისანი

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "არსენალი" "ბარსელონასთან" პირველ შეხვედრაში საკუთარ "ემირატებზე" დამარცხდა - 0:2. სანამ კატალონიელები ანგარიშს გახსნიდნენ და წინ გავიდოდნენ, "მეთოფეებს" ორი მომენტი ჰქონდათ - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსა და ოლივიე ჟირუს შეეძლოთ გატანა.

"ბარსასთან" ასეთი შანსები უნდა გამოიყენო, თორემ კატალონიელები დაგსჯიან და დასაჯეს კიდეც... საბოლოოდ, ლუის ენრიკეს გუნდმა აკადემიურ სტილში მოიგო და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხედფინალში შეაბიჯა. თუმცა არსენ ვენგერი იმედს ჯერ ბოლომდე არ იწურავს.

"მომენტების რეალიზაციის მხრივ პრობლემები გვქონდა. ასეთ მეტოქესთან ასეთი შანსები უნდა გამოიყენო. მატჩის უკანასკნელი მესამედი ცოტა სუსტად ჩავატარეთ და რაღაც
გვაკლდა. "ბარსელონა" 95%-ით შემდეგ ეტაპზეა, მაგრამ "კამპ ნოუზე" წასაგებად და ბოლომდე უშანსოდ არ ჩავალთ" - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "არსენალი" შინ დამარცხდა "მონაკოსთან" - 1:3 და მერე გასვლაზე დიდ უპირატესობას კი ფლობდა და 2:0-იც მოიგო, მაგრამ ეს აღარ ეყო. ცხადია, "ბარსელონა" "მონაკო" არ არის, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი მაინც ხედავს რაღაც მსგავსებებს.

"დასანანი ის არის, რომ გოლი ზუსტად იმ მომენტში გავუშვით, თანაც უყურადღებობისა და უიღბლობის გამო, როდესაც უპირატესობა მოვიპოვეთ. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავდა "მონაკოსთან" შარშანდელ დაპირისპირებას.

არადა, თითქოს, თავს დისციპლინირებულად ვიცავდით და 0:0 არცთუ ცუდი შედეგი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ პირველი გოლი თავიდან ვერ ავიცილეთ, ეს მომენტი ჩვენი ბრალია და ამას გამართლება არ აქვს. ისინი ჩვენზე უკეთესები არიან და ახლა მეტი პოტენციალი აქვთ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მჯერა, ამ შეხვედრას მოვიგებდით, ასევე რომ გაგვეგრძელებინა და ბოლომდე კონცენტრირებულნი ვყოფილიყავით" - განმარტა ვენგერმა.

როგორც აღვნიშნეთ, ლონდონელთა მხრიდან ყველაზე აქტიურები ჟირუ და ოქსლეიდ-ჩემბერლენი იყვნენ. ხოლო მათ, ვისგანაც უფრო ველოდით, ბევრი ვერაფერი გააკეთეს - ექსბარსელონელმა ალექსის სანჩესმა და ექსრეალელმა მესუთ იოზილმა.

"პირველი ტაიმის მერე შეცდომებს ვუხშირეთ. ცოტა მოუთმენლად ვთამაშობდით და ხარვეზებმაც იმატა. ისეთ სიტუაციებში ვკარგავდით ხოლმე ბურთს, როგორშიც როგორც წესი, არ ვკარგავთ ხოლმე და ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ "ბარსელონა" გვაიძულებდა; ჩვენით ვუშვებდით ამ შეცდომებს, პასებით ვერ ვთამაშობდით, ეს ცუდია. ცუდი და არასასიამოვნოა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შინ 0:2-ის წაგებაც, არადა, გასახდელში ისეთი განწყობა იყო, რომ ყველას გვჯეროდა, მოგება შეგვეძლო. დასანანია" - დაიწუწუნა მუსიე არსენმა.

ამასობაში, საფეხბურთო მიმომხილველი ფილ მაკნალტი "არსენალის" შემადგენლობის მზაობას აყენებს ეჭვქვეშ და ამბობს, ჟირუს რას ვერჩი, აქტიურიც არის და მშვენიერი ფორვარდია, რომელიც პრემიერლიგაში კარგად გამოიყურება, მაგრამ არის კი მსოფლიო დონის მოთამაშეო?

მსოფლიო დონის ნამდვილად არის ლიონელ მესი, რომელსაც თავისი ანგარიშები ჰქონდა პეტრ ჩეხთან, ვისთვისაც გოლი ვერაფრით გაჰქონდა და ეს ნავსიც გატეხა. ლეომ მშვენიერი კომბინაციისა და ოსტატური პაუზის მერე გაიტანა პირველი და მეორე, თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით შეაგდო.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ვიპოვეთ სივრცე, რომელიც გვჭირდებოდა და პირველ ტაიმში გვაკლდა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. კონტრშეტევისას ყველამ კარგად ითამაშა, საბოლოოდ ნეიმარმა გადაცემა გამიკეთა და გატანა მოვახერხე. დიდებულია ნეიმართან და სუარესთან ერთად თამაში, ერთმანეთს მართლაც ძალიან კარგად ვუგებთ. რაც მთავარია, მართლაც მეგობრები ვართ, ეს საქმეს გვიადვილებს და ასეთი ფეხბურთის ჩვენება უკეთ გამოგვდის" - თქვა MSN-ის მთავარმა კაცმა და მატჩის საუკეთესოდ დასახელებულმა მესიმ.

"რამდენიმე მომენტი მქონდა და ერთ ეპიზოდში გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ტერ შტეგენმა საოცრად ითამაშა და ბურთი როგორღაც მოიგერია. შესაძლოა, ეს შეხვედრის გარდამტეხი მომენტიც იყო. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

პირველ ტაიმში მართლაც მშვენივრად და მწვავედ გამოვიყურებოდით, შანსებიც გვქონდა და სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ. ახლა შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ ვიბრძოლებთ. ადრეც მითქვამს, რომ საკუთარ მომენტებს უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ასევე შეიძლებოდა გაშვებული გოლების თავიდან არიდებაც, რაც მეტ შანსს დაგვიტოვებდა" - სინანულით აღნიშნა ჟირუმ.

ლუის ენრიკე: "ყველაფრით კმაყოფილი ვარ, აბსოლუტურად ყველაფრით. არ ყოფილა დეტალი, რამაც უკმაყოფილო დამტოვა. მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ორრაუნდიანი დუელი ჯერ არ დამთავრებულა. საპასუხო შეხვედრაშიც მოსაგებად გავალთ მინდორზე".

სტატისტიკა
* ლიონელ მესის 10 საათისა და 11 წუთის განმავლობაში ვერ გაჰქონდა გოლი პეტრ ჩეხისთვის და ჩეხ გოლკიპერთან მე-7 დაპირისპირებაში მოახერხა ნავსის გატეხვა და მისთვის გოლის გატანა.

* ახლა მესის უკვე ჩემპიონთა ლიგის 51-ე შეხვედრაში აქვს მინიმუმ 1 გოლი გატანილი. ამ მხრივ მას რაული (56) და რონალდო (60) უსწრებენ.

* მხოლოდ 47 წამი იყო გასული იქიდან, როდესაც მატიე ფლამინი მინდორზე შემოვიდა და პენალტი "აიკიდა".

* "ბარსელონა" უკვე 33 ოფიციალური მატჩია, წაუგებლადაა ყველა ტურნირის ჩათვლით. ეს კატალონიელების რეკორდია და ესპანური გუნდის რეკორდი 34-თამაშიანი დაუმარცხებელი სერიაა, რომელიც მადრიდის "რეალმა" 1987/88 წლების სეზონში გამოაცხო.

* "არსენალმა" 14 შედეგიანი თამაშის მერე, ჩემპიონთა ლიგის მატჩი გოლის გატანის გარეშე ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული