ატლეტიკო-პსვ 0:0 (პენ. 8:7) - ნერვების წყვეტა "კალდერონზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* მადრიდის "ატლეტიკომ" ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიაში დაამარცხა მხოლოდ პსვ.
* "ატლეტიკომ" წაუგებელი სერია 9 მატჩამდე გააგრძელა.

თურმე შესაძლებელია, რომ 120 წუთის განმავლონბაში 2-3 რეალური სახიფათო მომენტი შეიქმნას და თამაში მაინც ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგეს.

ნახევარმომენტები ბევრი იყო, როგორც სტუმართა, ისე მასპინძელთა კართან. პსვ-ს რიგებში რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა რთულია, რადგან ჰოლნდიელები უფრო გუნდურად მოქმედებდნენ. აი, მადრიდელთა რიგებში კი ფერნანდო ტორესის გამორჩევა შეიძლება. ვეტერანი ფორვარდი მეორე ნახევრის სტარტზე ჩაერთო თამაშში და სწორედ ის გახლდათ ყველაზე სახიფათო "ატლეტიკოს" შემადგენლობაში.

რაც შეეხება რეალურ სახიფათო მომენტებს - მასპინძელთა რიგებში გრიზმანს და ტორესს ჰქონდათ გატანის შანსი, პსვ-დან კი ლოკადიას. ტორესის და ლოკადიას მომენტები მეორე ტაიმში შეიქმნა და რაღაცით ჰგავდა ერთმანეთს - ორივეჯერ მეკარემ იყოჩაღა და ორივე ეპიზოდში მოგერიებული ბურთი ძელმა აისხლიტა.

იყო მაღალი ტემპი, ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, დინამიკა და მწვავე მომენტები როგორც ერთ, ისე მეორე კართან. თუ მაინც და მაინც სტატისტიკას ჩავეძიებით, უპირატესობა ესპანელებს ჰქონდათ - მარტო ის რად ღირს, რომ მათ 18-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მეტოქემ კი 9-ჯერ.

მასპინძლებს ბურთის ფლობაშიც ჰქონდათ უპირატესობა, კუთხურებშიც და სხვა კომპონენტებშიც, მაგრამ თამაში ისე მიილია, რომ "ატლეტიკომ" რეალური სათამაშო უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვა.

რა აკლდათ გუნდებს? - ყველაზე მეტად ფანტაზია და მრავალფეროვნება, რის გარეშეც შეტევა ხშირ შემთხვევაში მარცხდება დაცვასთან. ბუნებრივია, გუნდები არ რისკავდნენ და პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, რადგან პირველი მატჩიც 0:0 დასრულდა და გაშვებული გოლი ნებისმიერ გუნდს ურთულეს ვითარებაში ჩააგდებდა. შედეგად, უგოლოდ მიილია, როგორც ძირითადი 90 წუთი, ისე დამატებითი ნახევარი საათი და დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია.

რაც ორი მატჩის ჯამში ვერ გაიტანეს ფეხბურთელებმა, თერთმეტმეტრიანების სერიაში შეაგდეს. პენალტების სერია საოცრად დრამატული, დაძაბული და ემოციური გამოდგა - გუნდებმა 5-5 დარტყმა ზუსტად შეასრულეს, შემდეგ 2-2 შედეგიანი პენალტიც გაცვალეს და დადგა საბედისწერო მომენტი, როდესაც ბურთთან ლუსიანო ნარსინგი მივიდა და ხარიხას გაარტყა.

ჯერი ხუანფრანზე იყო, რომელსაც მიზანმა არ უმტყუნა და "ატლეტიკო" მეოთხედფინალში გავიდა.

სანამ ნარსინგი შესცოდავდა, მადრიდელთა დამრიგებელი, დიეგო სიმეონე მოექცა ყურადღების ცენტრში, რომელმაც ემოციურად მოუწოდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ, თავისი ფეხბურთელები კი გაამხნევა - თითქოს, გაჭრა სიმეონეს შეძახილმა - ვინ, ვინ და ის კი ნამდვილად იმსახურებს მომდევნო ეტაპზე გასვლას...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ატლეტიკო-პსვ 0:0 პენ. 8:7 (0:0)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი (89. ლ. ერნანდესი), ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ა. ფერნანდესი (56. ფ. ტორესი), ს. ნიგესი - გრიზმანი, კარასკო (75. კრანევიტერი)
პსვ (5-3-2): ზოეტი - არიასი, ბრუმა, მორენო, ისიმატი, ვილემსი (75. ბრენეტი) - პროპერი, გუარდადო, ვან გინკელი - ლ. დე იონგი (118. ნარსინგი), ლოკადია (87. ლესტიენი)
გაფრთხილება: - დე იონგი, ლოკადია, გუარდადო, ვან გინკელი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 18-6 (8-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 54 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული