ატლეტიკო VS პსვ - ერთით მეტი, ვიდრე მეტოქემ

AutoSharing Option
დღეს მადრიდსა და მანჩესტერში კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. ორივე მატჩის ფავორიტი აშკარაა, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

* "პსვ ეინდჰოვენმა" ბოლო 25 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო.

* მადრიდის "ატლეტიკოს" ბოლო 8 შეხვედრაში არ წაუგია.

* პირველი მატჩიდან საპასუხომდე ანტუან გრიზმანმა ოთხივე ტურის მატჩებში გაიტანა.

"ატლეტიკოს" პირველ მატჩში სტუმრად 0:0 აქვს ნათამაშები. მისი ფორვარდი ანტუან გრიზმანი აშკარად დიდებულ ფორმაში შევიდა, მაგრამ დიეგო სიმეონე მაინც აფრთხილებს შეგირდებს, რომ პსვ-ს დაუფასებლობა არაფრით არ შეიძლება.

ლუკი ბრუნდება
ერთმანეთს ორი
ისეთი გუნდი ხვდება, რომელთაგანაც, რა თქმა უნდა, სხვა სიკეთეებთან ერთად, ერთს დიდებულად შეუძლია საკუთარი კარის დაცვა, მეორეს კი - შეტევა.

პირველი რაუნდი "ატლეტიკოს" დაცვასა და "პსვ ეინდჰოვენის" შეტევას შორის ესპანურმა გუნდმა მოიგო და სამართლიანადაც ითვლება ფავორიტად. ჰოლანდიურ გრანდს მართლაც ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. რამდენად კარგები არიან ისინი, "ვისენტე კალდერონზე" გამოჩნდება.

ჰოლანდიელებს უბრუნდებათ მთავარი დამრტყმელი ძალა - ბომბარდირი ლუკ დე იონგი, რომელიც პირველ თამაშში დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ იმავე მიზეზის გამო პსვ-ს მადრიდში არ ეყოლება გასტონ პერეირო, რომელმაც ეინდჰოვენში წითელი ბარათი მიიღო. საეჭვოა ანდრეს გუარდადოს თამაში, თუმცა, წესით, მექსიკელმა უნდა შეძლოს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასვლა.

"ატლეტიკოს" ძალიან ცოტა საკადრო პრობლემა აქვს, სავიჩი სულაც არ ითვლება სასტარტოს ფეხბურთელად, ხოლო ტიაგო თითქმის მთელი სეზონია, ტრავმირებულია და დიეგო სიმეონემ უკვე გადააწყო ნახევარდაცვის ხაზი და "ატლეტიკოც" ტიაგოს გარეშე თამაშს შეეჩვია.

პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გუნდი სათანადო ფორმაშია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამშაბათსაც ასე იქნება. ვიმედოვნებ, რომ გრიზმანი კვლავ განაგრძობს გოლების გატანას, რომელიც ასე ძალიან გვესაჭიროება. გუნდის სხვა წევრებიც ისევე კარგად ითამაშებენ, როგორც ბოლო შეხვედრებში. ჩვენი დავალება ერთი შეხედვით მარტივი და გასაგებია - უნდა გავიტანოთ ერთი გოლით მეტი მეტოქეზე.

სამწვრთნელო შტაბი ვფიქრობთ, ხომ არ სჯობს, ამ შეხვედრაში "ატლეტიკომ" სულაც 4-3-3 სისტემით ითამაშოს. პსვ ძალიან კარგია კონტრშეტევებზე. ისინი კარგად იყენებენ სივრცეებს, მათი მეორე ხაზი უბრალოდ დიდებულია და ლუკ დე იონგი მათი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა".

ფილიპ კოკუ (პსვ): "ჩვენი მთავარი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხერხით მივაღწევთ ამას. იყოს თუნდაც, მატჩისშემდგომი პენალტების სერია.

0:0-ისთვის თამაში კი რთულია. ამიტომ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მარტო დაცვაზე არ უნდა ვიფიქროთ. დარწმუნებული იყავით, პსვ ბოლომდე იბრძოლებს, გამარჯვების ან ფრისთვის. ეს ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. პსვ-ისთვის უცხო არ არის დიდ ქალაქებში, დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში. სიმეონემ ბოლო წლებში ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა "ატლეტიკო".

გასულ უქმეებზე
მადრიდის "ატლეტიკომ" ძალიან იოლად დაამარცხა "დეპორტივო", რომელსაც ბოლო მატჩებში კრიზისი აქვს - 3:0. გოლები საულ ნიგესმა, ანტუან გრიზმანმა და ანხელ კორეამ გაიტანეს. "ატლეტიკო" მეორე ადგილზეა და "ბარსას" 8 ქულით ჩამორჩება.

პსვ "ჰეერენვენს" 1:1 დაუზავდა. გუნდი აგებდა, მაგრამ 56-ე წუთზე ლუკ დე იონგმა გაათანაბრა ნარსინგის პასით. პსვ პირველია და მომდევნო ტურში მეორეადგილოსან "აიაქსს" ხვდება.

სამშაბათი. 15 მარტი
ატლეტიკო-პსვ 23:45 (0:0)
დისკვალიფიკაცია: - პერეირო
ტრავმა: სავიჩი, ტიაგო - გუარდადო (?), ლესტიენი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო, ს. ნიგესი - გრიზმანი, ფ. ტორესი
პსვ (4-3-3): ზოეტი - არიასი, ბრუმა, მორენო, ვილემსი - გუარდადო, პრიოპერი, ვან გინკელი - ნარსინგი, დე იონგი, ლოკადია
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული