* "ბარსელონა" ზედიზედ მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* ზედიზედ მეექვსედ, "არსენალი" მერვედფინალურ ეტაპზე ემშვიდობება ტურნირს.
* "ბარსელონას" წაუგებელი სერია უკვე 38 მატჩს ითვლის, აქედან ბოლო 9 "ბარსამ" მოიგო.
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ "ბარსელონასა" და "არსენალის" დუელმა არ გაამართლა და ამაში დამნაშავე ლოდონური გუნდია.
წესით და რიგით, პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას უნდა უწევდეს ნებისმიერ მეტოქეს, მაგრამ როგორც გამოჩნდა, არა "ბარსელონას", რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სულ სხვა დონეზეა და ჩემპიონთა ლიგის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია.
ორ-მატჩიანი დუელის ბედი ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც "ბარსელონამ" ორი უპასუხო გოლი მიართვა მეტოქეს და ნათელი გახდა, რომ საკუთარ კედლებში ამ უპირატესობას არ გაანიავებდა. ასეც მოხდა - საპასუხო მატჩი 18 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლუის სუარესმა შესანიშნავი პასით ნეიმარი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელს მიზანმა არ უმტყუნა - 1:0.
დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა და ყველა ძალიან ეფექტური. 51-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლონდონელებმა ფლანგიდან სახიფათო შეტევა წამოიწყეს, საბოლოოდ კი ბურთი ელ ნენის მიუგორდა და მანაც უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა, 1:1.
სტუმრებს, ალბათ, მცირე იმედი ჩაესახათ, რადგან კიდევ ორი გოლი უკვე მათ სასარგებლოდ შეცვლიდა ვითარებას, მაგრამ 65-ე წუთზე სუარესმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - ურუგვაელმა ფორვარდმა დანი ალვეშის ჩაწოდების შემდეგ ვარდნაში დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი ინგლისელთა კარის ბადეში ჩაეხვია - 2:1.
საბოლოო წერტილი ლიონელ მესიმ დასვა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და რბილი, ტექნიკური დარტყმით, მეკარეს ბურთი თავზე გადაატარა - 3:1.
ბუნებრივია, რომ "არსენალი" არ იდგა დაცვაში, რადგან დასაკარგი არაფერი ჰქონდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. ლონდონელებმა 16-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, არც კუთხურებში და რამდენიმე სხვა კომპონენტში ჩამორჩნენ მეტოქეს, მაგრამ სათამაშო უპირატესობა მთელი 90 წუთის განმავლობაში "ბარსას" მხარეს იყო და ეს ტაბლოზეც შესაბამისად აისახა.
მთლიანობაში, "ბარსელონამ" შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და თქმა არ სჭირდება, რომ დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ესპანელები ძალების დაზოგვით, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლიეს მეტოქეს და გადალახეს ლონდონური ბარიერი.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (16), 1:1 ელ ნენი (51), 2:1 ლ. სუარესი (65), 3:1 მესი (88)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, მასკერანო, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (77. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა (72. ს. რობერტო) - მესი, ნეიმარი, ლ. სუარესი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, გ. პაულისტა, კოშენლი, ნაჩო მონრეალი - ელ ნენი, ფლამინი (45. კოკლენი) - სანჩესი, იოზილი, აივობი (72. ჟირუ) - უელბეკი (73. უოლკოტი)
გაფრთხილება: თურანი - პაულისტა, ფლამინი, სანჩესი, ჟირუ
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-16 (8-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 90 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
02:21 17-03-2016
ბარსელონა-არსენალი 3:1 - ტრიომ დაიქნია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს ტრიო (მესი, ნეიმარი, სუარესი) + ინიესტა და საერთოდ მთელი ბარსელონა ერთი დიდი და გიჟური საფეხბურთო ხელოვნებაა, რომელიც შეიძლება მეტი ჩვენ ცხოვრებაში აღარც განმეორდეს!
0
0
რაღა უნდა ახსნას მეტი 2 სიტყვიან სათაურში ჩაატია მთელი აზრი :)))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული